ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2016 წლის როლან გაროსის შემდეგ, პირველად მოიგო „დიდი სლემის” ტურნირი – სერბმა უიმბლდონზე მოგებათა რიცხვი ოთხამდე აიყვანა, საერთო გამარჯვებათა რიცხვი – 13-მდე.
კევინ ანდერსონის წინააღმდეგ ფინალი ჯოკოვიჩმა პირველი 15 ქულიდან 12-ის აღებით დაიწყო. გადამწყვეტ მატჩში ნოვაკს შანსების გამოყენების იდეალური მაჩვენებელი ჰქონდა – ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ამის წყალობით, ნოვაკმა ერთნაირი ანგარიშით მოიგო პირველი ორი სეტი – 6:2. ანდერსონი ვერ ამუშავებდა თავის მთავარ იარაღს – მოწოდებას და ჯამში მხოლოდ ორი ეისი ჩააწოდა.
ამ პარტიებში ანდერსონს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. სამაგიეროდ, სამხრეთაფრიკელმა მესამე სეტში მოიპოვა უპირატესობა, ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, რომელთაგანაც ხუთი სეტბოლი იყო, მაგრამ სერბმა ხუთჯერ გადაარჩინა სეტი და ტაი-ბრეიკზე დაასრულა მატჩი – 6:2, 6:2, 7:6(3).
ჯოკოვიჩი დაბრუნდება ATP-ის TOP10-ში და მეათე ადგილზე იქნება.