გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე მის წარსულს იხსენებს:
„ორ კვირაში 20 მაისია - ყველაზე საშინელი დღე ჩემს ცხოვრებაში. 9 წლის წინ, დამთავრდა ჩემი „ბავშვობა", მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ვიყავი.
იქამდე, არაფერი არ მეხებოდა, ხშირად, საკუთარი თავიც კი. თუ რამეს ვჯახირობდი, სწავლას ვგულისხმობ, ან სადმე მუშაობას, იმასაც ჩემი სიამოვნებისთვის ვაკეთებდი. ალბათ, მცდელობაც იყო, რომელიც ბოლომდე იშვიათად მიმყავდა, რომ ცოტათი მაინც დავმსგავსებოდი ჩემებს.
როდესაც მოკლეს, გარდა იმისა, რომ თავი უნდა გადამერჩინა, ფიზიკურად გამეტანა, ამისთვის მესწავლა, მემუშავა, გამოცდები და ჩათვლები ჩამებარებინა, თბილისში უნდა მერბინა - ოჯახის წევრებთან, მიტინგებისთვის... და რაც მთავარია, მკვლელი სააკაშვილის რეჟიმთან უნდა მეჭიდავა, თითქმის, მარტოს, შიშველი ხელებით. მეგონა, პასუხისმგებლობა გამჭყლიტავდა. ახლა, ამას რომ ვწერ, თავის მოწონებასავით გამომდის, მაგრამ მართლა ასე იყო. რა ბედნიერებაა, რომ ავად თუ კარგად, ეს ყველაფერი წარსულია. ბევრის თქმა მინდა, მაგრამ ამას ახლა ვერ აუვალ...
ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, რომ ყოველ 20 მაისს, საღამოს, მელიქიშვილზე, მკვლელობის ადგილას ვიკრიბებით. შეკრებას პროტესტის სახე აქვს, მაგრამ იქ ისეთი სითბო ტრიალებს ხოლმე, ისეთი ატმოსფეროა, რომ ვინც არ ყოფილა, ვერ გამიგებს რას ვამბობ. ზოგჯერ, მიფიქირია, გამოძიება რომ დასრულდება და ადრე თუ გვიან, უსათუოდ, ჩვენდა სასიკეთოდ დასრულდება, ისევ შევიკრიბებით? - ალბათ, კი. ყოველ შემთხვევაში, სანამ ცოცხალი ვარ, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სულ ვივლი ხოლმე.
წელსაც გელოდებით. ზუსტ დროს კიდევ გაცნობებთ. რაღაც სიურპრიზს ვფიქრობ და ამასაც მერე შეგატყობინებთ.
შეხვედრამდე..."