logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს მ.კ-ს ოჯახის წევრების ქმედებები და საჭიროა ამას გაეცეს პასუხები
- +

23 ივლისი. 2018. 17:05

 

 

„რას ნიშნავს ის, რომ ერთ-ერთი მონაწილის, მ.კ-ს ძმა და მამა ასე აქტიურად იყვნენ ჩართული მის გადამალვაში, იმ პირის გადამალვაში, რომელსაც თქვენი ვერსიით არაფერში არ არის დამნაშავე“, - ამ კითხვით მიმართა საგამოძიებო კომისიის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა კომისიაზე გამოსაკითხად მყოფ თბილისის ყოფილ პროკურორებს, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებდნენ.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვის ნიშნებს აჩენს მ.კ-ს ოჯახის წევრების ქმედებები და საჭიროა ამას გაეცეს პასუხები.

 

თბილისის ყოფილი პროკურორის მიხეილ შაყულაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ მოქმედებდნენ მ.კ-ს ოჯახის წევრები ამგვარად, თუმცა ქმედების გამო ისინი პასუხისგებაში არიან მიცემული.

 

„ეს ხალხი ზუსტად მაგის გამო არის პასუხისგებაში მიცემული, რომ გადამალეს მტკიცებულებები. ლოგიკურად რატომ შეიძლება რომ ესეთი რაღაც გააკეთონ, ჩემს სუბიექტურ აზრს თუ კითხულობ, ასეთია - სახლში მოვიდა შვილის დასისხლიანებული მეგობარი, შვილი და იმ დასისხლიანებულ მეგობარს მალავენ და შვილსაც მალავენ. ეს ლოგიკა იყო და მეტი არაფერი“, - განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილის თქმით კი, კითხვა კვლავ კითხვად რჩება და ის პასუხგაუცემელია.

 

„შვილი არის თუ არა დასისხლიანებული, ეს არ ვიცით და არც გვეცოდინება. მისი ტანსაცმელიც არის გადამალული, ასევე არის მისი ტელეფონის ბარათები გადაყრილი, აქ საუბარი არ არის მეგობრის დახმარებაზე მხოლოდ. აქ საუბარია აშკარად და პირდაპირ გადაფარვაზე მ.კ-ს. რა საჭიროა ამდენი ღონისძიება, თუ ის დამნაშავე არ არის - კითხვა კვლავ რჩება ღიად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner