logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება!
- +

8 მაისი. 2016. 13:50


მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება - მიმართა გიორგი მარგველაშვილმა პროექტის „მე და კონსტიტუცია" ფინალისტებს.



საქართველოს პრეზიდენტი კონკურსის „მე და კონსტიტუცია" ფინალურ ტურს დაესწრო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს და მიზნად საქართველოს კონსტიტუციის პოპულარიზაციას ისახავს.


საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსით დაინტერესებულ  სკოლის მოსწავლეებს ჩართულობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს ქმნიან და ქვეყნის ძირითად კანონს აცოცხლებენ, რაც სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.



სახელმწიფოს მშენებლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ჩართულობა და ის  ძირითადი თამაშის წესებია, რომლითაც ჩვენ ვმოქმედებთ და ვმუშაობთ - ეს არის ჩვენი კონსტიტუცია.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად იყოს ჩართული ქვეყნის შექმნაში და ამას არ აკეთებდეს მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა და მათავრობა.

 

 

პოლიტიკოსები, რომლებსაც დავალებას არ აძლევს ხალხი და საზოგადოება, იკეტებიან თავიანთ ურთიერთობებში და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ რა დავალება აქვთ ხალხისაგან და საზოგადოებისაგან მიღებული.

 

 

ამ ურთიერთობის პროცესის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, როდესაც თითოეული მოქალაქე  ქმნის ერთიან ქვეყანას, არის კონსტიტუცია. თქვენ დღეს ამ დოკუმენტს აცოცხლებთ. კონსტიტუცია თქვენს ხელში ცოცხალი დოკუმენტი ხდება, რომელიც მხოლოდ კრიზისულ სიტუაციაში კი არ გამოიყენება, არამედ არის ის დოკუმენტი, რომლითაც ჩვენ ყველა ერთად ვახერხებთ, ვიყოთ აქტიური მოქალაქეები - გავაკონტროლოთ პოლიტიკოსები, დავიცვათ ჩვენი და სხვისი უფლებები, პატრიოტული მიზნები და ღირებულებები შევიტანოთ ჩვენს ყოველდღიურობაში.

 

 

ამას აკეთებთ დღეს თქვენ, რადგან თქვენ მასში თქვენს შემოქმედებას დებთ. პოლიტიკურად ეს ერთერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რაც დღეს საქართველოში მიმდინარეობს. თქვენ დღეს ფიქრობთ ხვალინდელ საქართველოზე.

 

მე ვარ იქ, სადაც ჩემი ქვეყნის ხვალინდელი წუთი იბადება. მე მინდა ვიგრძნო თქვენგან, რომ თითოეული თქვენგანი, ხვალაც იქნებით თავისუფალი ადამიანის მიერ თავისუფალი ქვეყნის შექმნის პროცესის მონაწილე.

 

 

მე ვცხოვრობდი საბჭოთა კავშირში, ჩემმა თაობამ შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახადა, თავისი პრობლემებითა და სირთულეებით, ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა, მაგრამ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ ნაბიჯი გადასადგმელი და მე მჯერა, რომ თქვენი თაობა ჩვენი თანამონაწილეობით შეძლებს თავისუფალი საქართველოს შექმნას", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა კონკურსის"მე და კონსტიტუცია" ფინალისტებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner