თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა ერთი წელია, უგონო მდგომარეობაშია. 2017 წლის 21 ივლისს, გვიან ღამით ის მძიმე ავარიაში მოჰყვა.
ზოდელავა აზერბაიჯანიდან საქართველოში ტაქსით მოემგზავრებოდა, როდესაც ქვემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი – „ოპელის“, „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის მანქანები შეეჯახა.
ადგილზე გარდაიცვალა 35 წლამდე მამაკაცი, რომელიც „ოპელის“ მარკის ავტომობილს მართავდა.
ავარიის შემდეგ ზოდელავა „ნიუ ჰოსპიტალში“ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს და მას ტრეპანაცია (თავის ქალის გაკვეთის ოპერაცია) ჩაუტარდა.
დედაქალაქის ყოფილი მერი უმძიმესი ავარიის შემდეგ ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ AMBEBI.GE-ს ზოდელავას ბავშვობის მეგობარი თემო ქურხული ესაუბრა.
– 22 ივლისს გახდება ერთი წელი რაც ვანო ზოდელავა ავარიაში მოხვდა და უგონო მდგომარეობაშია. 8 თვე აპარატზე იყო შეერთებული, ახლა ავლაბარში წევს ერთ-ერთ კლინიკაში და ორ თვეში სახლში გადავიყვანთ ალბათ.
– რას ამბობენ ექიმები?
– ვანო ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია, ექიმები ვერაფერს ამბობენ, ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი დროს ადამიანები გონს მოდიან, სრულად ან ნაწილობრივ, ყველაფერი ღმერთზეა დამოკიდებული.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკურნალობა დიდ ხარჯებს უკავშირდება და ფინანსურად გაუჭირდა მის ოჯახს…
– ამდენი ხანი კლინიკაში ყოფნა, ბუნებრივია დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ვანოს ბევრი ფული მანამდეც არ ჰქონია. ვისაც როგორ შეგვიძლია, მის მეგობრებს, ისე ვეხმარებით მას. დანარჩენი ღმერთზეა დამოკიდებული…
ვანო ზოდელავას თბილისის მერის პოსტი 1998-2004 წლებში ეკავა.