logo_geo
eng_logo
ხე, რომელიც შორია
- +

25 ივლისი. 2018. 03:15

 

 

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული სოციალური ქსელების მთავარი თემაა ხე.

 

ჩვეულებრივი ხე, არაფერი განსაკუთრებული.

 

უბრალოდ სწრაფად მზარდი, ვითარცა საქართველოს ეკონომიკა 2003-2012 წლებში და ძალიან მაღალი და მსხვილი, სახელად ლირიოდენდრონი, ანუ ტიტას ხე.

 

მაღალზე და მსხვილზე გამახსენდა - ამ მახასიათებლების მქონე ხეების გადარგვა ჩვენთვის ნამდვილად არაა ახალი.

 

ერთი მაღალი და მსხვილი, ყველასთვის ცნობილი ხე ლირიოდენდრონზე ადრე ამოვძირკვეთ და შეკვეთილზე გაცილებით შორს, ოდესაში გადავრგეთ.

 

მაგრამ ამაზე ქვემოთ.

 

მანამდე კი იყო:

 

სა-ხე-ლმწიფო და მისი ხე-რხემალი შსს, რომლის სა-ხე გახლდათ გურამ დონაძე.

 

ხე-ლისუფლება, რომელსაც არასდროს უკანკალებდა ხე-ლი, როცა განსხვავებული აზრის მქონეთა თავების და-ხე-თქვაზე და ც-ხე-დრების ჯიხურებზე შემოწყობაზე მიდგებოდა საქმე.

 

იყო მიშა თავ-ხე-ლიძე, ეკა და მამუკა ხე-რხეულიძეები.

 

იყო ცი-ხე, რომელიც იყო ჯოჯო-ხე-თი და რომელშიც იჯდა ნა-ხე-ვარი საქართველო თითქმის.

 

იყო ომი, მტრისთვის ჩაბარებული კოდორის ხე-ობა, ბორჯომ-ხარაგაულის გადამწვარი ტყე-პარკი და მაღალი, მსხვილი ხის განცხადება: ჩვენმა მებრძოლებმა საბრძოლო ტექნიკა გადამალეს მანდ და იმიტომ დაბომბეს ოკუპანტებმა ცეცხლგამჩენი ჭურვებითო.

 

იყო ა-ხე-ული ბიზნესები, თავზე და-ხე-ული კონსტიტუცია და კალბასის ჩეკივით წამო-ხე-ული ადამიანის უფლებები.

 

იყო ც-ხე-ლი თემები მედიაში, კა-ხე-ლი ბიზნესმენ-პოეტები, მაგდანას სა-ხე-დარივით შუა გზაში წაქცეული დემოკრატია და მოულოდნელად ფ-ხე-ნიანად ქცეული არშემდგარი სინგაპური.

 

იყო მოდელირებული „ქრონიკა" და შიშით გულგა-ხე-თქილი ტელემაყურებელი.

 

და ვინაიდან ყველამ ვიცოდით, რომ პოლიტიკურად დარ-ხე-ული გვქონდა, არავის სცხელოდა ხისთვის, რომელიც თავისთვის იდგა ციხისძირში.

 

ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ერთმა კაცმა, რომელმაც ერთ წელიწადში დაასრულა ის უკიდეგანო, ყოვლისმომცველი და უპრეცედენტო ხეობა, რაც აქ ხდებოდა, არ მოისურვა დენდროლოგიური პარკის მოწყობა შეკვეთილში და სანამ არ იყიდა ზემოხსენებული ხე.

 

ხე იყიდაო?!

 

ატყდა, მაგრამ რა ატყდა.

 

არიქა, ხე მიაქვსო.

 

არიქა, სახლში მიაქვსო.

 

არიქა, ზღვით მიაქვსო.

 

არიქა, ხე მიცურავსო.

 

არიქა, ზვიგენის ადგილი მთაში და ხისა - ზღვაში არ არისო.

 

გეგონება, იმ მსხვილი და მაღალი ხის ადგილი იყო საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

 

არადა, იმ კაცმა, „ნახ-ნა-ხე-ვარი"-ს რომ ამბობდა ხოლმე ადრე და ამაზე ქირქილებდნენ ქართული პოლიტიკის თვალსაჩინო, მარადმწვანე და უბერებელი ხეები, ლირიოდენდრონში, მის ტრანსპორტირებასა და იმ შეკვეთილის პარკის მოწყობაში საკუთარი ფინანსები დახარჯა.

 

წარმოვიდგინოთ, რა დაუჯდებოდა საქართველოს ბიუჯეტს ამ ხის თუნდაც მხოლოდ გადარგვა, იმ უკიდეგანო, აწ უკვე ოდესაში გადარგულ ხეს რომ მოენდომებინა იგივეს გაკეთება...

 

მერე რაო - გაჰყვირიან ხისტები - რა იცვლება მაგითი, თავისი ფული რომ დახარჯაო? ეგ ფული სხვა რამეში დაეხარჯაო.

 

სხვა რამეში მაგაზე ბევრად მეტი დახარჯა, მაგრამ ის არ ჩანს.

 

არც ის 87 ხე ჩანს (მათ შორის, ახალგაზრდა ტიტას ხეც), რომელიც იმ კაცმა, შეკვეთილში პარკს რომ აკეთებს, სპეციალურად იტალიიდან, ციხისძირის სანაპირო ზოლისთვის ჩამოატანინა და ახლა იქ კიდევ ერთ პარკის გაკეთება იგეგმება.

 

ჩანს მხოლოდ ხე, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან ამ მასშტაბის ხის ტრანსპორტირება, მით უმეტეს, ზღვით, არასდროს მომხდარა ადრე.

 

ლირიოდენდრონი კი უკვე შეკვეთილშია და არც კი იცის, რომ საქართველოში დღეისთვის ყველაზე ცნობილი ხეა.

 

არ იცის ხემ, რომ მის არსებობას ვერავინ ვერასდროს გაიგებდა, რომ არა მისი მყიდველი და ახალ ტერიტორიაზე გადამტანი.

 

და ეს ხე რომ არა, ვერც იმას გავიგებდით, რომ ციხისძირის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომლითაც ეს ხე უნდა გადაეტანათ, წინა ხელისუფლების დროს უცნობ კომპანიაზე, 1 ლარად იყო გასხვისებული.

 

ვაჟა-ფშაველას ხმელი წიფელის შემდეგ ასეთი პოპულარობა ხეს არ ჰქონია.

 

გოლიათმა ლირიოდენდრონმა კიდევ ერთხელ მოახდინა საზოგადოების გარკვეული ნაწილის ლუსტრაცია და დაგვანახა, რომ როცა საქმე პოლიტიკურ დანაშაულებს ეხება, ყველაზე ხმამაღლა და ტვინისწამღებად ისინი ყვირიან, ვისაც რეალურ დანაშაულზე ერთ-ხე-ლაც არ ამოუღია ხმა და ვისაც ქვეყნისა და ხალხის რეალური მომავალი, სულ ხეზე ჰკიდია.

 

დროებით.

 

 

ავტორი: დემნა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner