logo_geo
eng_logo
სკანდალური საქმის უცნობი დეტალები - გუგეშაშვილის ლიკვიდაცია ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ რამაზ მარგოშვილს შეუკვეთეს
- +

16 ივლისი. 2018. 12:43

 

 

დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი ვაჟის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა, თუმცა გამოძიებას ჯერაც არ გაუცია პასუხი კითხვაზე, ვინ განახორციელა შეიარაღებული თავდასხმა გუგეშაშვილების ოჯახზე. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა კი გასულ კვირას საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. კერძოდ, მისი თქმით, ერთ-ერთმა პატიმარმა უამბო, რომ დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია ჯერ კიდევ გასულ წელს პირადად მას დაუკვეთეს. ადვოკატს არ დაუკონკრეტებია აღნიშნული პატიმრის ვინაობა, თუმცა „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ საუბარია 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულთაგან ერთ-ერთზე. უფრო დეტალურად ამ პიროვნების შესახებ ოდნავ ქვემოთ გიამბობთ, მანამდე კი ვნახოთ, რას ამბობს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი.

 

„ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის, ერთ-ერთი პატიმრისგან მიღებულ იქნა ძალიან საინტერესო ინფორმაცია, რომელიც თავადაც მზადაა, რომ გააჟღეროს, ოღონდ ამ ეტაპზე მთხოვა, რომ მისი გვარი არ დავასახელო. ის იმყოფებოდა საზღვარგარეთ გასულ წელს, სადაც მასთან მივიდა ერთ-ერთი პიროვნება, რომლის ვინაობასაც ასახელებს, რომელიც არის უცხოელი. მან შესთავაზა, რომ ან თვითონ აეღო საკუთარ თავზე ეს მისია, ან მოეძებნა ადამიანები, რომლებიც დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაციას განახორციელებდნენ და სიაში გუგეშაშვილთან ერთად იყო კიდევ ოთხი სხვა ადამიანი.

 

ის ადამიანი ამბობს, რომ, ვინც ეს ამბავი უთხრა და შეუკვეთა, იყო ემისარი, გამოგზავნილი კონკრეტულად ერთ-ერთი რუსი გენერლისგან, რომლის გვარიც შეუძლია დააზუსტოს. ამ ადამიანის პიროვნებასაც იხსენებს. ჩვენ ამას ვაჟღერებთ, როგორც ინფორმაციას და არა როგორც მტკიცებულებას, ამას გადამოწმება სჭირდება. ეს ინფორმაცია, როგორც პატიმარი ამბობს, მან ციხის უფროსს პირადად უთხრა, როდესაც გაიგო დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის ამბავი.

 

პატიმარი განიცდიდა, რატომ მაშინვე არ გავამჟღავნე ეს ამბავი, შეიძლება მეც ვიყო ამაში დამნაშავე, რომ ასეთი უბედურება მოხდაო.

 

ის ამბობს, რომ დასამალი არაფერი აქვს, მას უნდა თავისი კავშირებით გადაამოწმოს და რაღაც დეტალები გაიხსენოს. ის მზადაა, ჩვენება მისცეს“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატი არ აკონკრეტებს, ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ საუბარია პატიმრობაში მყოფ რამაზ მარგოშვილზე. ის 26 დეკემბერს, ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს რუსლან ალდამოვთან, ზურაბ გორნაკაშვილთან და ბადურ ჩოფანაშვილთან ერთად აიყვანეს. ამავე სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც.

 

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის გადმოცემით, ზემოხსენებულ პატიმარს დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაცია გასულ წელს თურქეთში შესთავაზეს. ის, რომ  რამაზ მარგოშვილი იმ პერიოდში მართლაც იმყოფებოდა თურქეთში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ტერორიზმის საქმეზე გავრცელებული განცხადებითაც დასტურდება. ამ განცხადებით ირკვევა, რომ რამაზ მარგოშვილი, ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ სხვა პირებთან ერთად, უშუალოდ იყო ჩართული გასულ წელს აჰმედ ჩატაევის თურქეთიდან საქართველოში შემოყვანის პროცესში. რამდენიმე დღის წინ ამ საქმეზე რამაზ მარგოშვილმა პირველად დაარღვია დუმილი და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში არ უარყო აჰმედ ჩატაევთან მჭიდრო კავშირი. უფრო მეტიც, ირკვევა, რომ ის ჩატაევს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ სირიაშიც სტუმრობდა. მანვე დაკითხვისას განაცხადა, რომ საქართველოში მყოფი ჩატაევის დაჯგუფების წევრები ერთ-ერთ ბიზნესმენზე თავდასხმას და მის დაყაჩაღებას გეგმავდნენ.

 

ცნობილია ისიც, რომ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული პირები თბილისში, კერძოდ, კალაუბნის ქუჩაზე სწორედ რამაზ მარგოშვილის მიერ დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდნენ. ამავე ბინაში გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა მარგოშვილის მეზობელი, თემირლან მაჩალიკაშვილიც, რომელიც დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და 10 იანვარს გარდაიცვალა.

 

მარგოშვილი ფიგურირებს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერშიც, სადაც ის თემირლან მაჩალიკაშვილს უცხოეთიდან თანხის გადმორიცხვაზე ესაუბრება.

 

„თემირლან, როგორ ხარ? ხომ არ გეძინა? თემირლან, დღეს, ხვალ ან ზეგ თუ არ გეგმავ თბილისში წასვლას, შენი მონაცემები მჭირდება, ევროპიდან თანხა უნდა გადმორიცხონ 3-4 ადამიანზე, სახლის ფულია მისაცემი. გამომიგზავნე შენი მონაცემები, ხვალ და ზეგ თუ არ მიდიხარ“.

 

ციხეში მყოფმა რამაზ მარგოშვილმა უარყო, რომ აღნიშნული სატელეფონო ჩანაწერი მის საუბარს ასახავს, თუმცა მარგოშვილის მეუღლემ მისი ხმა ამოიცნო და დაადასტურა, რომ ჩანაწერში თემირლან მაჩალიკაშვილს ნამდვილად მისი ქმარი ესაუბრება. 

 

ის, რომ გასულ წელს მარგოშვილი თურქეთის ტერიტორიაზე ნამდვილად იმყოფებოდა, ტერორიზმის საქმეზე მიმდინარე გამოძიებითაც დასტურდება, თუმცა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილისთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გამოდის, რომ თურქეთში მყოფმა მარგოშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებიდან დოდო გუგეშაშვილის ლიკვიდაციის შეთავაზებაც მიიღო.

 

„პრაიმტაიმისთვის“, ასევე, ცნობილი გახდა, რომ, დოდო გუგეშაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, მათ შორის პანკისის მკვიდრის, ორგანიზაცია „ვაინახები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარის ჯოყოლა აჭიშვილის.

 

პანკისის ხეობაში ჯოყოლა აჭიშვილი ცნობილია თავისი ანტირუსული განწყობებით. საჯარო განცხადებებში მას არაერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთის აგრესიული პოლიტიკა, როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წინააღმდეგ. მაგალითად, „კახეთის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას ის ამბობს:

 

„უკრაინაში ახლახან გარდაცვლილი ქართველი ჩემთვის გმირია. ის ებრძოდა საქართველოს მტერს – რუსეთს. ის არის მისაბაძი მაგალითი ყველა ქართველისთვის და არაქართველისთვის, ვინც რუსეთს ოკუპანტად მიიჩნევს. რა მნიშვნელობა აქვს, შენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ სად იბრძოლებ?!“.

 

ჯოყოლა აჭიშვილისთვის მისი შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელი და ნაკლებად სარწმუნო აღმოჩნდა. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ის ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია მისთვის უცნობია. 

 

დოდო გუგეშაშვილი კი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ შეიძლება ცრუობდეს პატიმრობაში მყოფი პიროვნება. ის თავდასხმას უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას უკავშირებს და აღნიშნავს, რომ მკვლელის მთავარი სამიზნე თავად იყო და არა მისი შვილი. „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გუგეშაშვილი ამბობს, რომ ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის მიერ ნახსენები პატიმრის ვინაობა მისთვისაც უცნობია. გუგეშაშვილმა განაცხადა, რომ რამაზ მარგოშვილის გვარი „პრაიმტაიმისგან“ პირველად შეიტყო, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ნანახი ჰყავდეს.

 

დოდო გუგეშაშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი:

 

– ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის ის პიროვნება, ვინც გელას ეს ინფორმაცია მიაწოდა. თქვენგან პირველად მესმის ეს სახელი და გვარი, თუმცა, თუ მაჩალიკაშვილების მეზობელია, შესაძლოა, ნანახი მყავდეს. როგორც გელამ მითხრა, ეს ადამიანი მალე თავად გაასაჯაროებს ინფორმაციას. მე ამ თემაზე უკვე გამომკითხეს შსს-ს მკვლელობების სამმართველოში და რაც ვიცი, ის ინფორმაცია მივაწოდე კიდეც გამოძიებას.

 

– და რა იცით კონკრეტულად?

 

– ის, რაც გელამ მითხრა. არსებობს პატიმარი, რომელმაც სტამბოლში ყოფნის დროს მიიღო ჩემი ლიკვიდაციის შეკვეთა რუსეთის ერთ-ერთი მოქალაქისგან, რომელიღაც რუსი გენერლის წარმომადგენლისგან. მან ასეთ შეკვეთის აღებაზე უარი უთხრა, რის შემდეგაც ამ შუამავალმა სთხოვა, საქართველოში მოეძებნა ისეთი ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამას გააკეთებდნენ, რაზეც ასევე უარი მიიღო. შემდეგ, როდესაც ამ პატიმარმა გაიგო ჩემს თავს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სინანულში ჩავარდა და გელასთვის უთქვამს, რომ თავს იდანაშაულებს, რადგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ არ გამაფრთხილა. ამ ადამიანმა სთხოვა გელას, რომ სადღაც ორკვირიანი ვადა მიეცა და ამის შემდეგ ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთანაც და საზოგადოებასაც მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.

 

– როგორც ცნობილია, აღნიშნულმა პატიმარმა გელა ნიკოლაიშვილს, თქვენ გარდა, დაუსახელა კიდევ ოთხი პიროვნება, რომელთა ლიკვიდაციაც იგეგმებოდა, მათ შორის, ჩვენი ინფორმაციით, საუბარია ჯოყოლა აჭიშვილზეც...

 

– ამ ადამიანს წარუდგინეს ხუთკაციანი სია, რომლის თავშიც წაიკითხა ჩემი სახელი და გვარი. რაც შეეხება ჯოყოლა აჭიშვილს, წარმოდგენა არ მაქვს, ეს ადამიანიც იყო თუ არა ამ სიაში. მე პირადად, არ ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ პანკისთან ძალიან კარგი და ახლო ურთიერთობა მაკავშირებს. მალხაზ მაჩალიკაშვილი ჩემი ძმადნაფიცია და თემირლანიც ჩემს ხელშია გაზრდილი.

 

– ანუ თქვენ მომხდარში მაინც რუსულ კვალს ხედავთ, თუნდაც ზემოხსენებული პატიმრის ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ირწმუნება, რომ თქვენი ლიკვიდაცია რუსი გენერლის წარმომადგენელმა შესთავაზა?

 

– ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც უკრაინაში უნდა ჩავსულიყავი, მაიდანის ცნობილი მოვლენების დროს, ჩემმა იქაურმა თანამებრძოლმა მითხრა, აეროპორტს რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებენ, რომლებსაც აქვთ შენი სურათი და პირადი მონაცემებიო. კატეგორიულად ამიკრძალა იმ პერიოდში ჩასვლა, რადგან მაშინაც იყო საფრთხე. შემდეგ უკვე იანუკოვიჩი გაიქცა და რუსები გავიდნენ, მე ჩავედი უკრაინაში.

 

– გამორიცხავთ, რომ ეს პატიმარი ცრუობდეს?

 

– ვერ ვხედავ ლოგიკას, რატომ უნდა ეთქვა ტყუილი. მით უმეტეს, ძალიან შეწუხებულია და საკუთარ თავს იდანაშაულებს, რომ მან ეს ინფორმაცია თავის დროზე არ მომაწოდა. ის, რომ რუსეთი ჩემი ლიკვიდაციით იყო დაინტერესებული, ჩემთვის სიახლე არ არის.

 

„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახსენებთ, რომ ტერორიზმის საქმეში ბრალდებულ რამაზ მარგოშვილის მიმართ სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია. საქმის არსებითი განხილვა ამჟამადაც მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ადვოკატისთვის მიწოდებული ინფორმაცია დადასტურდა, შესაძლოა, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარ თავდასხმასაც აეხადოს ფარდა და როგორც მინიმუმ, ის მაინც დადგინდეს, ვინ შეუკვეთა დანაშაული, რომელსაც გუგეშაშვილის ნაცვლად, მისი ვაჟი შეეწირა. ინფორმაცია, რომელიც რამაზ მარგოშვილმა ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს მიაწოდა, ცნობილია ციხის ადმინისტრაციისთვისაც, თუმცა ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად მარგოშვილმა მცირე დრო ითხოვა.

 

 

 

ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner