logo_geo
eng_logo
„გამოძიების დაწყებიდან სამ დღეში პასუხისგებაში მიეცა 7 პირი, საერთო ჯამში კი 8 პატიმარი და 2 პირია არასაპატიმრო ღონისძიების ქვეშ“
- +

23 ივლისი. 2018. 19:44

 

 

თბილისის ყოფილი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბოძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალი წარუდგინეს იმ პირებს, ვის მიმართაც მტკიცებულებები არსებობდა.

 

საპარლამენტო კომისიის სხდომაზე გაბოძემ აღნიშნა, რომ გამოძიების დაწყებიდან სამ დღეში პასუხისგებაში მიეცა 7 პირი, ამ 7 პირიდან 5 არის პატიმარი, 2 მათგანზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მისჯილი აქვთ სასჯელი.

 

„აპელაციაში გასაჩივრებული გვაქვს ორივე მხარეს. ამის მიუხედავად, გაგრძელდა კიდევ გამოძიება, ახლი გარემოებებიც იქნა დადგენილი, რის შემდეგადაც უკვე სამი პირია პასუხისგებაში მიცემული, საერთო ჯამში 8 პატიმარი და 2 პირია რომელიც პატიმარი არ არის ისევ და ისევ არასრულწლოვანთა კანონმდებლობიდან გამომდინარე, მათი დაპატიმრების საშუალებას არ გვაძლევდა კანონი და ამიტომ ორი პირი იმყოფება არასაპატიმრო ღონისძიების ქვეს. ასე რომ, ვის მიმართაც იყო შესაბამისი სტანდარტი და რა მუხლითაც იყო, ყველა მიეცა პასუხისგებაში“, - განაცხადა გაბოძემ.

 

შეკითხვაზე, იცნობდნენ თუ არა ზვიად კუპრავას მიერ კომისიისთვის წარდგენილ ჩანაწერს პროკურორები, გიორგი გაბოძემ უპასუხა, რომ რაც მან გაიგო, იყო ის, რომ გამომძიებელმა დაიბარა არასრულწლოვნები და ვინმეს ბაბუისგან ზეწოლაზე გააფრთხილა.

 

„ამაზე შემიძლია გითხრათ, რომ დასკვნა გამოვიტანე ასეთი: გამოძიება დაიწყო შსს-მ, პროკურატურა იყო ზედამხედველი, მოწმეთა ზემოქმედებაზე. ანუ იყო რეალური ინფორმაცია, ამაზე საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, გამოძიება დაიწყო, რომ მოწმეებზე ახდენდნენ ზემოქმედებას, მათ შორის ფულით მოსყიდვას შეიძლება ჰქონოდა ადგილი და ა.შ. და ეს საეჭვო პირები დაიკითხნენ, ვიზეც იყო ინფორმაცია. ასევე დაიკითხნენ მოწმეებიც მე დავავალე ან უშუალო პროკურორს, ან განყოფილების უფროსს, ზუსტად არ მახსოვს, რომ ან პროკურორები, ან გამომძიებლები შეხვედროდნენ ყველა იმ მოწმეს, რომლებიც ბრალდებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავდნენ ჩვენებაში და გაეფრთხილებინათ ამ საშიშროების შესახებ, რომ მათზე შესაძლებელია მომხდარიყო რაიმე ფორმით ზეწოლა, თუნდაც ფულის შეთავაზება და შეიძლება ეს შეხვედრა იყო ზუსტად და სიტყვა ბაბუა საიდან გაჩნდა არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კონკრეტულ პირზე გვქონდა ეს ინფორმაცია, ეს პირი დაკითხულია იმ საქმეზე, მან არ დაადასტურა ეს, არც იმ მოწმეებმა დაადასტურეს ვიზეც იყო ეჭვი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მოგვიანებით, უკვე განაჩენის შემდეგ გარკვეულმა მოწმეებმა რაღაც ინფორმაცია დაადასტურეს ზეწოლის და ერთი პირი პატიმარიც არის მორჩაძე. შეიძლება ზუსტად ამისი გამოძახილი იყო ის ჩანაწერი. ის გამომძიებლები მართლა შეხვდნენ, კონკრეტულად რომელ არასრულწლოვნებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩემი დავალება იყო ეს, რომ პრევენციის მიზნით შეხვედროდნენ, გაეფრთხილებინათ, რომ თუ ვინმე მათ შეაწუხებდა, ეს იყო დანაშაული, თუ ისინი ან ფულს აიღებდნენ, ან ჩვენებას შეცვლიდნენ, ამიტომაც პირდაპირ მოეწოდებინათ ჩვენთვის ინფორმაცია. შეიძლება ამისი შედეგია ზუსტად ის ჩანაწერი სადაც ამბობენ, რომ ვიღაცამ შეიძლება ფული შემოგთავაზოს“, - აღნიშნა გიორგი გაბოძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner