logo_geo
eng_logo
შალვა თადუმაძე: პროკურატურაში ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს და ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება
- +

16 ივლისი. 2018. 11:25

 

 

„ამ ინსტიტუტს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად, ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით და ამ შესაძლებლობებით შეუძლია“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ძირითადი მიმართულება ის არის, რომ დავადგინოთ რა არის ძირითადი პრობლემა სისტემაში. დღეს ამ პრობლემის სახით აშკარაა, რომ ამ ინსტიტუტს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად, ამ ინსტიტუტს ამ რესურსებით და ამ შესაძლებლობებით შეუძლია. საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი არ არის წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა, ეს პრობლემა ინსტიტუტს აქვს უკვე წლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ამ სიტუაციას მოვესწარით - ეს იყო პროკურატურა საბჭოთა საქართველოსი, ეს იყო რეჟიმის პროკურატურა, რომლის მიმართაც განწყობა არ იყო დადებითი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა და მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ამ პროკურატურას დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა. იქ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ სტერეოტიპი, რომ პროკურატურა არის კორუმპირებული, ჩამოყალიბდა მაშინ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

მისივე თქმით, მაშინ ის საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული და კარგად ახსოვს განცდა, თუ როგორ ამრუდებდა სამართალს კორუფცია, რაც პროკურატურის ინსტიტუტზე ისახებოდა.

 

თადუმაძის თქმით, იყო რეფორმები, გარემონტდა შენობები, აიყვანეს ახალი თანამშრომლები, უარი ითქვა კორუფციაზე, თუმცა ჩამოყალიბდა მოძალადე პროკურატურა.

 

„ჩვენ ამას ვუყურებდით 9 წელი. მე მახსოვს შიშის განცდა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში. ხოლო 2012 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროკურატურა, აბსოლუტურად გათავისუფლებული ძალადობისგან, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი იყო. გატარდა რეფორმები, თავადაც ვიყავი ამაში ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას. თუკი ვინმეს დაიჭერენ, პროკურატურამ დაიჭირა პოლიტიკურად და თუ ვინმეს არ დაიჭერდნენ, ესეც პროკურატურას ბრალდებოდა. დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც ამ 27-წლიან პერიოდში არასოდეს ყოფილა მაღალი ნდობის ხარისხით და ამ პოლიტიკური თავდასხმების გამო ნდობის ხარისხი ვერ მოიპოვა. ჩემი აზრით, გარკვეული ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს პროკურატურაში და ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება. ამაში კი ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის უზენაესობის დაცვას, შიდა ურთიერთობების სამართლიან დამოკიდებულებას და მოლოდინს, რომელიც საზოგადოებას გააჩნია, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner