logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: ბაჩანა ახალაია სახლში დაბრუნდა!!!
- +

14 ივლისი. 2018. 00:44

 

 

ეს სტატია 2012 წელს დამიწერია, ნოემბერში:

 

ბაჩანა ახალაია სახლში დაბრუნდა!!!

 

ბაჩანა ახალაია სახლში დაბრუნდა! სახლთან ის ჯიპის მარკის მანქანით მიიყვანეს, სახლში გაძლიერებული დაცვა შეყვა! მართალია აპარტამენტებში არაა, მაგრამ სადაც არის იქ, ყველაზე კარგი პირობებია. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, ხელისუფლება ჰუმანურია, ბაჩანა კიდევ ყოფილი რეფორმატორი.

 

ბაჩანა ახალაიას ახლა სიმარტოვე არ ჭირდება, უბრალოდ ახლა ის მარტო თუ არ იქნება, საქმე ძალიან ცუდად წაუვა. სახლში ბაჩანა ჩუმად შეიყვანეს, ერთი ღამე რომელმაც ახალაიას ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მძიმე აღმოჩნდა მისთვის.

 

ასეა, ადრე აქ ავტომატის კაკანით შედიოდა, ფეხზე წამოყრიდა პატიმრებს და ავტომატის კაკანის ფონზე „ფოქ სტროტს“ აცეკვებდა, ვინც გადარჩებოდა ხო კაი, თუ არადა კი გამოქონდათ ციხეებინად სისხლიანი კუბოები წყვილ-წყვილად. სახლში მისვლიდან მეორე დღეს მასთან „სტუმრად“ მისულ ჟურნალისტს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოდნავ მოტეხილი ეჩვენა. თურმე ახლა ის არც ხმამაღლა ლაპარაკობს, ჩურჩულებს და წვერიც ოდნავ მოშვებული აქვს. ბაჩოს ციხეში, სახლში გატარებული ერთი ღამე, მისი შეცოდების მიზეზიც შეიძლება გახდეს. წვერის გაპარსვასაც ვერ ასწრებს, თურმე...

 

წინ წავიდა ბაჩანა, ადრე ჟურნალისტისთვის ინტერვიუ მიეცა კი არა, კომენტარს არ გააკეთებდა, ახლა ლაპარაკის საღერღელი აქვს აშლილი. ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრები რომ ჩაცხრილა, მაშინ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა, ყველა ლაპარაკობდა, თავად კი დუმდა. ახლა სხვა დროა, ახლა უნდა ილაპარაკოს და თან წამებულის სახით, წამებულის ხმით. დაჩაგრეს ბაჩანა, არ იცოდა ციხეებში რა ხდებოდა, სისტემა გაეკონტროლებინა კი არა, ოჯახის წევრებს ვერ აკონტროლებდა, თურმე.

 

ეგრეა, ეგრე, ბაჩანა, „ყველაფერი კარგია რასაც შენზე წერენ ნეკროლოგის გარდა“ და თუ ჩერჩილისებურად გავაგრძელებთ ამ ფრაზას, ერთგვარი რეკლამაც კია, ახლა რასაც იტყვი.

 

გზა ყველაზე აგრესიულიდან საზოგადო მოღვაწემდე,

 

რთული იყო ბაჩანა-ბაჩო ახალაიასთვის. სიყმაწვილიდან კარგად აითვისა ავიც და კარგიც. ახლა ძალიან ცუდი ადამიანი უნდა იყო რომ თქვა ბაჩო ცუდი სტუდენტი და უნიჭო ახალგაზრდა იყოო, ეგაა მართლა ძალიან ცუდ დროს მოუწია „მოღვაწეობა“.

 

მართალია იმ დროს როცა ფეხი აიდგა ბაჩომ სხვებიც იდგამდნენ ფეხს და ყველასგან არ შექმნილა მონსტრი, მაგრამ ბაჩოს მიდრეკილება ჰქონდა პირველობისაკენ, როგორც ამბობენ, მიუხედავად ნიჭიერებისა ერთგვარად არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქონდა. ახალაიების ოჯახისათვის ყველაზე წარმატებული სააკაშვილის ეპოქის გარიჟრაჟი იყო, ამ დროიდან გაიცნო საზოგადოებამ ეს სამეული. სამიდან საზოგადო მოღვაწედ საბოლოოდ მხოლოდ ბაჩანა ჩამოყალიბდა, ისიც დაჭერის შემდეგ და ისიც ნუგზარ წიკლაურის დამსახურებით. მართალია, როცა ბაჩო დააკავეს ორი კაბა და ერთი შარვალი მიყვა პროკურატურამდე, ხოლო მოწოდების მიუხედავად სასამართლოს წინ აქცია რამდენიმე კაბიან უკაბო შარვლიანებმა გამართეს, მაგრამ, სამაგიეროდ, ბაჩანას მხარს მისი კლასელები და მისი ოჯახი უჭერს.

 

ოჯახი გასაგებია, მაგრამ კლასელების გავრცელებულმა განცხადებამ, მართლა გამაკვირვა: „მივმართავთ დღეს მოქმედ ხელისუფლებას, რომ გამჭირვალედ წარიმართოს ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი. ჩვენთვის მიუღებელია საჯარო მოხელის, ყოფილი თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის არაარგუმენტირებული და საფუძველს მოკლებული ბრალდებით დაკავება. ასევე მიუღებელია, საჯარო მოხელეთა განცხადებები, რომლებიც ამტკიცებენ რომ საქმის ვითარებას სიღრმისეულად არ იცნობენ, მაგრამ საჯაროდ ცნობილი, გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დარწმუნებულნი არიან, რომ ბაჩო ახალაია საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ვიცავთ და ვემხრობით მხოლოდ და მხოლოდ კანონის უზენაესობას, შესაბამისად, ნებისმიერი ბრალი წაყენებული ბრალდებულისადმი, საჭიროებს დეტალურ არგუმენტაციას და ამავდროულად გამჭირვალეობას, როდესაც საქმე საჯარო მოხელის სასამართლო პროცესს ეხება. სწორედ ამიტომ, როგორც საქართველოს მოქალაქეები და ქართული საზოგადოების წევრები, ვთხოვთ მოქმედ ხელისუფლებას მეტ პასუხისმგებლობას, მეტ გამჭირვალეობასა და ადამიანის უფლებების დაცვას, რაც გულისხმობს ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესების გამჭირვალეობას“. ძალიან საინტერესოა, როცა ახალაია ავტომატის კაკანით დარბოდა ციხეებში, მაშინ რას ამბობდნენ ამ განცხადების ავტორები, თუ ბედავდნენ და თუ ურეკავდნენ თანაკლასელს და თუ ეუბნებოდნენ დაამუხრუჭეო? თურმე კლასელებს ბაჩანასთან „ბავშვობის ბედნიერი წლები აკავშირებთ“. ჰო, ეტყობა, არა უშავს იმ წლებს, როცა ბაჩანა სხვებს უსპობდა ბედნიერებას. ახლა თუ ვინმე იტყვის რომ ეს ბრალდებაა და ბრალდებას მტკიცებულება ჭირდება, არც სხვათა მაგალითის გახსენება გამიჭირდება და არც საკუთარის დამოწმება. ეს სხვა თემაა და ამის გახსენების დროც მოვა, ახლა ერთი რამ მინდა ვთქვა მხოლოდ ხაზგასმით - რა კარგი ყოფილა დემოკრატია, ამოისუნთქეს, აბა ერთი ვინმეს გაებედა ბაჩანა მინისტრის საწინააღმდეგოდ სიტყვა, როგორი გამჭვირვალედ წარიმართებოდა გამოძიება, მაგასაც ვნახავდით. ისე, ვინც მაშინ ხმა ამოიღო, დღეს ზოგი „კუკიაზეა“ (პატიმრები) და ზოგიც გაქცეულია, მაგალითად, ბიზნესმენები. კარგით, ვთქვათ, ძნელად დასამტკიცებელია ციხეებში რასაც აკეთებდა ახალაია და მისი „მოდგმა“, „პატიმრების სიტყვის ნდობა როგორ შეიძლება“, მაგრამ როგორ გავიგოთ არაპატიმრების მიერ მიცემული ჩვენებები? როგორ აღვიქვათ? ჯერ კიდევ მინისტრ ახალაიას წინააღმდეგ სახლახო დამცველისთვის მიცემული ახსნა-განმარტებები, რომლებიც, სხვათაშორის, საპარლამენტო მოხსენებაში დევს და სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ახლაიას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეობის დროს ბიზნესმენები (და არა მხოლოდ ისინი, ყველა ვისაც მაშინ ქონებას ართმევდნენ), შუაღამისას მიყავდათ ახალაიასთან კაბინეტში, სადაც მათ ხვდებოდათ ნოტარიუსი და აქ ხდებოდა წილების გადაფორმება? ამის შესახებ თავის დროზე „ხალხის რჩეულმა“ პარლამენტარებმა ყველაფერი იცოდნენ, თუმცა მაშინ ხმას არავინ იღებდა, პირიქით ახალაიას მორიგი დანაშაულისკენ უბიძგებდნენ. ამიტომ არავის გაკვირვებია როცა ახალაიას დაპატიმრების შემდეგ, ნაციონალურმა პირადმა შემადგენლობამ, პარლამენტის სხდომებზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ბოლოსდაბოლოს, სხვა რომ არაფერი, ეს სოლიდარობა დეპუტატ მამა-ახალაიას ხათრით მაინც უნდა გაეკეთებინათ. როგორი რკინის კაციც არ უნდა იყოს ბატონი როლანდი, შვილი ყველასთვის სუსტი წერტილია. ესაა ახალაიებმა სხვისი შვილების დანდობა არ იცოდნენ და სხვისი შვილების სისხლი სწყუროდათ. და თუ ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვინმეს გაახსენდება (მაგალითად, კლასელებს და ოჯახს) უდანაშაულობის პრეზუმცია, მინდა შევახსენო მათ, რომ ნაციონალური მოძრაობის პარლამენტის მიერ შესწორებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მოწმის ჩვენებას განიხილავს,როგორც მტკიცებულებას (ამდენად, მოწმის ჩვენება სავსებით საკმარისი იყო და ჯერაც ასეა) ადამიანის დასაკავებლად. მეტიც,ათასობით პატიმარია ციხეებში, რომლებიც ფოტოსურათით "ამოიცნეს" მოწმეებმა. ხომ ვერ მეტყვით ამ ფონზე, ეს ყმაწვილი, ბატონი ბაჩანა, რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? დაკავებულია და წინასწარ პატიმრობაშია აყვანილი სრულიად კანონიერად, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ნაციონალური (უმრავლესობა ესენი იყვნენ), პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც ჯერ კიდევ ძალაშია, მოწმის ჩვენებას დაკავების საფუძვლად აცხადებს. ჰო, მართლა, სასჯელის შეკრებითობაც ძალაშია და სასამართლო როცა განაჩენს დაადგენს ახალაიას საქმეზე, ვინმესთვის მოულოდნელი ხომ არ იქნება ბატონ საზოგადო მოღვაწეს, სულ ცოტა 20 ან მეტი რომ დაუგროვდეს მოსახდელი? რაკი საზოგადო მოღვაწეს ეხება საქმე, ალბათ რაკი კლასელებმა უკვე თქვეს თავისი სიტყვა, გამოჩნდებიან ამჯერად ახალაიას თანაკურსელები, რომლებიც უკანონო კანონზე „დადებენ დასკვნებს“. ბედნიერი ბავშვობასთან საერთო კავშირი და ახალაიას მიმართ წაყენებული პირველადი (დასაწყისისთვის) ბრალდება რა კავშირშია ერთმანეთთან ვერა და ვერ მივხვდი. შვილის დაკავებამ როლანდ ახალაია გამოაფხიზლა, ეტყობა აღარ უნდა ძილი და კლასელების მთავრობისადმი მიმართვას ოჯახის წერილიც უმაგრებს „მხარს“: „ბაჩო ახალაიას და მთელი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და მისი დაპატიმრება უკეთური მიზნით, უკეთურ წრეში არის დაგეგმილი და არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან... ყოვლად გაუგებარი და აბსოლუტურად აბსურდული ბრალდების საფუძველზე ბაჩო ახალაია დაპატიმრებულია, რაც თვალსაჩინო დადასტურებაა იმისა, რომ ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიზანმიმართულად გავრცელებული საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად. სხვა შემთხვევაში დამოუკიდებელ მოსამართლეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ე.წ "მასალების" საფუძველზე, რომელიც არაფერს რეალურს და სამართლებრივად ხელმოსაჭიდს არ შეიცავდა, იგი სასამართლო დარბაზიდან საერთოდ უნდა გაეთავისუფლებინა, ყოველგვარი თავდებისა და გირაოს გარეშეც კი“... არ ვიცი ასეთ შემთხვევაში რას ამბობენ ზოგადად, მაგრამ მე ვიტყოდი - ბნელა? კიდევ ვიმეორებ, ნაციონალური კანონი, რომელიც ჯერ არავის შეუცვლია, მოწმის ჩვენებას დაკავების საფუძვლად აცხადებს და დავიჯერო ეს არ იცის სამმა იურისტმა? შეიძლება ეს არ იცოდნენ კლასელებმა, მაგრამ იურისტმა და პროკურორყოფილმა როლანდ ახალაიამ ეს არ იცის? თუ ჯერ არ დაუკავებია მოწმეთა ჩვენებებზე ვინმე და მოწმეთა ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად, ან მას, ან მისი შვილების კანტორას, არ გამოუცხადებია? თუ მოწმის ჩვენება არაფერი იყო ახალაიებისათვის, რატომ იყო რომ პატიმარ მამარდაშვილს მანამ ურტყამდნენ და უკეთებდნენ რაღაც წამლებს, ვიდრე მიცემული ჩვენება პატარკაციშვილის წინააღდმეგ ქილერის დაქირავების შესახებ, არ გადაათქმევინეს? თუ მოწმეთა ჩვენებები არაფერი იყო ე.წ. ციხის ბუნტის რეალურ მიზეზებზე და შედეგებზე ჩვენება ვინც კი მისცა რატომაა დღეს უმეტესობა მკვდარი ან სიკვდილის პირას? როგორ ხდებოდა ისე რომ, ვინც ახალაიას წინააღმდეგ წავიდოდა, ყველა უცებ ხდებოდა ავად, ან კიბიდან გორდებოდა ან „პროსტინას“ იხვევდა კისერზე? როგორ ხდებოდა ეს ამბები, ამას რატომ არ ხსნიან ნეტავ? „ვაჟა–ფშაველას თავის წერილში "ფიქრები" ნათქვამი აქვს: "ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენი სამართლიანი გამოდგეს". დაფიქრდით, ჩვენო უცნობო თანამემამულენო, ნუ გამოუტანთ განაჩენს ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ იცნობთ, რომელთანაც არასოდეს გქონიათ შეხება, ნუ გაიმეორებთ და ნუღარ აღიქვამთ ჭეშმარიტებად სხვისგან გაგონილ მონაჭორს და ამით თავადაც ნუ გაბოროტდებით“, - კარგია ვაჟა-ფშაველა წაკითხული რომ აქვს როლანდ ახალაიას, მაგრამ ნეტავ ის თუ იცის ბატონმა როლანდიმ, რომ იქ, სადაც არის ახლა მისი შვილი, მართლა სახლი არაა და ციხეა. ციხე, სადაც ახალაიას გამწარებული ათასობით ადამიანი ზის. კარგად უნდა იცნობდეო ადამიანს, - ვაჟას იშველიებს ოჯახი, როგორ აღვიქვათ ის ამბავი, რასაც ვისმენდით პატიმრებისგან წლობით? როგორ გავიგოთ ის, რასაც პატიმრები ამბობდნენ ახალაიაზე? არ იცნობდნენ ბაჩანას და ამოჩემებული ჰყავდათ? არც ერთ მის წინამორბედზე იგივე რომ არ უთქვამთ პატიმრებს, რასაც ბაჩანაზე ამბობდნენ (და სხვათაშორის ბევრმა გაუძლო წამებას, არ შეცვალა პირველი ჩვენება), ეს რითი ავხსნათ? ბავშვობიდან ვერ იტანდნენ პატიმრები ახალაიებს? მაშ სადაა ბედნიერი ბავშვობა? სადმე მიისილა თუ გამოგონებულია? კარგით, ვთქვათ ყველა პატიმარმა შეკრა პირი, მაშინ როგორ ავხსნათ სულხან მოლაშვილის წამება? თუ ახალაია იტყვის რომ მოლაშვილი ციხეში არ უწამებიათ, მაშინ მოვიშველიებ კანონს და შევახსენებ იურისტ ახალაიას: კანონით როცა პატიმარი შემოყავთ ციხეზე ამოწმებენ მას და თუ დაზიანებები აღენიშნება ციხე ასეთ პატიმარს არ ღებულობს. რატომ მიიღეს ნაცემი მოლაშვილი, თუკი ის ნაცემი მიიყვანეს? და თუ საღ-სალამათი იყო, ვინ აწამა მოლაშვილი ჩაკეტილ სივრცეში? პატიმებმა? და ეს რომ არ თქმულა თავის დროზე? შერცხვა ახალაიას და დამალა? დანაშაულის დაფარვა მაინც ხომ გამოდის და ვგონებ, ესეც დასჯადია დღეს მოქმედი კანონმდებლობით! ახალაია თურმე გაოგნდა ციხის კადრები რომ ნახა, რამ გააოგნა ნეტავ? ახლა ვერ იტყვის რომ პროკურატურა მიკერძოებული იყო, როცა ამ ფირების გამოქვეყნების შემდეგ, წამების მუხლით დაკავებული მისი ყოფილი თანამშრომლები, აწამეს და ისე ჩამოართვეს ჩვენებები. ჯერ კიდევ ნაციონალურ პროკურატურას მისცეს ამ ადამიანებმა ჩვენებები, სადაც აღიარეს რომ კარანტინში პატიმრებს სასტიკად სცემდნენ. საკადრო პოლიტიკის ცუდად გატარება არაა დასჯადი, მაგრამ ის, რამაც ახალაია გააოგნა, პრესაში ინტენსიურად ქვეყნდებოდა მისი თავმჯდომარეობის დროსაც და კანონით, პრასაში გამოქვეყნებულ მასალებზე დაყრდნობით გამოძიება კი უნდა დაწყებულიყო. თუ ახალაია იტყვის ეს ჩემი პრეროგატივა არ იყო, თავმჯდომარეს თანამშრომლების გადამოწმების, ან შემოწმების უფლებას არ უზღუდავს კანონი და ციხეში შუაღამისას პატიმრების დასაფეთებლად თუ შეიძლებოდა შესვლა, ვინ უშლიდა დღისით მზისით გაეგზავნა გენინსპექცია და შეემოწმებინა რა ხდებოდა ციხეებში? კარგია ახლა გამჭვირვალეობაზე და კანონიერებაზე ლაპარაკი, როცა ციხეში ჯიპით მიგიყვანენ და "ადინოჩკაში" შენივე უსაფრთხოებისათვის ჩაგსვამენ, ნეტავ რატომ არ ითხოვს ახალაია "ადინოჩკიდან" გადაყვანას? მისი იქ ჯდომა არ არის კანონდარღვევა? სამარტოო საკანში პატიმარს ადგილზე ჩადენილი დარღვევისთვის არ სვამენ? რატომ არ კითხულობენ იურისტი ახალაიები, რად ზის ბაჩანა მარტო? ამას ეგუებიან და დაკავებას ვერა? "პრაგულკაზე" არ გავყავარ არავისო, რად არ ჩივის ახალაია, ესეც საკითხავია. საინტერესოა ისიც, თუ მოითხოვა, თავად, სუფთა ჰაერზე გატარება.

 

დაბოლოს, ახალაიას წინააღმდეგ მისი ნათლულის მამამ მისცა ჩვენება. მოწმე ამბობს რომ მას ახლაია დაემუქრა, მანქანა წაართვა და ასე შემდეგ. როგორც გაირკვა ეს მოწმე ზვიად აბესაძეა, ყოფილი პოლიციელი, რომლის „ბიზნესზე“ „კვირის ქრონიკა“ ჯერ კიდევ დაახლოებით ორი წლის წინ წერდა. მაშინ "ქრონიკამ" გამოაქვეყნა სკანდალური მასალა აბესაძის ბორდელების ბიზნესზე, რომელსაც ახალაია კრიშავდა. ცნობისთვის, ეს სტატია რომ არ გამოექვეყნებინა გაზეთს, ამაში აბესაძე სტატიის ავტორს (ანუ მე), დიდ თანხას სთავაზობდა. თუ მოწმის დასახელებას მომთხოვს ვინმე, ესეც არაა პრობლემა, თბილისში ჩემი ნაცნობი არ დარჩა, ვინც არ დამირეკა და გაჩერება მთხოვა ფულის სანაცვლოდ, ესეც გამოვაქვეყნე მაშინ. აბესაძე ყოფილი პოლიციელია, რომელიც დაკავებული იყო და სწორედ, პატიმრობის პერიოდში მოუნათლა თავის პატიმარს, დეპარტამენტის თავმჯდომარე ახალაიამ, შვილი. როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია, ახალაიას წინააღმდეგ აბესაძემ მისცა ჩვენებაო, მაშინვე გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში აბესაძის სურათები, რომელიც არჩევნების დროს იყო გადაღებული და ერთ-ერთი ფეისბუქის მომხმარებლის გვერდზე ატვირთული, წარწერით - ზონდერი. როგორც გაირკვა არჩევნების დროს აბესაძე აქტიური ზონდერი ყოფილა. საინტერესოა, რატომ არ ახსენა ეს მოწმე ახალაიას ოჯახმა თავის განცხადებაში?...

 

დარეჯან მეფარიშვილი

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner