ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ოთარ თაქთაქიშვილი!
მადლობა ლელა ანჯაფარიძეს ბატონი ოთარის გახსენებისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის!
ახლა ვაპირებდი დიდი კომპოზიტორის ხსოვნისადმი და მისი დაბადების დღისადმი ცალკე წერილის მიმძღვნას, მაგრამ იმდენად მომეწონა ლელას მოგონება, რომ... ჩემი განზრახვის შესრულება გადავდე...
ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი მეოცე საუკუნის 50-80-იანი წლების ქართული კულტურის სახე, მისი წარმომადგენელი, "ელჩი" გახლდათ. ყოველმხრივ! სულიერად, შემოქმედებით და გარეგნულადაც, ინტელიგენტი მთელი თავისი არსებით, მომხიბვლელი, პატივისცემით და სითბოთი რომ განგაწყობდა კაცს. იგი წლების მანძილზე გახლდათ საქართველოს კულტურის მინისტრი და, როგორც შემოქმედი და სახელმწიფო მოღვაწე, უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. არაერთგზის შესთავაზეს (დააძალეს კიდეც) სსრ კავშირის კულტურის სამინისტროში ერთერთი უპირველესი ხელმძღვანელის თანამდებობა, მაგრამ მტკიცე უარით უარყოფდა ამ საინტერესო წინადადებას.
არაერთი სასიამოვნო და საამაყო მოგონება მაკავშირებს მასთან: მისი მხარდაჭერით გადავდგით პირველი ნაბიჯები მეტეხის და პანტომიმის თეატრების შესაქმნელად, ბავშვთა გალერეის, რამდენიმე ანსამბლის, კონკურსების - "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს" (ახლა რომ "ნიჭიერსა" და "იქს-ფაქტორს" უწოდებენ),; მან დაგვიჭირა მხარი და საქართველოს სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს სათავეში ჩაუყენა დიდი ჯანსუღ კახიძე, გზა გაუხსნა ანსამბლის ხელმძღვანელობისკენ ლიანა ისაკაძეს...
...მძიმე ავადმყოფობისას რიგის საავადმყოფოში იწვა. სწორედ 27 ივლისს - მის დაბადების დღეს დავურეკე, ტელერადიოს კოლექტივის, მისი ნიჭის თაყვანისმცემელთა სახელით მივულოცე, მოვეფერე, გავამხნევე და მოვასმენინე პირდაპირ ეთერში მიმდინარე გადაცემა... გვიან საღამოს მისმა რძალმა, უკეთილშობილესმა ნატაშა პაატაშვილმა გადმომირეკა... გადაცემის დამთავრების შემდეგ თვალცრემლიანმა ოთარმა ბრძანა: ეტყობა მთლად ურიგოდ არ მიცხოვრიაო...
თავმდაბლობით ცნობილ ბატონ ოთარს მინდა შევუძახო იქ, სადაც არის: ურიგოდ კი არა ერთობ რიგიანად იცხოვრეთ და იღვაწეთ, დიდო მაესტრო! თაობებს ახსოვხართ და არა მარტო მოწიწებით, ვეებერთელა სიყვარულით და სითბოთი გიხსენებთ...
დიდ ქართველ შემოქმედს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს ოთარ თაქთაქიშვილს გაუმარჯოს, ზეციურ საქართველოში!
*****
საქართველოში, მოგეხსენებათ, როგორც წესი, ახლადშობილს არქმევენ ხოლმე ბებია-ბაბუის სახელებს. ბებიაჩემს შესანიშნავი სახელი ერქვა - ალექსანდრა... რა ლამაზი იქნებოდა - ალექსანდრა ანჯაფარიძე, მაგრამ რატომღაც არ დამარქვეს... ჩემს სახელს კი უნდა ვუმადლოდე 2 ადამიანს - ვაჯა-ფშაველას და შესანიშნავ კაცს, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1924 წლის 27 ივლისს - კომპოზიტორს, დირიჟორსა და პედაგოგს, ბატონ ოთარ თაქთაქიშვილს...
1961 წელს საქართველო ზეიმობდა ვაჯა-ფშაველას 100 წლის იუბილეს და 23 ივლისს, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრში პირველად შესრულდა ბატონი ოთარის ოპერა „მინდია“, ვაჟა-ფშაველას პოემა „გველისმჭამელის“ მიხედვით...
მთავარ როლს ასრულებდა ზურიკო, რეჟისორი იყო - ჯემალი და მაინცდამაინც ამ დღეს გადავწყვიტე დაბადება...
იმის გათვალისწინებით, რომ „მინდიას“ მთავარი პერსონაჟი არის მზია, წესით ჩემთვის უნდა დაერქვათ - მზია, მაგრამ დედიკოს რატომღაც ეს სახელი არ მოეწონა, ვაჟა-ფშაველას რომ არ წყენოდა , მაინც მისი პერსონაჟის სახელი დამარქვეს ლელა „ბახტრიონიდან“. სხვათაშორის, იმ დროს ეს საკმაოდ იშვიათი სახელი გახლდათ...
ზურიკომ, რა თქმა უნდა, იხუმრა, კიდევ კარგი „კარმენის“ პრემიერის დროს არ დაიბადაო, თორემ იქნებოდა კარმენ ანჯაფარიძეო.
პრემიერა რომ დამთავრდა, ყველა ყვავილმა, რაც მიართვეს ზურიკოს, კალათების ჩათვლით, გადაინაცვლა კამოს ქუჩაზე, სამშობიაროში...
დედიკოს მისალოცად ზურიკოსთან და ჯემალისთან ერთად ბატონი ოთარიც მივიდა...
ამის შემდეგ, ყოველთვის, პატარა ვიყავი თუ უკვე დიდი, ბატონი ოთარი რომ დამინახავდა, თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე და მეც მივვარდებოდი ჩასახუტებლად... რამდენჯერ სუფრაზე უთქვამს - ლელა და „მინდია“ ერთ დღეს არიან დაბადებულებიო...
ბატონი ოთარი იყო საოცარი პიროვნება - დახვეწილი, უაღრესად განათლებული, სადა, ინტელიგენტური... შინაგანადაც და გარეგნობითაც სხვანაირად ხიბლიანი და ელეგანტური...
მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ სახელმწიფოს არ ყოლია ასეთი კულტურული კულტურის მინისტრი...
ვაჟა-ფშაველამ ერთხელ თქვა, რომ თუ ადამიანი არის პატრიოტი, ის აუცილებლად არის კოსმოპოლიტი. რადგანაც ადამიანი, რომელსაც გულწრფელად უყვარს თავისი სამშობლო, სხვა სიმაღლიდან ხედავს მსოფლიოს...
ბატონი ოთარიც ასე იყო... მის მუსიკას დაყვება გამოკვეთილი ქართული პეწი და იმდენად ეროვნულია, რომ ინტერნაციონალურში გადადის...
მისი (და სულ ერთი მისხალი ჩემი) „მინდია“ ზეპირად ვიცი... თავის არიებ-გუნდიანად... შესანიშნავი ოპერაა...
დღესაც თვალწინ მიდგას დიდი პეტრე ამირანაშვილი, ჩალხიას როლში... ჩამოჯდებოდა ხოლმე მძიმედ ბუტაფორულ ჯირკვზე, ხელოვნური ხეებითა და ჩანჩქერებით მოხატული დეკორაციების ქვეშ და იწყებდა -
არწივი ვნახე დაჭრილი,
ყვავ-ყორნებს ეომებოდა,
ეწადა ბეჩავს ადგომა,
მაგრამ ვეღარა დგებოდა“... და უცებ ...
თითქოს ცოცხლდებოდა სცენა... მართლა ხედავდი ტყეს და ჯირკიც აღარ იყო ხელოვნური...
ყველამ ვიცით ვაჟას ეს ლექსი, მაგრამ ბატონი ოთარის ჰანგების თანხლებით ის კიდევ უფრო სხვანაირად ჟღერდა... კარგ და ლამაზ მუსიკას ბევრი რამე შეუძლია...
მე „მინდიას“ თითქმის ყველა წარმოდგენას დავსწრებივარ და არ მახსოვს არცერთი შემთხვევა, რომ დარბაზის ზეწოლის ქვეშ, ბატონ პეტრეს ეს არია განმეორებით არ ემღერა...
ბატონი ოთარი ამბობდა, რომ მინდიას პარტია ზურიკოზე ჰქონდა გათვლილი... ზურიკო მართლა ნამდვილი მინდია იყო... ნათელი, შეყვარებული, სუფთა...
მისი არიის კულმინაციის დროს კი, როდესაც ჟღერდა ვაჟას სიტყვები -
ბუნება მბრძანებელია,
იგივ მონაა თავისა,
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს,
ზოგჯერ მქმნელია ავისა
გაგაჟრიალებდა, სულ რომ ვერ იტანდე ვაჟას და მინდიას...
ცხოვრებაში მქონია საოცარი მომენტები, მაგრამ რამდენიმე იყო ჯადოსნური...
წარმოიდგინეთ ჩემი იმერელი ალე ბებიას გემრიელი ხელით გაშლილი სუფრა... თავისი „ფირმენი“ ხარჩოთი და წვრილკანიანი და ყველსავსე ხაჭაპურებით...
როიალთან ოთარ თაქთაქიშვილი, რომელიც აკომპანიმენტს უკეთებს...
ჰამლეტ გონაშვილს და ზურიკოს... ისინი დუეტში ასრულებენ ნაწყვეტს ბატონი ოთარის „ნიკოლოზ ბარათაშვილიდან“...
თქვენ არ იცით, მაგრამ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორ უხდებოდა და ავსებდა ერთმანეთს ეს 2 ხმა...
ბატონი ოთარი ლამაზი ადამიანი იყო... მის გვერდით შენც გრძნობდი, რომ ვალდებული ხარ შეესაბამებოდე და ამავე დროს უაღერსად თბილი და ტკბილი კაცი იყო...აბსოლუტურად უამბიციო, ურთიერთობებში უბრალო...
ძალიან მიყვარს მისი ულამაზესი მეუღლე, ქალბატონი ირა ჭირაქაძე... ისინი ნამდვილად უხდებოდნენ ერთმანეთს... 15 წლის ასაკში შეხვდნენ პირველად და 20 წლის ასაკში შექმნეს ოჯახი... ბატონი ოთარი თურმე გამოუტყდა ქალბატონ ირას - პირველი ნახვიდან შემიყვარდიო... პირველი ნახვიდან არ ვიცი, მაგრამ მე მახსოვს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ... ერთმანეთს განსაკუთრებით უფრთხილდებოდნენ და მე მგონი, ამ პირველმა შეყვარებულობამ არც გადაუარათ... იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე...
გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და გულის პირამდე სიყვარულით გადავსებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე