ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ძველ პროგნოზს ცვლის. ბანკის რეგიონული დირექტორის ბრუნო ბალვანერას განმარტებით, მიმდინარე პროგნოზი 2,5 %-ია, თუმცა მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანად შეიცვლება.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი პროგნოზი 2,6%-ია,თუმცა შემდეგ კვირას ლონდონში ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ზუსტ ციფრს ვერ დავასახელებ, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე ახლანდელი მაჩვენებელია. 2017 წლის პროგნოზი კი, კიდევ უფრო პოზიტიური იქნება."- განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.
ნოდარ ხადურთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბალვანერამ მიმდინარე წელს დაგეგმილ ინვესტიციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი 2016 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის, 400 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
„ჩვენი ინვესტიციები მოიცავს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის "ნენსკრა ჰესს". იმედი გვაქვს, რომ მოსამზადებელ სამუშაოებს მალე დავასრულებთ. მიმდინარე კვირაში სამი პროექტი დავამტკიცეთ საქართველოსთვის, ერთ-ერთი 100 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზია საქართველოს ბანკისათვის. ასევე ვახორციელებთ ავტოპარკის განახლების პროექტს და ვაფინანსებთ "რუსთავის აზოტს". პრიორიტეტი ბევრია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას"- აღნიშნა ბრუნო ბალვანერამ.