პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრებს მოუწოდა მაქსიმალურად მიაწოდონ ინფორმაცია მოსახლეობას განხორციელებული პროექტების შესახებ. მან ასევე მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს დიმიტრი ქუმშვილს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „არჩევანში" მაყურებლისთვის განხორციელებული პროექტების ვიზუალურად ჩვენებისთვის.
„მოგიწოდებთ მთავრობის წევრებს, მაქსიმალურად ჩავერთოთ ამ პროექტების თაობაზე ინფორმაციის ჩვენს საზოგადოებამდე მიტანის პროცესში. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ თითოეული ასეთი პროექტი არის იმისთვის განსაზღვრული, რომ შეიქმანას ახალი სამუშაო ადგილები და ძალიან ხშირად საჭიროა ალბათ უფრო მეტი ინფორმაციის მიტანა.
მადლობა მინდა ვუთხრა ეკონომიკის მინისტრს, მან საკმაოდ კარგად, ვიზუალურად წარმაოდგინა რამდენიმე პროექტი, სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, რომ მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, რაც ძალიან სამწუხაროა, არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ. მინდა ყველას მოგიწოდოთ, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ", - განაცხადა პრემიერმა.