ავტორი ალა გრიგალაშვილი
„პანორამა თბილისის" წინააღმდეგ და ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნებს არ ეთანხმება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.
მისი თქმით, აქციის მონაწილეთა უმრავლესობის მთავარი მიზანი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციაა.
„ჯგუფში, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებს, არის 2 ნაკადი. ერთი, რომელსაც მიაჩნია, რომ ეს პროექტები არ უნდა განხორციელდეს და გულწრფელია თავის მოთხოვნაში და მეორე ნაკადია, რომელიც ამას იყენებს პოლიტიკური ქულების დაგროვებისთვის და იმისთვის, რომ მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია.
ურბანისტი არ ვარ, მაგრამ მაქვს კითხვა იმ ადამიანებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ „პანორამა თბილისი" და ბოტანიკურ ბაღში დაწყებული სამუშაოები რაღაც პრობლემებს ქმნის; მათთვის რომ ეკითხათ, ფუნიკულიორზე ამავალი რკინიგზა აეშენებინათ თუ არა თავის დროზე, მაინტერესებს, რას იტყოდნენ? ალბათ იტყოდნენ ლანდშაფტს აფუჭებსო. მახსოვს, ასევე ფილარმონიასთან მუზის ქანდაკება რომ იდგმებოდა, ყველა აღშფოთებული იყო, ახლა კი ფილარმონია მის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია...
500 000 მილიონის ჩადებაზეა საუბარი. ამიტომ როდესაც რამეს ვიწუნებთ, უნდა განვსაზღვროთ - ფერდს მიღმა მონგრეული კლდე უფრო მნიშვნელოვანია, თუ ის, რომ ქვეყნის ეკონიკაში ჩაიდოს 500 000 მილიონი", - განაცხადა პოლიტოლოგმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.