logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვაჰ, დრონი, დრონი, ანუ, საქმემან შენმა გამოგაჩინოს!
- +

17 ივლისი. 2018. 21:11

 

 

ვაჰ, დრონი, დრონი, ანუ, საქმემან შენმა გამოგაჩინოს!


*************************************************************


აჰა, ესეც სურპრიზი...

 

ინტერნეტში, ერთერთი ცნობილი რუსი ბლოგერი დენის დრაგუნსკი (Denis Dragunski) აქვეყნებს საბჭოთა პერიოდის ე.წ „ლეგენდებს“ და მათ შორის იხსენებს რამდენიმე პოზიტიურ(!!!) ისტორიას, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია იმდროინდელ საქართველოსთან და მის სახელმწიფო ტელევიზიასთან. რასაც ყვება ეს ბლოგერი, რა თქმა უნდა, მას ჭორის დონეზე აქვს განაგონი და, აქედან გამომდინარე, ზოგიერთი დეტალი მიამიტურ შთაბეჭდილებას ტოვებს და აშკარად ღიმილისმომგვრელია. მთავარი მაინც ეს მიამიტობა კი არ არის, არამედ ქვეტექსტი, რომელიც ამ „ისტორიების“ დაუჯერებლობას მიანიშნებს: იმდენად ორიგინალური, უნიკალური ამბებია, შეუძლებელიაო ეს იმ(!) საბჭოთა(!) დროს მომხდარიყოო...

 

და აი, ამ „ეჭვიან“ ბლოგერს გამოეხმაურა საკმაოდ ცნობილი კალმოსანი ლევ სიმკინი (Lev Simkin), რომელიც წერს:

 

„80-იანი წლების დასაწყისში თბილისში მივლინებით გამაგზავნეს. უნდა შემესწავლა სამართლებრივი პროპაგანდის „სინამდვილე“, - იყო ასეთი მოდა. რაღაც პროპაგანდა, ლექციები თუ ამის მსგავსი რომ ვინმეს დანაშაულის ჩადენაზე ხელს ააღებინებდა, რა თქმა უნდა არ მჯეროდა. მით უმეტეს საბჭოთა საქართველოში, სადაც დიდი კანონმორჩილებით არ გამოირჩეოდნენ. თუმცა, ადგილობრივი ხელმძღვანელები სერიოზულად მიმტკიცებდნენ, რომ ქართულმა ტელევიზიამ „კიდნეპინგის“ აგორებული ტალღა ნამდვილად შეაჩერა.


თემამ დამაინტერესა, მეგონა ბავშვებს მარტო ამერიკაში იტაცებდნენ. აღმოჩნდა, რომ რაღაც მომენტში, თბილისშიც დაიწყეს გამოსასყიდის მოთხოვნით, მდიდარი ადამიანების შვილების მოტაცება. ყაჩაღების გათვლით, მშობლები მილიციას არ მიმართავდნენ, ცალკე ბავშვების უსაფრთხოებაზე და ცალკე საკუთარ სიმდიდრეზე ფიქრით. ცხადია, იმ დროს , კანონიერი გზით ქონებას ვერ დააგროვებდი, უბედური მშობლები ძირითადად „ცეხავიკები“ იყვნენ (ასე ეძახდნენ სამხრეთში იატაკქვეშა საქმოსნებს).


ამგვარად, აღმოვჩნდი საქართველოს ტელევიზიის უფროსის ნუგზარ ფოფხაძის კაბინეტში. მახსოვს მისი მონათხრობი, რომლის პარალელურად, ერთერთ მონიტორზე, ტელეგადაცემის ნაწყვეტებს ვუყურებდი. შევეცდები ეს მონათხრობი აღვადგინო:


„გატაცებული ბავშვი იპოვეს ერთი ყაჩაღის ნათესავების სახლში სოფლად, ვითომ არაფერი იცოდნენ, ამ დროს გაკოჭილ ბავშვს სადღაც საქონლის ბაგაში თუ სასიმინდეში მალავდნენ.


ჩვენი ინიციატივით, მოეწყო სოფლის მაცხოვრებელთა კრება, სადაც თანასოფლელებმა პირში მიახალეს რასაც მათზე ფიქრობდნენ. ეს შეკრება ტელევიზიით გადაიცა და იმ ოჯახს იქაურობის დატოვება მოუწია. ასეთივე კრებები გაიმართა გამტაცებელთა სამსახურებში (თავად ყაჩაღები დააკავეს). ტელეკამერების წინ გამოვიდნენ ყაჩაღების მშობლები, სახალხოდ დაგმეს შვილების საქციელი და უარი თქვეს მათზე. ამან იმოქმედა, გატაცებების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ბოლოს ასეთი ფაქტი მოხდა. სომეხი ეროვნების ოჯახს მოსტაცეს გოგონა. შევარდნაძის ნებართვით („შენი პასუხისმგებლობითო“ ასე მითხრა), გამოვედი ტელევიზიით და ვთქვი, რომ, თუ დათქმულ დროზე ბავშვს არ დააბრუნებდნენ, დაკავების შემდეგ (მათ კი აუცილებლად დაიჭერდნენ), დამნაშავეებს გოგონას ნათესავებს გადასცემდნენ. გამოვაცხადე ჩემი ტელეფონი. ერთ საათში დარეკეს და თქვეს, რომ გოგონა ამა და ამ ეზოში სკამზე ზისო. მაშინვე გავემართეთ და მთელ საქართველოს ვაჩვენეთ ბავშვის შეხვედრა მშობლებთან.“

 

ესეც ასე: 39 წლის წინანდელი ისტორიას იხსენებენ, მართალია, არცთუ ზუსტად, პაწია შეცდომებით, მაგრამ, ვიმეორებ, პ ო ზ ი ტ ი უ რ ა დ!.. მადლობას აუცილებლად შევუთვლი.

 

ერთი სიტყვით, ამ გამოხმაურებაში ძირითადადი აქცენტი კეთდება ცნობილი ტელეგადაცემის - „კაკაბეთის ზარების“ შესახებ. საშინელი და ამაზრზენი დანაშაულის (იმ დროისთვის უკვე 16 ფაქტი) კვალდაკვალ და მის წინააღმდეგ მიმართული, „შოკური პროპაგანდის“ პრინციპზე აგებული ეს გადაცემა (1979 წ.) იმდენად რეზონანსული, იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ შემდგომი ათი წლის მანძილზე, მანამდე, ვიდრე ქვეყანა „ მხედრიონულად“ აირეოდა, წერტილი დაესვა ამ უბედურებას - ადამიანების (მათ შორის ბავშვების) გატაცებას ფულის გამოძალვის მიზნით.

 

ეს გადაცემა თავისი მნიშვნელობით გასცდა ჩვენს მასშტაბებს, რამეთუ გახშირებული ტერორისტული აქტების ტრაგიკული დასასრულის ფონზე (მაგ. იტალიის პრემიერ-მინისტრის ალდო მოროს მკვლელობა და სხვ,), როცა მსოფლიოს სპეცსამსახურების მრავალწლიანი მცდელობები აღეკვეთა უსაზიზღრესი დანაშაულებრივი პროცესი, ჯერ კიდევ არ იძლეოდა სასურველ შედეგებს... და სწორედ ამ დაძაბულ ვითარებაში, პირველად საერთაშორისო მასშტაბით, ტელევიზიის ჩარევა კონკრეტული დანაშაულის გახსნა-დამთავრებაში დასრულდა წარმატებით, ანუ, უსისხლოდ. ეს იყო საქართველოს ტელერადიოკომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეჯოს მმართველობის და კახური წარმოშობის ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელთა დიდი გამარჯვება. გახმაურებული იმ დონეზე, რომ ტერორიზმის წინააღდეგ მიმართული ერთერთი დიდი და დახურული კონფერენციის მონაწილეებს საჭოთა დელეგაციამ საილუსტრაციოდ წარუდგინა სწორედ ეს გადაცემა - „კაკაბეთის ზარები“.

 

ამის შესახებ მაშინ წერდნენ, ახლაც წერს და საუბრობს ბევრი, ვისაც არ ეზარებოდა და არ ეზარება. მათ შორის, ჩემი მეგობრები-კოლეგები, ბუნებრივია - გადაცემის ავტორ-მონაწილეები... წერენ იმას, რაც იციან, რისი მოწმენიც იყვნენ... ცალ-ცალკე ყველა მართალს წერს. მაგრამ მთლიანად, მასშტაბურად, სრულად, დეტალებში, იდეიდან დაწყებული ბოლო წერტილამდე დამთავრებული - არავინ! ვერც დაწერენ, რამეთუ დეტალები (სწორედ ის დეტალები, ეშმაკი რომ არის დამალული) არც არავინ იცოდა, არც ახლა იცის... ჩემს გარდა!


...ამ ორიოდე წლის წინ ტელევიზიით გამოვიდა ერთი მაშინდელი მაღალჩინოსანი, დამსახურებული კაცი, ჩემი ახლობელი და ამ გადაცემაზე ისაუბრა. კი, მაშინ ის გვარიანად(!) მოგვეხმარა(!!), თანამდებობრივად ევალებოდა კიდეც. (სხვათაშორის, ასევე, მიუხედავად შინაგანი პროტესტისა, რაც "საგარეჯოულ" პატრიოტიზმს ეფუძნებოდა, დიდად ამოგვიდგა გვერდში რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელი, უვაჟკაცესი და უკეთილშობილესი მედეა მეზვრიშვილი.) მაგრამ, მოხმარება არ ნიშნავს სატელევიზიო პროდუქტის შექმნა-განახორციელებას, რაც მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედებითი და საორგანიზაციო ჯგუფის აქტივში იწერება. ერთი სიტყვით, იმ მაღალჩინოსანმა, ნამეტნავად ბევრი მიაწერა საკუთარ და უწყებრივ დამსახურებებს. ტელეწამყვანის შეკითხვაზე, მაშინდელი ტელერადიოს ხელმძღვანელის „როლზე“, ძლივს ამოღერღა: ჰო, ისიც(!) იყოო.

 

ამ დეტალს არც გავიხსენებდი, წარსული ფაქტებისადმი ასეთი სუბიექტური მიდგომა იშვიათობას რომ წარმოადგენდეს; უმადურობის, დაუნახავობის, წარსულის დავიწყების, დაუფასებლობის ტრადიცია უკვე დაღვინებულია. და არა მარტო ერთ სფეროში.
ისტორიულ ათვლებს ბევრი საკუთარი პერსონიდან იწყებს. აგერ, სულ ცინცხალი მაგალითი. ცოტა ხნის წინ გაჟღერებული: ქართული სახელმწიფოს შექმნა 2003 წლის 23 ნოემბრიდან დაუწყია პატივცემულ ექსპრესზიდენტს და 2013 წლის ბოლოს, საპრეზიდენტო ვადის დასრულებისას დაუმთავრებია. აუუუ, ამის გამგონე რამდენი ქართველი მეფე და ეროვნული მოღვაწე გადატრიალდებოდა საფლავში... გაოცებისგან?!

 

ღიმილის მომგვრელი მარტო ეს ფაქტი არ არის. მართალია, მასშტაბები და პარალელები სხვაა, გაცილებით მცირე, მაგრამ მავანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი. აი, თუნდაც, რუსთაველის საზოგადოების დღევანდელმა მესვეურებმა იციან როგორ შეიქმნა ეს საზიგადოება? ვისი იდეა იყო, ვისი ინიციატივა? ვინ ზიდა პასუხისმგებლობისა და ორგანიზების ტვირთი? ეგებ, ერთხელ მაინც კარგად, ღრმად და ობიექტურად ჩაიხედონ თავიანთ „ისტორიაში“ და ღონისძიებებზე ისტუმრონ უბრალო დამსწრედ... მათივე საზოგადოების „შამქმნელნი“?

 

ან, ახლა ბევრი მიიწერს დამსახურებად „კიროვის პარკად“ წოდებული „კალათბურთის მოედნის“ სასახლედ გადაკეთება-აშენებას. ასევე, "ჯანსუღ კახიძის ცენტრის"... და არცერთხელ არავის გახსენებია დიდი კალათბურთელისა და დიდი მშენებლის სანდრო გლურჯიძის სახელი... სხვისიც, იმ ადამიანებისა, რომლებიც დღენიადაგ ოფლად იღვრებოდნენ ამ საქმისთვის და რომელთაც იქ თვალით არ უნახავთ ისინი, შემდგომ თავს რომ იწონებენ თავიანთი „დამსახურებით“...

 

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდი მაყურებლის თეატრის კოლექტივმა იცის კი მაგ უნიკალური ობიექტის (ადრე რომ სანკულტურის თეატრი ერქვა) „დაბადებაში“ რა როლი ითამაშა მაშინდელმა ვიცე-პრემიერმა ვიქტორია სირაძემ, რომლის დაჟინებამ, წინდახედულებამ, რისკიანმა თავდადებამ ყველა ბიუროკრატიული კედელი გაარღვია მოსკოვში, მოიპოვა იმ დროისთვის წარმოუდგენელი დაფინანსება და რომელიც, ღვთის წყალობით, დღეს ჩვენს გვერდით არის... ისე, გაიღეთ "მოწყალება", ერთხელ მაინც „დაპატიჟეთ“ პრემიერაზე ქალბატონი ვიკა და მასთან ერთად, ეგებ, შეხვდეს მოსაწვევი ბარათი მაგ მშენებლობის შტაბის უფროსსაც, რომელიც თეატრის მაშინდელ დირექტორთან, აწ განსვენებულ ირინა გოცირიძესთან ერთად... რამდენიმე “აგური“ დადო მაგ ობიექტის „გასაცოცხლებლად“... 

 

ანდა, ვინმეს ახალთაობიდან ყურმოკვრით მაინც თუ გაუგია, თუ საჯაროდ, ტანკივით როგორ გადაუარა ნიკიტა ხრუშჩოვმა საქართველოს ხელმძღვანელობას იმ ე.წ. "არქიტექტურული ზედმეტობებისთვის", რომელიც ამშვენებს დღევანდელი მეცნიერებათა აკადემიისა და "კინო-სახლის" შენობას და მიუხედავად ამ "რისხვისა", სწორედ მაშინ აშენდა თბილისის სპორტის სასახლე, ვაკე-საბურთალოს გზა... და ეს წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო ვასილ მჟავანაძის, გივი ჯავახიშვილის და გიორგი გეგეშიძის "ტრიოს" გაბედულება და რისკი.

 

ეგებ, ღირდეს ახლა მაინც მივაგოთ პატივი და მთაწმინდის ბინადრების გვერდით მივუჩინოთ კუთვნილი და ღირსეული ადგილი დიდ ირაკლი აბაშიძეს, რუსთაველის დაუვიწყარი იუბილეს უპირველეს ორგანიზატორს, რომლის სახელმა, ავტორიტეტმა, „ხონურმა“ სიბრძნემ აიძულა იგივე სსრ კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა გაეცა ნებართვა მანამდე არნახულ საერთაშორისო მასშტაბებში ჩატარებულიყო არა მარტო ეს იუბილე, არამედ მოწყობილიყო „აბაშიძე-შანიძე-წერეთლის“ სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალემის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა და სამშობლოს „დაუბრუნა“ შოთა რუსთაველის პორტრეტი.

 

ასევე, დედაუნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სამეცნიერო ბიბლიოთეკა სხვა ობიექტებთან ერთად იდეა-ჩანაფიქრში უნდა ყოფილიყო დიდი საუნივერსიტეტო კომპლექსი, რომლის გადაწყვეტილება მიიღო 1966 წელს, თბილისში სტუმრად მყოფმა ლეონიდ ბრეჟნევმა და, არა მგონია თსუ დღევანდელმა რექტორატმა, პროფესურამ ან სტუდენტობამ იცოდეს ის, თუ როგორ, რა მეთოდებით, რა თავდადებით მოაბა თავი ამ საშვილიშვილო საქმეს თსუ მაშინდელმა პარტკომმა, შემდგომ საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ აკაკი კარანაძემ, კრისტალური(!!!) პატიოსნების მქონე სახელმწიფო მოღვაწემ, რომელმაც სამშობლოს სასიკეთოდ არაერთგზის გამოიყენა ბრეჟნევის გარემოცვის წამყვან ფიგურებთან - თავის ყოფილ თანაკურსელებთან პირადი მეგობრული კავშირები.

 

...მთელი საქართველო გულშემატკივრობდა ლანჩხუთის "გურიის" მცდელობას გადასულიყო უმაღლეს ლიგაში და ეს წარმოუდგენელი იქნებოდა იმ დროის შესაფერისი სტადიონის გარეშე. ახლა, ერთი მილიარდერი გვყავს და ჩვენივე თანამემამულები მზად არიან ჯვარს აცვან იგი "რაღაც-რაღაცეებისთვის". მაშინ კი სუპერ-სტადიონის აშენებას იმდენი "ხათაბალა" ჭირდებოდა, იმდენი "ანონიმკა" და საჩივარი იგზავნებოდა ცენტრში რომ... არა მგონია ჯუმბერ პატიაშვილი, აწგანსვენებულნი ევგრაფი შევარდნაძე და სანდრო გლურჯიძე, ისევე როგორც სხვა ამაგდარი ადამიანები არ იმსახურებდნენ კეთილ სიტყვასა და გულწრფელ მადლობას...

 

...ახალციხის უნივერსიტეტი დღეს არ გვექნებოდა, რომ ამ საშვილიშვილო საქმის კეთილად დასრულებისთვის არ ეღვაწათ ამ კუთხის ღირსეულ შვილს პროფესორ მერაბ ბერიძეს და თსუ-ს მაშინდელი რექტორს, აკადემიკოს როინ მეტრეველს. სხვათაშორის, როინ მეტრეველს მესხეთელები უნდა უმადლოდნენ იმ პერიოდის უნიკალურ და გაბედულ მოვლენას - იმ მხარის ეროვნული მუხტის გაღვივების ერთ უმძლავრეს ფაქტორს - დაარსებას ახალციხის თეატრისა, რომელსაც მთელი თავისი ნიჭი და ახალგაზრდული წლები შეწირა დაუვიწყარმა ნანა დემეტრაშვილმა და პატრიოტული სულისკვეთებით უხვად დაჯილდოვებულმა მისმა სტდენტურმა ჯგუფმა...

 

კალამი გამექცა, ჩამოთვლა გამიგრძელდა. სია კი მართლა ვეებერთელა გამომივიდოდა...

 

არადა, "კაკაბეთის ზარებზე" მოსკოველი „ტიპის“ თბილი მოგონება რომ არა, არ დაიწერებოდა ფეისბუკზე არ დაიდებოდა არც ეს მოგონება, პაწია გულისტკივილით გაჯერებული კი, მაგრამ აღსავსე მადლიერებით, საამაყო საქმეთა მკეთებელი ადამიანების თბილი გახსენებით და იმის იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს შევეშვებით ბოდვებამდე მისულ ყბედობას, წარსულში, უკვე ისტორიაში დარჩენილი საქმეების თუ მათი ინიციატორ -ორგანიზატორი ადამიანებისადმი ზოგჯერ აგდებულ დამოკიდებულებას, ზოგჯერ კი საზღვარგადასულ ლანძღვა-გინებას, თანაც, განურჩევლად და ვისწავლით ნაღდ წინაპართა ღირსეულ დაფასებას.

 

მავანთა გასაგონად: ისე რომ იცოდეთ, თქვენც მოხუცდებით ახალგაზრდა მეგობრებო და... გირჩევთ, ავარჯიშოთ მეხსიერება, უკირკიტეთ წარსულის ზნეობრივ მაგალითებს, იამაყეთ საქვეყნო საქმისთვის თავდადებული ადამიანების ნაღვაწით, პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე ისწავლეთ წინაპართა ღვაწლის შეფასება - დაფასება და არასოდეს დაგავიწყდეთ უმადური შვილის მიერ გოდრით ტყეში მიყვანილ - დატოვებული მამის შეძახილი:, გოდორი წაიღე, ბიჭო, შენც რომ მოხუცდები შვილს გამოადგება შენ აქ მოსაყვანადო...

 

ეს გამიზნული პოსტი უტიფარი ტიპაჟისსთვის უფრო დავწერე, მათ, მაყეფარ და ბოდვებით შეპყრობილთ და ეღთმანეთს ტყუპისცალივით მსგავს კაცუნებს შევუძახებ, ზოგადად:

 

მიდი, მიდი, შენ დაუკა, ბრიყვო კოლექტიურო "ოთოია"!


შენ კი ტაში, ტუში კოლექტიურო "ზაქარ-შუბლზეძარღვგაწყვეტილო"!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner