logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ბატონო ბიძინა, ხომ გითხარით, გიღალატებენ-მეთქი?
- +

26 ივლისი. 2018. 01:20

 

 

ვუყურე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მაკა ცინცაძესთან, მოვისმინე, საზოგადოების ერთი გაგიჟებული ნაწილის რეაქციასაც გადავხედე და... რა? ამ გაგიჟებულ და დაცენტრილ ხალხს აღარაფერი ეშველება!

 

ივანიშვილის ინტერვიუმ, ანუ მისმა საუბარმა გიჟები უფრო გააგიჟა, გაცოფებულები უფრო გააცოფა, დაბოღმილები უფრო დაბოღმა!

 

ივანიშვილის საუბარს წითელ ზოლად გასდევდა ის, რომ ამ ადამიანს 2012 წლიდან დღემდე ძალიან ბევრმა უღალატა. ძირითადად იმ კატეგორიის წარმონაქმნებმა უღალატეს, რომლებიც ნაფტალინიდან წამოაყენა და ისევ ადამიანებად აქცია. მათ რაც უნდოდათ, მიიღეს - თანამდებობები, კაი ადგილები, მანდატები, კაი სამსახურები და... როცა უთხრეს, გეყოფათო, ივანიშვილის მტრებად გადაიქცნენ! მტერსაც გააჩნია, ზოგიერთი იმ დონემდეა მისული, საკუთარ ნარწყევში იხრჩობა!

 

მიუხედავად ყველაფრისა, ბიძინა ივანიშვილი რუდუნებით განაგრძობს საქმის კეთებას და უშურველად ხარჯავს საკუთარ ფულს. ეს ფაქტია, ამას ვერავინ უარყოფს დაბოღმილი მასის გარდა და ეს უარყოფაც იმდენად ყალბია, რომ თავადვე ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში!

 

რასაკვირველია, ღალატი მწარეა და ეს არც დაუმალავს ივანიშვილს. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრმა დაიჯერა, რომ პრეზიდენტობაც დაიმსახურა, პრემიერ-მინისტრობაც დაიმსახურა, დეპუტატობაც დაიმსახურა და კაი თანამდებობაც დაიმსახურა. არადა, რომ არა ის, ასეთები აღარავის ემახსოვრებოდა!

 

ჯერ კიდევ 2012-ში ვუთხარი ბატონ ბიძინას, რომ გავიდოდა ცოტა დრო და მავანნი უღალატებდნენ. ის მაშინ აღტაცებული იყო, ყველას დადებითად ახასიათებდა - აი, ნახე, მავანი კაი ტიპიაო, მავანი კაი ადამიანიაო, მავანი ნიჭიერიაო, მავანს კაი წარსული აქვსო... მას ისეთებიც კი მოაბრუნებინეს, რომელთა ღალატი დასაწყისშივე იყო ხელშესახები და გაშვებული ჰყავდა. შეარიგეს, დაარწმუნეს, ესენი კაი ბიჭები არიან, მაგას არ იზამდნენო. არადა, ქნეს, ადრეც ქნეს და მას შემდეგაც, როცა თანამდებობებზე მოსვეს. ბატონმა ბიძინამ დაიჯერა, რომ ძაღლის კუდის გასწორება შესაძლებელი იქნებოდა. ვერა, ვერ გასწორდა, ყველამ თავისკენ დაიწყო კაი ნაჭრების ჩამოთლა!

 

ხშირად მიფიქრია, მე რომ ბიძინა ივანიშვილის ადგილზე ვიყო, ამდენი ღალატისა და ლანძღვის შემდეგ ქველმოქმედებას გავაგრძელებდი? ალბათ, არა! ვიტყოდი, ერთი თქვენიც-მეთქი და გადავსახლდებოდი სადმე კაი ადგილზე. ეს არ აკეთებს ამას... აგერ, 2 ათასს უხდის ადამიანებს ყოველთვიურად და ისინი აგინებენ, რატომ 5 ათასს არ გვიხდიო? აგერ, აშენებს, გვჩუქნის და ისევ აგინებენ, რატომ აშენებო? აგერ, მილიონებს ახარჯებს მოსახლეობას და ყველა გაყურსულია! ჩემი აზრით, ეს უკვე ანომალიაა, რაღაც ამოუხსნელი დაავადებაა!

 

მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ამ ინტერვიუს შემდეგ გიჟები უფრო გაგიჟდნენ, ხოლო ოპტიმისტები უფრო ოპტიმისტები გახდნენ. ღმერთმა გაძლება და მოთმინება მოგცეთ, ბატონო ბიძინა, მიუხედავად ამდენი უმადურობისა, ამ ქვეყანაში მაინც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დაინახავენ და დააფასებენ!

 

ისე, ხომ გითხარით, გიღალატებენ-მეთქი?!

 

თუმცა რომც დამთანხმებოდით და თავი დაგექნიათ - რა, ვითომ რამე შეიცვლებოდა? არა მგონია, პავლეების ნაცვლად პეტრეები გიღალატებდნენ, ან პეტრეების ნაცვლად - პავლეები, უმადურობა და დაუნახავობა ხომ ჯიშად და ჯილაგად მოგვდგამს?!

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner