logo_geo
eng_logo
„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა
- +

25 ივლისი. 2018. 14:51

 

 „საპარტნიორო ფონდის“  მხარდაჭერით, კახეთის რეგიონში სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე ლოპოტას ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა დასრულდა. ლოპოტას განახლებული დასასვენებელი კომპლექსი სტუმრების მისაღებად უკე მზად არის.

 

უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსის  გახსნის ცერემონია  „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, „საპარტნირო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის, საბანკო სექტორის, ბიზნეს სფეროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე, სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

 

კახეთის რეგიონში მდებარე განახლებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ ტურისტული კომპლექსის გაფართოების პროექტის ფარგლებში, დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი,  რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები აშენდა. „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული „ლოპოტა სპა რეზორტის“ გაფართოების პროექტის მეორე ფაზის საინვესტიციო მოცულობა 5,4 მლნ აშშ დოლარია. პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში კი ტერიტორიაზე „შატო ბუერას“  მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც ღვინის საწარმოს და რესტორანს გააერთიანებს.

 

„საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით, განახლებული ლოპოტას ტურისტული კომპლექსი უფრო მეტ დატვირთვას შეიძენს და რეგიონის შემოსავლებსა და ადგილობრივების დასაქმებაზე დადებითად აისახება. „საპარტნიორო ფონდისთვის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის ხელშეწყობა ერთერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მიხარია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ გუნდმა კიდევ ერთი ტურისტული ობიექტის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ქვეყანას ექნება გაცილებით უფრო მასშტაბური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტურისტული ლოკაცია, რომელიც უცხოელი დამსვენებლების მოზიდვის გარდა, ქვეყნის შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

 

„ლოპოტას ტბა ათწლეულების განმავლობაში, მხოლოდ სათევზაო ადგილი გახლდათ და საქართველოს ტურისტულ რუკაზე მონიშნულიც არ იყო.  დღეს კახეთის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. ეს პროცესი ჯანსაღ კონკურენციას იწვევს. შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ სასტუმროს განვითარებაზე სხვადასხვა მიმართულებით“,  - განაცხადა „ლოპოტა სპა რეზორტის“ დამფუძნებელმა გიორგი მაისურაძემ.

 

კახეთში  უმაღლესი კლასის სასტუმროს „ლოპოტა სპა რეზორტის“ სამშენებლო სამუშაოები კომპანია „სი აი სი"-მ (CIC) შეასრულა, მშენებლობას ზედამხედველობა კომპანია Colliers-მა გაუწია, ხოლო ინტერიერ/ექსტერიერზე კომპანია „არქიტექტურული ორკესტრმა" იმუშავა. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან 7 მილიონი „თი-ბი-სი“ ბანკის თანამონაწილეობაა.

 

„ლოპოტას  „თი ბი სი“ ბანკის იმ კლიენტებს შორის უკავია მნიშვნელოვანი ადგილი, რომელთა ისტორია „თი ბი სი“-სთან ერთად იწყება და მათი წარმატება ბანკთან არის დაკავშირებული. მოხარული ვართ, რომ ლოპოტამ  „საპარტნიორო ფონდისგან“ ახალი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რაც  კომპანიის ზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. წარმატებებს ვუსურვებთ ლოპოტას და მის მენეჯმენტს“, განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

„ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. ტერიტორიაზე ამჟამად ფუნქციონირებს სპა ცენტრი, კახური რესტორანი, ღვინის რესტორანი, ლაუნჯ ბარი, ღია ბუნგალოები, გრილ კუთხე, All Day Dining რესტორანი, რუსული აბანო, ღამის კლუბი, საჯინიბო და სხვადასხვა ტიპის გასართობი საშუალებები. სასტუმრო ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დასაქმებულია 250 ადამიანი, საიდანაც 180 ადგილობრივი კადრია.

 

ტურიზმის სექტორი და უძრავი ქონების მიმართულებით, ქვეყნის რეგიონული განვითარება  „საპარტნიორო ფონდისთვის“ პრიორიტეტია. „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით განხორციელებული პროექტებია: „ბორჯომი ლიკანი"ლიკანში, „ჯინო ველნესი" ახალციხეში, „როიალ ბატონი" ყვარელში,  მულტიფუნქციური სპა-გამაჯანსაღებელი კურორტი საირმეში, „ბესტ ვესტერნის“ საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო ქუთაისში. უახლოეს მომავალში „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით რეგიონში კიდევ ერთი  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო  „რედისონ წინანდალი" გაიხსნება, რომელიც კახეთში ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე შენდება. ფონდის თანამონაწილეობით, თბილისში სასტუმრო „პარკ ინ ბაი რედისონის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ფონდი, აგრეთვე, განიხილავს საინვესტიციო პროექტებს ფასანაურში, აბასთუმანში, ბაკურიანში, გუდაურში, რაჭასა და  წყალტუბოში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner