logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სწორედ ნოდარზეა ზედგამოჭრილი მისი სათაყვანებელი გალაკტიონის შეფასება: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!!!“
- +

14 ივლისი. 2018. 23:46

 

 

ჩემი ახალგაზრდა მეგობრებისთვის ვწერ ამ სტრიქონებს, თორემ უფროს თაობას კარგად მოეხსენება ვინ იყო საქართველოსთვის ნოდარ დუმბაძე.

 

მას, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, სიცოცხლეშიც და გარდაცვალების შემდეგაც, არ მოკლებია ქვეყნის და ხალხის მხრიდან პატივისცემა და მკითხველის დაუფარავი, ალალი სიყვარული. და არა მარტო სამშობლოში. იმ დროინდელ სსრკ-ში იგი გახლდათ ერთობ პოპულარული მწერალი.

 

არ დარჩენილა რიგიანი თეატრი, რომ ნოდარის შემოქმედებისთვის არ მიემართა. ზუსტად ვერ ვიხსენებ წელს, მაგრამ მოსკოვში, ერთერთ საჯარო გამოსვლაში ითქვა: ლენინის, პუშკინისა და მაქსიმ გორკის შემდეგ, საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ყველაზე დიდი ტირაჟით გამოცემული იყო ნოდარ დუმბაძის წიგნები.

 

ვამაყობ, რომ მქონდა დიდი ბედნიერება ვყოფილიყავი მისი არცთუ შორეული მეგობარი. გავა დრო, ჩაივლის ბევრი წყალი, მაგრამ ნოდარ დუმბაძე კიდევ უფრო ამაღლდება, რამეთუ იშვიათი მხატვრული სიძლერით, საინტერესო ფორმით, სილაღით წერდა და განადიდებდა მუდმივ ადამინურ ღირებულებებს: სიყვარულს, დედმამიშვილობას, კეთილშობილებას, სულის სისპეტაკეს, მეგობრობას, ერთი სიტყვით იმას, რასაც ერთხელ მან თქვა, თანაც ისე, როგორც შეეძლო ეთქვა მხოლოდ ნოდარს: ადამიანი თუ ხარ, ისე უნდა იცხოვრო, რომ შუბლზე სინდისის ძარღვი არ უნდა გაიწყვიტოო...

 

ასეა ეს!

 

სხვათაშორის, ასე ცხოვრობს მისი ოჯახი, შთამომავლობა, რომელიც გამორჩეულად იღწვის სამშობლოს ინტერესებისთვის და არავის აწუხებს არც წუწუნით და არც ზედმეტი ყურადღების მოთხოვნით, რამეთუ იმ ცხოვრების წესს, რითაც გამოირჩეოდა ნოდარი და მისი ოჯახი, არ ჭირდება დაფდაფებით ხმაური და დემონსტრაცია.

 

სწორედ ნოდარზეა ზედგამოჭრილი მისი სათაყვანებელი გალაკტიონის შეფასება: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი!!!“

 

http://4motivi.com/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner