1941 წლის აგვისტოში საბჭოთა კავშირისა და დიდი ბრიტანეთის არმიები ირანში შეიჭრნენ. რეზა შაჰი (მეფობდა 1925 წლიდან) იძულებული გახდა, 16 სექტემბერს თავისივე ვაჟის - მოჰამად რეზას (1919-1980) სასარგებლოდ ტახტიდან გადამდგარიყო.
იმდროინდელ ირანში განვითარებული მოვლენების საინტერესო აღწერილობა შემოგვინახა თვითმხილველმა, 1943 წლის შემოდგომაზე თეირანში ჩასულმა საქართველოს მილიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მილიციის III რანგის კომისარმა (შეესაბამება გენერალ-მაიორს) კაპიტონ ნაჭყებიამ, რომელიც იხსენებდა:
„საბჭოთა მთავრობამ 1921 წლის ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის საფუძველზე, 1941 წლის აგვისტოში შეიყვანა თავისი ჯარები ირანის ჩრდილოეთ რაიონებში, რითაც ჩაშალა ფაშისტ აგრესორთა გეგმები და ირანს ააცილა ფაშისტური მონობის საფრთხე...
რეზა-შაჰი სასწრაფოდ გადადგა, ტახტი გადაულოცა თავის შვილს მოჰამადრეზა ფეჰლევის, თვითონ კი... გაქცევით უშველა თავს. შაჰს მიჰყვა მრავალი მომხრე - მემამულეები, ვაჭრები. ირანში რომ ჩავედით, ვნახეთ უამრავი მიტოვებული საბაყლო და დუქანი.
ვაჭრების წასვლამ დიდი დაღი დაასვა ქვეყნის მცირერიცხოვან არმიას, რომელსაც მათი წყალობით ედგა სული.
მოკავშირეებმა ირანი აირჩიეს ბაზად საბჭოთა ფრონტისთვის ტექნიკისა და სურსათის მისაწოდებლად. ომში საბჭოთა ჯარების ჩაბმამ ირანელთა შორის განმათავისუფლებელი ბრძოლის ტალღა გამოიწვია. შეიქმნა ირანის სახალხო პარტია, ხალხი მზად იყო, ხელში აეღო მთელი ძალაუფლება და დახმარებას სთხოვდა საბჭოთა არმიას. სტალინი ჩარევის წინააღმდეგი იყო, თუმცა მას დაბეჯითებით სთხოვდნენ მფარველობას ირანელი აზერბაიჯანელები და ფერეიდნელი ქართველები.
ერთხელ შევესწარი საუბარს, როდესაც სტალინს ჰკითხეს, - რატომ არ გაუწვდით დახმარების ხელს თურქეთის ლაზებსო. სტალინმა უპასუხა, რომ მზად არის დაეხმაროს მათ, ოღონდ არა ახლა და არა თურქეთისა თუ ირანის საშინაო საქმეებში ჩარევის გზით. "ასეთი საკითხები, - თქვა მან, - წყდება შინაგანი ბრძოლით თვითგამორკვევისა და ავტონომიისათვის, რასაც მათ შეუძლიათ მიაღწიონ".
ირანის ხელისუფლების სათავეში ჩადგომა 21 წლის შაჰინშაჰს მძიმე ვითარებაში მოუხდა. იგი მოკავშირე სახელმწიფოთა მძლავრი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა და იძულებული იყო, რომ მამის მტკიცე დიქტატორული მმართველობა ლიბერალური პოლიტიკით შეეცვალა. ამიტომ თავდაპირველად იგი თითქმის შეუმჩნეველი პოლიტიკური ფიგურა და უფრო სიმბოლური მონარქი იყო. ეს არც გასჭირვებია, რადგან ყმაწვილობიდანვე ევროპულად იყო აღზრდილი.
1943 წლის 28 ნოემბერს თეირანში დაიწყო მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერთა კონფერენცია, რომელიც 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდა.
იმ პერიოდში ახალგაზრდა შაჰინშაჰს სამეფო სასახლეში ესტუმრა საბჭოთა კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ამ ქვეყნის უზენაესი ხელისუფალი, იმხანად მარშალი, ხოლო 1945 წლიდან - გენერალისიმუსი იოსებ სტალინი.
სტალინს თან ახლდნენ: საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (შემდეგში - მარშალი) ლავრენტი ბერია, სტალინის პირადი დაცვის უფროსი (შემდეგში - გენერალ-ლეიტენანტი) შალვა წერეთელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი (შემდეგში - გენერალ-ლეიტენანტი) გრიგოლ კარანაძე, თეირანში ჩასული საბჭოთა კავშირის დელეგაციის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ზემოხსენებული კაპიტონ ნაჭყებია.
ამ შეხვედრის შესახებ საინტერესოდ არის მოთხრობილი ისტორიკოს დევი სტურუას მოგონებებში, რომელშიც ვკითხულობთ: "თეირანის კონფერენციის შემდეგ ხალხში დადიოდა ერთი ასეთი ამბავი: სტალინმა გადაწყვიტა ვიზიტად წვეოდა ირანის შაჰს, რომელიც... ეს-ესაა აიყვანეს ტახტზე, დაამხეს რა მისი მამა. შაჰი მაშინ სრულიად ახალგაზრდა იყო და სტალინის მისვლამდე ძალზე ინერვიულა.
როცა სტალინი ბერიასა და სახელმწიფო უშიშროების გენერლის გრიგოლ კარანაძის თანხლებით სატახტო დარბაზში შევიდა და ახალგაზრდა შაჰს მიუახლოვდა, ირანის ახალ მფლობელს მუხლები მოეკეცა და სტალინის წინ ჩაიჩოქა. სტალინი დაეხმარა შაჰს ფეხზე წამომდგარიყო, შემდეგ მიუბრუნდა ბერიასა და კარანაძეს და ქართულად უთხრა:
- აფსუს, რომ ამ სურათს გიორგი სააკაძე და ერეკლე მეფე არ ხედავენო.
მე ვკითხე ბატონ გრიგოლ კარანაძეს, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ეს ამბავი, რაზეც ბატონმა გრიგოლმა ღიმილით მიპასუხა:
- ჰო, იყო რაღაც ამდაგვარი".
ამ შეხვედრის შესახებ ასეა მოთხრობილი მისი უშუალო თვითმხილველის, კაპიტონ ნაჭყებიას მოგონებაში:
"ნოემბერში საქართველოდან ბაქოს გაფრინდა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც გენერალ გრიგოლ კარანაძესთან ერთად მეც ვიყავი. ჩვენ დასაცავად უნდა გავყოლოდით სამთავრობო დელეგაციას. ეს დელეგაცია ირანის დედაქალაქ თეირანში მიემგზავრებოდა სამი მოკავშირე სახელმწიფოს ხელმძღვანელთა კონფერენციაზე. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ დიპლომატები და სამხედრო წარმომადგენლები...
ირანში ჩასვლისთანავე საბჭოთა საელჩოში დავბინავდით და დავიწყეთ მზადება სტალინთან შესახვედრად... დავინახეთ სტალინი თავისი ძველი ფარაჯითა და ქუდით. მის უკან - ვოროშილოვი, მოლოტოვი და სხვა თანმხლები პირები. ჩვენ, დამხვდურნი, დაძაბული ვიდექით. სტალინი თვითონ მოვიდა ჩვენთან, ჩამოგვიარა, ყველას ხელს ართმევდა. ქართველები რომ დაგვინახა - "სალამი საქართველოსო" - გვითხრა...
თეირანში ჩასვლის პირველ დღეებშივე სტალინმა ახალგაზრდა შაჰი მოინახულა.
სტალინს უთხრეს, რომ შაჰი თვითონ ეახლა რუზველტს და საუბარმა სულ ხუთ წუთს გასტანა. ხოლო ჩერჩილმა იგი მისაღებში აყურყუტა, მერე კი აუდიენცია სამ წუთში დაამთავრა... ბუნებრივია, შაჰი შეურაცხყოფილი დარჩა ასეთი მიღებით.
სტალინმა მითხრა, - შაჰს უნდა ვეწვიოთ, ვინაიდან სტუმრის ვალია, ეახლოს მასპინძელს, ვის მიწა-წყალზეც იმყოფებიო. შაჰს წინასწარ შევატყობინეთ მოსალოდნელი ვიზიტი, მაგრამ ზუსტი დრო არ გვითქვამს...
ქუჩებში გამოფენილი ხალხი აღფრთოვანებული ხვდებოდა სტალინს, ბევრგან ვიტრინებში მისი პორტრეტები გამოეკრათ...
როდესაც სასახლეს მივადექით, გაიღო რკინის ჭიშკარი და ჩვენ შემოგვეგება მსუბუქ სპორტულ კოსტიუმში გამოწყობილი ყმაწვილი ქალი, რომელიც ველოსიპედზე იჯდა. სტალინი რომ დაინახა, ეტყობა, იცნო. შალი მოიხურა მხრებზე და ჩვენს შესახვედრად წამოვიდა, გულითადად ჩამოართვა ხელი სტალინს - ასე გაიცნო სტალინმა შაჰის მეუღლე.
სასახლეში შეგვიძღვნენ. შაჰი ისე დაიბნა, რომ მუხლებზე დაემხო და სტალინს მხსნელი უწოდა. სტალინმა ფეხზე ააყენა. გაიმართა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი. ილაპარაკეს ირანის ტერიტორიაზე ბაზების განლაგებისა და საბჭოთა კავშირის საზღვრებისკენ ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ.
უკან რომ ვბრუნდებოდით, სტალინი ქართულად გაგვესაუბრა: - აფსუს, ახლა გიორგი სააკაძე რომ ააყენა და მუხლმოდრეკილი სპარსეთის შაჰი დაანახვაო..."
ქართველ მონაწილეთა გარდა, ამ ფაქტს იხსენებს ცნობილი საბჭოთა მზვერავი, საბჭოთა კავშირის გმირი გევორქ ვართანიანი. 1943 წელს იგი თეირანში იმყოფებოდა და საგანგებო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ათეულობით გერმანელი მზვერავი გამოააშკარავა. ამ უკანასკნელთ დავალებული ჰქონდათ "დიდი სამეულის" ლიდერებზე ტერორისტული აქტის მოწყობა.
მოგვიანებით გევორქ ვართანიანი იგონებდა: "სამივენი იქ რამდენჯერმე ვნახე. სტალინი - ხუთი მეტრის მანძილიდან, როცა ვოროშილოვსა და მოლოტოვთან ერთად შაჰის სასახლეში გაემგზავრა მოჰამადრეზა ფეჰლევისთვის მადლობის გადასახდელად სტუმართმოყვარეობისთვის. ეს ძალიან ჭკვიანური და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ, რომელმაც მაშინ ირანელ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ვერც რუზველტი და ვერც ჩერჩილი ვერ მიხვდნენ, რომ იგივე გაეკეთებინათ. რასაკვირველია, შაჰი ააღელვა სტალინის მხრიდან ყურადღების ამგვარად გამოხატვამ. როცა ის სატახტო დარბაზში შევიდა, შაჰი ფეხზე წამოიჭრა, მიირბინა და მუხლებზე დაეცა, რათა მისთვის ხელზე ეკოცნა. მაგრამ სტალინი დაიხარა და შაჰი წამოაყენა..."
ვფიქრობთ, მართლაც უჩვეულო ისტორიული მოვლენაა, როცა თეირანის სამეფო სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საბჭოთა კავშირის სახელით მისულ ზემოხსენებულ ქართველთა წინაშე, ირანის შაჰინშაჰმა მოწიწების ნიშნად მუხლი მოიყარა.