logo_geo
eng_logo
ირანის სამხედრო მაღალჩინოსანი: თუ აშშ-ი ომს დაიწყებს, ჩვენ მას დავასრულებთ!
- +

27 ივლისი. 2018. 02:45

 

 

„თუ ამერიკის შეერთებული შტატები ომს დაიწყებს, ჩვენ მას დავასრულებთ“, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის“ ხელმძღვანელმა, ქასემ სულეიმანმა განაცხადა.

 

ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გავლენიანი სამხედრო მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის მხრიდან ირანის მისამართით გაკეთებული ნებისმიერი ხისტი განცხადება პირადად მას შეურაცხყოფს. სულეიმანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი „ღამის კლუბებისა და სამორინეების“ ლექსიკით მეტყველებს.

 

„როგორც ჯარისკაცის, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, თქვენს მუქარებს ვუპასუხო. თუ თქვენ მუქარის ენის გამოყენება გსურთ, მესაუბრეთ მე და არა პრეზიდენტ როუჰანის. ვერც კი წარმოიდგენთ, თქვენთან ისე ახლოს ვართ. ჩვენ მზად ვართ. თუ ომს დაიწყებთ, ჩვენ მას დავამთავრებთ“, – ამ სიტყვებით მიმართა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თეთრი სახლის ლიდერს.

 

ოფიციალური ვაშინგტონი და თეირანი უკვე დიდი ხანია სიტყვების ომში აქტიურად არიან ჩართულნი.

 

ურთიერთობის გამწვავების მიზეზი კი მაისში, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და იმავეს გაკეთებისკენ დოკუმენტის სხვა წევრ სახელმწიფოებსაც არაერთხელ მოუწოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner