დღეს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლინდება. ფეხბურთის მთავარი თასისთვის ერთმანეთს საფრანგეთის და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
მუნდიალის ბოლო, გადამწყვეტი მატჩი რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში „ლუჟნიკების“ სტადიონზე ტარდება. ის თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს არგენტინელი პიტანა უმსაჯებს.
მატჩს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც დაესწრება და დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს. რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს 8 ივლისს, სწორედ ხორვატიის გუნდთან დამარცხების გამო გამოეთიშა.
ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები პირველად მონაწილეობს. 1998 წელს ხორვატებმა მსოფლიო თასზე მესამე ადგილი მოიპოვეს. 2018 წლის შეჯიბრებაში ხორვატებმა ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები დაამარცხეს. მათ ამ ჩემპიონატის განმავლობაში ყველა თამაში გამარჯვებით დაასრულეს.
საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო თასი 1998 წელს მოიგო. 2006 წელს ფრანგები ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდნენ. მუნდიალის ბრინჯაოს მედლები ნაკრებმა 1958 და 1986 წლებში მოიპოვა, მეოთხე ადგილი კი - 1982 წელს ერგო. 2018 წლის ჩემპიონატზე ფრანგებმა ნახევარფინალში ბელგიელები დაამარცხეს. წლევანდელი მუნდიალის განმავლობაში საფრანგეთმა ყველა მატჩი მოიგო და ფრედ მხოლოდ ერთი, დანიასთან თამაში დაასრულა.
ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა რუსეთში სტარტი 14 ივნისს აიღო და დღეს დასრულდება.