logo_geo
eng_logo
შსს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხვა პირების დაკავებას არ გამორიცხავს
- +

20 ივლისი. 2018. 13:01

 

 

შსს არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხვა პირებიც დააკავონ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

„გუშინ შსს-მ „ხორავას საქმიდან“ ცალკე გამოყოფილი საქმის ფარგლებში ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე დააკავა. სავარაუდოდ, აღნიშნულ პიროვნებას პროკურატურა ბრალს დღეს წარუდგენს. რაც შეეხება გამოძიებას, ის გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარებას, ამის ნათელი მაგალითია გუშინდელი დაკავების ფაქტი. კონკრეტულად მე ვერ გეტყვით, რა მიმართულებით რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს გამოძიება, თუმცა მტკიცებულებების მოპოვება გრძელდება, როგორც კი შეგვექმნა საკმარისი სტანდარტი, რომ ბრალდებულის სახით პირი დაგვეკავებინა ჩვენ ეს გავაკეთეთ, თუ შესაბამისი მტკიცებულებების შეკრებას შევძლებთ, რისთვისაც ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავებაც გამორიცხული არ არის", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

ხორავა ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 19 ივლისს კიდევ ერთი მოზარდი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

 

დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. არსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო. სასამართლოს პარალელურად, დროებითმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ 17 ივლისს არასრულწლოვანი მოწმე გამოკითხა. მოწმეთა დაკითხვა გრძელდება.

 

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner