logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს
- +

24 ივლისი. 2018. 22:37

 

 

„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„თუ გვინდა, პროცესი დავიჭიროთ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ რიცხვში, დღევანდელი მთავარი პარტიაც უნდა განვითარდეს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს. ამ მხრივ, ბევრი საქმე მაქვს და იმედი მაქვს, ჩემსას მოვერევი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი ისე განვითარდება, როგორც ითქვა და მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი იქნება, თავად კი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

 

„პარტიაში უამრავი პრობლემაა, რადგან ის რეალურად, არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და საზოგადოებამ ძალიან მწირად თუ იცის მისი იდეოლოგია. პარტიაში, განსაკუთრებით, რეგიონებში, უნდა მოხდეს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა, უფრო მეტი ახალი კადრის მოძიება და ა.შ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მისი თქმით, მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა ნაწილთან მკვეთრი ურთიერთობა პარტიის მოედანზე ექნება, სადაც შეიძლება, ეკონომიკური საბჭო შეიქმნას, რომელშიც პროფესიონალები პარლამენტიდანაც იქნებიან და მთავრობიდანაც.

 

„შესაძლოა, საგარეო საბჭოც შევქმნათ და სოციალურ-კულტურულიც. პარტიის მოედანზე, ამ საბჭოების ფონზე მოვახერხებ, მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მქონდეს ურთიერთობა. ისე არა, დამახინჯებით, რომ სხვისი საქმე ვაკეთო. ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, გუნდი გავამთლიანოთ, გავაძლიეროთ და მმართველობა უფრო ეფექტური გავხადოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner