logo_geo
eng_logo
„2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში“ - მიტოვებულ ოდებს პატრონი გამოუჩნდება
- +

14 ივლისი. 2018. 21:54

 

 

ცოტა  ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტ მომხმარებლებს:

 

„იყიდეთ, გთხოვთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, ნეტა მომწყვიტა ყველაფერს და სადმე წყნარ ადგილას დამაგდოო. „თაკვერი“, ალბათ არ გეცნობათ, ეს ლეჩხუმია. და რა მინდა ვთქვა, ამ ფოტოებში რასაც ხედავთ, ეს ყველა ლეჩხუმური ოდები და ქილიქიანი სახლებია, რომლის ფასები მერყეობს 2 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მაგალითად 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში. ნატური ხილი ეზოში, კარგი ჰაერი, წყალი, ზამთარშიც მშვენივრად გაატარებთ რამდენიმე დღეს. ქუთაისიდან 62 კილომეტრი, ასფალტის საფარია ისეთი წვერს გაიპარსავს კაცი ზედ. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდით კონსულტაციას გაგიწევთ, და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ კუთხეზე, სოფლებზე და სახლებზე“.

 

სოფლად მიტოვებული სახლების პრობლემაზე shin.ge ლექსო ჩარკვიანს ესაუბრა:

 

- ჩემს სოფელში, ცაგერის რაიონი სოფელი აღვი - 650 კომლი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ასვლაზე 9 კილომეტრი ისე გავიარე, გზაზე ერთი კაცი არ შემხვედრია. მერე ჩამოვიარე, გადავხედე ხავსებში გახვეულ სახლებს და აღმოვაჩინე, რომ სოფელში სულ ათიოდე ოჯახი ცხოვრობს. მაშინ დამებადა იდეა და დავწერე სტატუსი. სოფელ-სოფელ დავდივარ და ვარჩევ სახლებს, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდები, ვეკითხები - გაყიდიან თუ არა? თანხმობის შემთხვევაში, ფასს მეუბნებიან და მეც ვდებ ჩემს გვერდზე.

 

- ქილიქიანი სახლი რას ნიშნავს, განგვიმარტეთ?

 

- ხის სახლია, ძალიან მარტივია მისი დაშლა და აწყობა. ასეთი სახლების კუთხეებში ფიცრები ერთმანეთშია გადაბმული, ჭრილები აქვთ გაკეთებული. ამ ტიპის სახლს ლურსმანი არ სჭირდება.

 

- მიტოვებული სახლები ბევრ სოფელშია? სად არიან მესაკუთრეები?

 

- ცარიელია სოფლები, სამწუხაროდ მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. 30-მდე სახლის შესახებ მონაცემები მაქვს და მათი მეპატრონეები როგორც კი ფასზე ჩამოყალიბდებიან, მერე დავდებ საიტზე. სახლის მეპატრონე ზოგი უცხოეთშია, ზოგი თბილისში ცხოვრობს. თბილისში მცხოვრებლები მეუბებიან, რომ ვერ დადიან იქიდან, იმიტომ რომ დიდი მანძილია, საწვავი კი მოგეხსენებათ რა ძვირი ღირს. ისე საკმაოდ კარგი გზაა. ქუთაისიდან ნახევარ საათში ჩავდივარ ხოლმე. უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს დავუკავშირდი. რამდენიმემ გაყიდვის სურვილი გამოთქვა, რამდენიმე მეჩხუბა: იყოს მასე, თუნდაც დალპეს, არა ვარ ჩამომსვლელიო. ხალხი ათასნაირია.

 

 

- ბევრი ადამიანი გირეკავთ? უცნაური ზარებიც არის ხოლმე?

 

- თავიდანვე ხალხის დიდი დაინტერესება იყო. რა თქმა უნდა, ტელეფონის ნომრები მივუთითე. მერე მაკლერებმა დაიწყეს რეკვა სახლის მეპატრონეებთან, მიდიოდნენ და მგონი 4% ს სთხოვდნენ. ადამიანი სახლს 2000 ლარად რომ ყიდის და კიდევ ამდენს მოსთხოვ? ნომრების გაცემა შევწყვიტე, ესეც უცნაურად გამოჩნდა. ზოგმა აფერისტად მომნათლა, დამაბრალეს რაღაცები. ერთმა, ჩემ საკუთარ სახლზე მითხრა, რომ მისი სახლი იყო. კარგახანს მიმტკიცებდა სატელეფონო საუბარში. სამ წუთში გადავუგზავნე ჩემი ძველი ფოტოები, რომლებიც სახლის აივანზე მაქვს გადაღებული. ამის შემდეგ ის კაცი დაიკარგა. ასეთ ზარებს ყურადღებას არ ვაქცევ. მოკლედ, თავად მიმყავს ხალხი ბინის სანახავად. ახლახან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ჩავიყვანე. მათ ეზო მოეწონათ, დავუკავშირდით მეპატრონეს და ისინი უკვე საბუთებს აფორმებენ.

 

- უცხოელები რეკავენ?

 

- ხანდახან, ერთი დანიიდან იყო. ქართველი შუამავლის დახმარებით როდესაც ბინის ფასი გაიგო, რატომღაც იფიქრა, რომ სანდო ადამიანი არ ვიყავი, აფიორა ეგონა. თუმცა, დამიტოვა ინფორმაცია როგორი და რანაირი სახლი უნდოდა. ერთ-ერთი საელჩოდან დამირეკეს, პირობებს მთავაზობდნენ (საწვავით უზრუნველყოფა), მაგრამ არ დავთანხმდი. უცხოელმა შეიძლება სახლი იყიდოს, 2 ან 3 ათასი ლარი მისთვის არაფერია, მაგრამ აქ მაინც არ ჩამოვა საცხოვრებლად და რა აზრი აქვს, სახლი მართლა დაინგრევა. სჯობს აქაურმა იყიდოს, ისე პრინციპში ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია და ჩემი სურვილია, ხალხმა იაროს ქუჩაში და სოფელი დამუნჯებული არ იყოს, ახლა კაციშვილი არ ჭაჭანებს. როცა დრო მაქვს, მაშინ დავდივარ და ვეძებ იაფიან სახლებს, რომ ხალხმა ყიდვა შეძლოს. ბევრი უკვე გაიყიდა.

 

 

 

 

 

 

 



 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner