„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით დაკავებული იმედა აბაშიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ცუდად გახდა, რის გამოც პროცესი შეწყდა. იმედა აბაშიძის ახლობლები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. განსასჯელთა კაბინაში აბაშიძის მეუღლე შეუშვეს, რომელმაც პირველადი დახმარება გაუწია ბრალდებულს, რის შემდეგაც მოსამართლემ პროცესი განაახლა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სამ საათზე მეტია მიმდინარეობს „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 10 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. ასევე სასამართლო დაუსწრებლად მიიღებს გადაწყვეტილებას ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლისთან დაკავშირებითაც. ადვოკატები გირაოს შეფარდებას ითხოვენ.