logo_geo
eng_logo
აკაკი ზოიძე: კომპანიებს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა გაცილებით ძვირი უნდა დაუჯდეთ, ვიდრე დაცვა
- +

17 ივლისი. 2018. 03:09

 

 

„იმედი მაქვს, შახტის დახურვით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა დასრულდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„სწორია გადაწყვეტილება, რომ გამოძიების დასრულებამდე სამუშაოები შეჩერდეს. ეს შახტები არ უნდა გაიღოს მანამდე, სანამ არ მოხდება უსაფრთხოების ნორმების დანერგვა, მაღალ სტანდარტებზე აყვანა და უბედური შემთხვევების ალბათობის მინიმუმამდე დაყვანა“, – განაცხადა ზოიძემ.

 

მისი თქმით, შსს სწრაფად და ეფექტიანად მოქმედებს და აპრილის თვეში თუ დღეს მომხდარი შემთხვევის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს.

 

„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა დადგინდება, ეს მხოლოდ მათ ჯიბეებს კი არ უნდა მოხვდეს, არამედ საფრთხე მათ თავისუფლებას უნდა დაემუქროს. ამ შემთხვევაში, უფრო დიდი იქნება მოტივაცია, ისეთი უსაფრთხოების სისტემები დააყენონ, რომელიც მხოლოდ ხალხის გადაადგილებას არ გააკონტროლებს.

 

გამოსავალი იმაშია, სასამართლო პრაქტიკამ პრევენცია გააკეთოს და კომპანიებს ნორმების არდაცვა გაცილებით ძვირი დაუჯდეთ, ვიდრე დაცვა. ვერანაირი მონიტორინგი ვერაფერს გააწყობს, თუ კომპანიისთვის მომგებიანია, შრომის უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვას და მერე ჯარიმები, ან სხვა სანქციები გადაიხადოს. სასამართლო პრაქტიკა ისეთი უნდა იყოს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობისთვის კომპანიას მილიონიანი კომპენსაციების გადახდა და უმაღლეს მენეჯმენტს არამხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისროს“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner