„უკონტროლო კონფლიქტების ესკალაციას, გაბედული და მტკიცე დიპლომატია სჯობს, - ასეთია პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური კონცეფციის კრედო. ეს მიდგომა ამერიკის ყველაზე ენერგიული და წარმატებული პრეზიდენტების ტრადიციებს ეფუძნება, ისეთების როგორებიც იყვნენ მედისონი, მონრო და თეოდორ და ფრანკლინ რუზველტები. ბუნებრივია, წარსულში წარმატებული პოლიტიკური კონცეფციებისა და ტრადიციების მხოლოდ მოწონება რეალურ პოლიტიკაში გარანტირებულ შედეგებს არ იძლევა. მითუმეტეს, როდესაც საქმე გაქვს ისეთი სახელმწიფოს ლიდერთან, როგორიც რუსეთია. პუტინ-ტრამპის ჰელსინკის სამიტს არ გადაუწყვეტია და ვერც გადაწყვეტდა რუსულ-ამერიკული და ზოგადად რუსეთ-დასავლეთის ძირითად პრობლემებს. მაგრამ, სამიტის მნიშვნელოვან შედეგად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ განემარტა: არაკონტროლირებადი კონფლიქტების ესკალაცია მსოფლიოში და მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეში უნდა შეწყვიტოს. სანამ უშუალოდ მოლაპარაკებების კონკრეტულ თემატიკას განვიხილავთ, გავიხსენოთ თუ რა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის მატარებლები არინ მოლაპარაკების მხარეები“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკისა და ეკონომიკური კვლევების ცენტრის“ დირექტორი ნიკოლოზ მეტრეველი განცხადებას ავრცელებს.
„ის, რომ რუსეთი მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც გადაჭრას მოითხოვენ, არავისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს. გეოპოლიტიკური სიტუაცია რუსეთის გარშემო სულ უფრო უარესდება და ეს ხდება არა მხოლოდ დასავლეთისა და სამხრეთის მიმართულებით. შორეულ აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა და იაპონიის მთავრობის პოზიცია ე.წ. ჩრდილოეთის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციასთან დაკავშირებით, ჩინეთის გადამწყვეტი დომინირება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რუსეთს დამატებით ისედაც მწირი რესურსების ხარჯვას აიძულებს. ამ პრობლემების მოგვარება ვერც აგრესიული საგარეო პოლიტიკით და ვერც წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატით ვერ მოხდება. რუსეთის პრეზიდენტი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და კარგად ესმის, რომ თვით მრავლისმომთმენ რუსეთის მოქალაქეთა მოთმინებასაც გარკვეული საზღვრები გააჩნია. მართალია, ლოზუნგი - „ყველაფერი ფრონტისათვის - ყველაფერი გამარჯვებისათვის“, ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ რუსი და მითუმეტეს რუსეთის არარუსი მოქალაქეები, მხოლოდ გარკვეულ ეტაპამდე შეეგუებიან სულ უფრო მზარდი საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას. პუტინმაც და რუსეთის მმართველმა ელიტებმა შესანიშნავად იციან, რა შედეგებამდე მიიყვანა საბჭოთა კავშირი ანალოგიურმა პოლიტიკამ. 8-10 წლიან პერსპექტივაში, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი არ შეცვლის არჩეულ პოლიტიკურ კურსს და სასწრაფოდ არ დაიწყებს სრულმასშტაბიან ეკონომიკურ და რაც მთავარია, პოლიტიკურ მოდერნიზაციას, ის საბჭოთა კავშირის ბედს გარდაუვალად გაიზიარებს.
მაგრამ, სრულმასშტაბიანი ეკონომიკური და პოლიტიკური მოდერნიზაცია და რუსეთის დღევანდელი რეჟიმი არათუ შეუთავსებელი, ისინი ანტაგონისტები არიან.
ნებისმიერი მოდერნიზაცია და რეფორმები აუცილებლად დაანგრევს დღეისათვის რუსეთში არსებულ კვაზიფეოდალურ სისტემას. არსებული პოლიტიკური სისტემის დემონტაჟისა და ზემოდან თუნდაც „ჩინური მეთოდით“ რეფორმებისათვის კი, ვფიქრობ არც 65 წლის პუტინი და არც რუსეთის ელიტები მზად არ არიან.
არაერთი სერიოზული მკვლევარი და პირველ რიგში, ჰენრი კისინჯერი მიიჩნევენ, რომ რუსეთის აგრესიულობას რეჟიმის თავდაცვითი იმპულსები განაპირობებს. ამის მაგალითია: ე.წ. ბალოტნაიას საპროტესტო გამოსვლებზე და უკრაინაში იანუკოვიჩის რეჟიმის დამხობაზე რუსეთის ხელისუფლების რეაქციები. ღრმად მწამს, პუტინი გულწრფელად მიიჩნევს სსრკ დაშლას 20 საუკუნის კატასტროფად, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის თავისი ბუნებით არც პეტრე დიდია და არც მითუმეტეს იოსებ სტალინი. ვინც კარგად იცნობს რუსეთის ისტებლიშმენტს, მათ კარგად იციან ამ ადამიანების სრული უიდეობა და კონფორმიზმი. მინდა, მკითხველმა კარგად გაიგოს, ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ თუ რუსეთი დასავლეთის სისუსტეს და ინერტულობას დაინახავს და იგრძნობს უარი თქვას საკუთარ აგრესიულ ტრადიციებზე და არ შეეცდება 2008 წლის საქართველო არ გაიმეოროს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ცენტრალურ ევროპაში ან გნებავთ მსოფლიოს ნებისმიერ მისთვის ხელმისაწვდომ წერტილში. ასეთ რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა პრეზიდენტი ტრამპი ჰელსინკში.
ასევე მოკლედ, თუ როგორი ამერიკის პრეზიდენტი იყო ჰელსინკის სამიტზე პუტინის ვიზავი: იმ ამერიკის, რომლის რამდენიმე ცალკე აღებული შტატის ეკონომიკური პოტენციალი, რომ ბევრად აღემატება რუსეთის ეკონომიკურ პოტენციალს, რომლის სამხედრო ბიუჯეტი 10-ჯერ დიდია რუსეთის სამხედრო ბიუჯეტზე, პრეზიდენტი, რომელიც საფრთხეს კი არ უქმნის NATO-ს არსებობას, არამედ რომელმაც NATO სტაგნაციიდან გამოიყვანა და 33-40 მილიარდით გაზარდა ბლოკის ყოველწლიური ბიუჯეტი ევროპელი მოკავშირეების ხარჯზე (რაც უდავოდ სამართლიანი და რაც მთავარია გამართლებულია), ამ ეტაპზე 220-240 მილიარდით შეამცირა ჩინეთთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, შექმნა 5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი ამერიკაში. პრეზიდენტი, რომელსაც მყარი იმედი აქვს მომავალი არჩევნებისათვის იმ საკუთარი ამომრჩევლის მხარდაჭერის, ვინც მას გასულ არჩევნებში ნდობა გამოუცხადა.
პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკოსები აცხადებდნენ და ზოგიერთი დღესაც აცხადებს, რომ მან პუტინს რაღაც დაუთმო. თუ გავეცნობით სამიტზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგს ადვილად დავინახავთ, რომ სურვილის შემთხვევაშიც კი დასათმობი არაფერი იყო.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა და შესაბამისად ამერიკის მოკავშირეებმა ჰელსინკის სამიტზე მიიღეს ის შედეგი, რისი მიღებაც შესაძლებელი იყო. ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირება 2012 წელს არ დაწყებულა და არც ჰელსინკის სამიტით დასრულდებოდა. დრო და ძალთა შეფარდება ამერიკის და მისი პრეზიდენტის სასარგებლოდ არის. ასე რომ, ამერიკა-რუსეთი გაგრძელება იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.