თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დიდუბის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი მიენიჭება, ხოლო ნაცვალგების პრინციპით, ბუენოს აირესში ერთ-ერთ სკვერს თბილისის სახელი დაერქმევა.
დიდუბის რაიონში მდებარე სკვერში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე და სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი, არგენტინის იუსტიციის მინისტრი, ხერმან გარავანო და არგენტინის ელჩი საქართველოში (რეზიდენციით ქალაქ ანკარაში) ხულიან ლუის ტეტამანტი იმყოფებოდნენ. გიორგი ტყემალაძემ ხერმან გარავანოს გადასცა განზრახულება, რომლის თანახმად სკვერის სახელდება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოხდება.
როგორც გიორგი ტყემალაძემ და თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნეს, არგენტინა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და ვინაიდან წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლისთავი აღინიშნება, არგენტინის მიმართ მადლიერების გამოსახატად თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკვერს ბუენოს-აირესის სახელი მიენიჭოს, ხოლო, ნაცვალგების პრინციპით, ბუენოს-აირესში მდებარე სკვერს თბილისის სახელი დაერქმევა.
შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ვლადიმერ ძნელაძე, თბილისის საკრებულოს წევრები, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და არგენტინის საელჩოს წარმომადგენლები.