logo_geo
eng_logo
მანუჩარ კაჭახიძე: საქართველოს ჰიმნი თუ კიაზოს მისამღერი?!
- +

17 ივლისი. 2018. 02:58

 

 

საქართველოს ჰიმნი თუ კიაზოს მისამღერი?!

 

დღეს მოვკარი თვალი ინტერნეტში სათაურებს, "ყანჩელმა თქვა ჰიმნი უნდა შეიცვალოსო". აქა-იქ ხალხის კომენტარებიც შემომეკითხა, ვიღაც წერდა, ყანჩელმა თავის საქმეს მიხედოსო.

 

გაგიგია? გამოდის, რომ კომპოზიტორის საქმე არ ყოფილა მუსიკალურად ჰიმნი თუ რთულად შესასრულებელია…

 

ამ წერილში, ვეცდები, არამუსიკალურად გავარჩიო ქართული ჰიმნის ისტორია.

 

პირველი ქართული ჰიმნი, ჟორდანიასეულია. ისიც ღერბივით და დროშასავით უკრიტიკოდ გადმოტანილ იქნა უზენაესი საბჭოს მიერ, ოღონდ კაპელასათვის შესასრულებლად დაწერილი მუსიკა გაორკესტრდა.

 

თუმცა, კოტე ფოცხვერაშვილის ტექსტი და სიმღერა, რომელსაც საქართველოს ჰიმნი ეწოდა, არ იყო უალტერნატივო. უპირველესი კონკურენტი ამ ჰიმნისა, რომელიც მართლაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო უალტერნატივოდ როგორც პირველი, ასევე დანარჩენი რესპუბლიკების დროსაც, ესაა ყარაშვილის სიმღერა - "სამშობლო, სამშობლო, ჩემო ლამაზო!" (ეს ისაა, რაზეც საუბრობს გია ყანჩელი).

 

ვინც კოტე ფოცხვერაშვილის ჰიმნის შესახებ არაფერი იცოდა, მას, ბუნებრივია, ეს მელოდია ეგონა საქართველოს ჰიმნი და არც თუ უსაფუძვლოდ. ეს მუსიკა პირწმინდად ქართული სულისკვეთებითაა შექმნილი, ქართული მუსიკალური ტრადიციების სრული დაცვით, - და იგი საქართველოს ჰიმნად არ მიიღეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მელოდიის მეორე ნაწილი, ანუ ნაწარმოების მთავარი თემა, არ ჯდებოდა საჰიმნო პარამეტრებში.

 

იგი რთული შესასრულებელი ნაწილია და მელოდიკითაც ინსტრუმენტალური შესრულებისთვის შეუთავსებელი მასალაა, მხოლოდ საგუნდო შესრულებას მოითხოვს. რაც შეეხება უვერტიურას, იგი იმდენად მოკლეა, რომ ვერანაირი სიმფონიური დამუშავება ვერ გაზრდის ისე, რომ სულ მცირე, ორი კუპლეტი და ერთი მისამღერი ჩაიტიოს თავის თავში.

 

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობისას ყოველ შეკრებაზე ჰიმნის ნაცვლად, ანუ არაოფიციალურ ჰიმნად, ასრულებდნენ რევაზ ლაღიძის სიმღერას ილია ჭავჭავაძის ტექსტზე - "ჩემო კარგო ქვეყანავ". ყველას ეგონა, რომ ეს იქნებოდა საქართველოს მომავალი ჰიმნი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჟორდანიასეულმა ჰიმნმა მიიღო აშკარა და უპრეცედენტო უპირატესობა.

 

ბევრმა ეს ტექსტი და სიმღერა პირველად მხოლოდ მისი სახელმწიფო ჰიმნად გამოცხადების დღეს მოისმინა. იქამდე, ტექსტიც, სიმღერისა არ იყოს, უღიმღამო და საქართველოსთვის შეუფერებელი იყო.

 

შევარდნაძის მეორედ მოსვლის მიწურულს გაიმართა კონკურსი და ამადაც უცნაური - ჩატარდა კონკურსი მუსიკალური ნაწარმოების შესარჩევად, ყოველგვარი ტექსტის დართვის გარეშე, მშრალად - მხოლოდ მელოდიისთვის.

 

ვიდრე კონკურსის შესახებ ვიტყოდე, მსურს, ერთი აუცილებელი მინიშნება გავაკეთო: მთელმა საქართველომ, ყოველ შემთხვევაში, საშვიდნოემბრო და საპირველმაისო დემონსტრაციებზე გამოსულებმა და ამ პარადების ტელე, თუ, ასე ვთქვათ, ცოცხლად მაყურებლებმა, საუკეთესოდ იციან რევაზ ლაღიძისა და პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის "ჰიმნი პარტიას". თავდაპირველი ვარიანტით, ეს ლექსი ყოფილა არათუ დიდება პარტიისა და ლენინისადმი, არამედ უდავოდ მაღალ-პატრიოტული გრძნობის ნაწარმოები.

 

აი ისიც:

 

"როცა მოგვიხმობს სამშობლო, აგუგუნდება მთა-ბარი,

მამულს შესწიროს სიცოცხლე, ყველა ქართველი მზად არის.

თამარის ნათელით ქართველი ერი სულით ბრწყინდება,

მარად წინ ვიაროთ, მერმისი უკეთეს დღეს გვპირდება,

სამშობლოს მომავალს ვუმღეროთ დიდება,

დიდება სამშობლოს, სამშობლოს დიდება!"

 

თუ ილიას ლექსი საჰიმნოდ იმისთვის იქნა დაწუნებული, რომ იქ საუბარი იყო "აწმყო თუ არა გწყალობსო", აქ პათოსი ძალზედ მაღალია. თუ ილიასეული ლექსის ლაღიძის სიმღერა სწორედ რომ არაოფიციალური ჰიმნია საქართველოსი, თავისი სიღრმე-სიძლიერით გრუზინსკი-ლაღიძისეული სიმღერა მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოს დაამშვენებდა.

 

ამდენად, კონკურსამდე არ უნდა მისულიყო საქმე და ისეთ კონკურსამდე, სადაც სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის საჰიმნო კომპონენტს ერთმანეთისაგან განცალკევებულად არჩევენ: ჯერ მუსიკას და შემდეგ მუსიკაზე დასადებ ტექსტს.

 

სწორედ ასეთი უკუღმართი ჰიმნი აქვს დღეს საქართველოს, მიუხედავად ზაქარია ფალიაშვილის შესანიშნავი მუსიკისა, სადაც ფალიაშვილისეული მხოლოდ თემაა დარჩენილი კიაზოსი, ასე ვთქვათ, ორატორიიდან -

 

"მტერსა ურჯულოს, თავხედსა, გადმოულახავს ბარია,

გაუთელია ჯეჯილი, დაუწვავს ეზო-კარია".

 

შემდეგ შეცვლილი ტონალობა იმავე თემისა ამაღლებულია:

"ნუ დავთმობთ თავისუფლებას, ჩვენი ცოცხალი თავითა,

ადგება ხალხი გულადი, თავის ძლიერი მკლავითა"

 

და მთელი საჰიმნო ლაიტმოტივი გადმოტანილია სწორედ ამ თემის მისამღერზე:

"თავისუფლება დღეს ჩვენგან მოითხოვს მსხვერპლსა დიადსა,

ჩვენ ჩვენის მკლავით შევმუსრავთ კარზე მომდგარსა წყვდიადსა."

 

უნდა ითქვას, რომ ეს მუსიკალური თემა მთელს ოპერაში ბევრგან მეორდება სხვადასხვა კონტექსტით, სხვადასხვა ტონალობაში გადაწყვეტით და იგი ვერამც და ვერამც ვერ იქნებოდა მხოლოდ სასიმღერო თემა, რომანსის დონეზეც კი, რადგან მასში ბევრი სხვა ჩართული თემა და რთული განშტოებებია, რაშიც სავსებით დამეთანხმებიან არათუ მხოლოდ მუსიკის სპეციალისტები, არამედ ისინიც, ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ზაქარია ფალიშვილის "დაისი".

 

ჩემი აზრით, უადგილობა იყო ამ ორატორიის გამოყენება საქართველოს ჰიმნად, რადგან თვით ეს ოპერაა საქართველოს სულიერი ჰიმნი და მას სახელმწიფოებრივი დატვირთვა მხოლოდ და მხოლოდ დააკნინებდა. დააკნინებდა სწორედ ის პირველი აკორდები, რომლებითაც იწყება ეს ე.წ. ჰიმნი. ეს აკორდები სხვა ტონალობაშია გადაწყვეტილი, ძირითადი მუსიკა კი - სხვაში. ამ აკორდმა სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა ფალიაშვილის შესანიშნავი მელოდია.

 

გეგონება, ჰიმნს კი არ უსმენ, არამედ ზიხარ ცირკის არენაზე და ჟონგლიორების, ან აკრობატების ნომრების წინასწარმაუწყებელ სამზადის ჰანგებს ისმენ. ამავე დროს არაფრის მომცემია ეს აკორდები შემდეგ განვითარებული მელოდიისათვის.

 

ბევრს ემახსოვრება დავით გამრეკელის მიერ სიმფონიური ორკესტრისა და სახელმწიფო კაპელის მიერ შესრულებული ეს სიმღერა:

 

"სად გინახავთ ასეთი ტურფა მთა-ბარი,

ან ეს ზეცა-ფირუზი სხვაგან სად არი,

ან თუ სადმე გინახავთ თებერვალში ვარდები,

თოვლის ნაცვლად ზამბახებით დაიბარდნები".

ზღაპარივით ტკბილია მშობლიური მთა-ბარი,

ზეცა ასე ფირუზი, არსად არ არის.

ხარობს ყველა ყვავილი, მღერის ნიავი,

აქ ხომ ყველა ბეღურა ბულბული არის,

მღერის ახალ სიმღერას, შრომაშია გართული,

ნაომარი და ჭაღარა მიწა ქართული"

 

თუ გადასაკეთებელი იყო, გადაეკეთებინათ ტექსტი ან ამ სიმღერისთვის, ან რეზო ლაღიძის "ჩემო კარგო ქვეყნისათვის", ან რომელიმე პატრიოტული მუსიკისათვის.

 

ახლა კი, როდესაც შემსრულებლები ფინალზე გადადიან, ძალაუნებურად მახსენდება ფალიაშვილისეული ოპერის ამ ორატორიის ფინალი, სადაც კიაზო თავის მიმართვას ამთავრებს შოთა რუსთველის სიტყვებით - "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი…"

 

და მგონია, რომ გუნდს, და მაინც ოპერებში გამოწვრთნილ გუნდს, რომელსაც ხშირად უწევს ამ ტექსტისა და მუსიკის შესრულება, შეეშლება და დაამღერებს: "დიდება თავისუფლებას" ნაცვლად სწორედ - "სჯოოობს სი-ცო-ცხლე-სა ნაზრახ-სააა სიკვ-დი-ლი სა-ა-ხე-ლოოო-ვა-ა-ნიიიი"-ო.

 

 

ავტორი: მანუჩარ კაჭახიძე

 

 

წყარო: www.kutaisipost.ge

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner