„ჩვენი მთავარი მიდგომაა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო, გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა და მივაღწიოთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საერთაშორისო საგადასახადო თანამშრომლობის საკითხების განსახილველად ორგანიზებულ მაღალი რანგის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო პოლიტიკის ცენტრის (CTPA) დირექტორი პასკალ სან-ამანსი.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ასეთი მაღალი რანგის შეხვედრის მასპინძლობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რადგანაც ეს ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე როლს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სახელმწიფოებში.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლო ამ ძალზედ მნიშვნელოვან შეხვედრას და თქვენთან ერთად განვიხილოთ საგადასახადო სფეროში არსებული პრობლემები, რომლებსაც გლობალური მნიშვნელობა ენიჭება. სწრაფად ცვალებადი გლობალური გარემო, წარმოშობს ახალ გამოწვევებს საერთაშორისო დაბეგვრის დღის წესრიგში. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო არის ღია ეკონომიკის ქვეყანა და რეგიონალური ჰაბი. ჩვენი პოლიტიკაა, საქართველოში კიდევ უფრო გამარტივდეს ბიზნესგარემო და ამ კუთხით მნიშვნელოვანია, თანამედროვე საგადასახადო სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, ვინაიდან, სწორედ საგადასახადო სისტემა განსაზღვრავს ჩვენს სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დაფინანსების შესაძლებლობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, საქართველო შედარებით დაბალი საგადასახადო ტვირთის მქონე ქვეყანაა, ძალიან მარტივი საგადასახადო სტრუქტურით და ბიზნესისთვის გამარტივებული საგადასახადო რეგულაციებით.
„ჩვენი ქვეყნის საგადასახადო სისტემა დაახლოებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და ეს მოცემულობა აღიარებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საინვესტიციო გარემოს და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაზე, მისი მიზანია, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ჩვენი მომავალი რეფორმები მიზნად ისახავს საგადასახდო აქტივობების ზრდას, ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირებას. მსგავსი ფორმატის შეხვედრები დამატებითი შესაძლებლობაა, რათა განხილულ იქნეს სხვადასხვა რეგიონალური მნიშვნელობის საკითხი დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში და უპასუხა ფორუმის მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს.