ავტორი ანა ნონიკაშვილი
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გიორგი ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს. ამის შესახებ ძაბირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ ვაშაძეს „ნაციონალური მოძრაობისგან" დამოუკიდებლად არჩევნებამდე სერიოზული შედეგის მიღწევა გაუჭირდება.
პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მიმდინარეობს და არჩევნების შემდეგ კიდევ ბევრი დატოვებს პარტიას.
„ბუნებრივია, რომ იქ დაპირისპირება მიდის. ალბათ ნელ-ნელა, ზოგი ფეხაკრეფით წავა, ზოგი კარს გაიჯახუნებს. როგორც ჩანს, კარის გამჯახუნებელი იქ აღარავინ დარჩა, ახლა ფეხაკრეფით ნელ-ნელა დატოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას". ეს პროცესი მაინც არჩევნების შემდეგ არის მოსალოდნელი. არ ველოდები ახლა რაიმე კატასტროფული განხეთქილებას", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში ვახტანგ ძაბირაძემ.