დღეს, 27 ივლისს, მსოფლიოს უმეტესი ნაწილის მოსახლეობა ცაში მიმდინარე საოცარი სანახაობის მომსწრე გახდება.
თბილისის დროით 21:14 საათზე დაიწყება მთვარის სრული დაბნელება. მოვლენა საქართველოდანაც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის სრული დაბნელებები ხშირად ხდება, ამაღამინდელი დაბნელება გამორჩეულია იმ მხრივ, რომ ყველაზე დიდხანს გასტანს 21-ე საუკუნის სხვა დაბნელებებს შორის.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. მარსი ცაზე ბოლო 15 წლის სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწევს.
მთვარე სრულად დაბნელდება, ანუ მთლიანად მოექცევა დედამიწის ჩრდილში. ამ დროს, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მოწითალო შეფერილობას მიიღებს.
სრული დაბნელების პერიოდი (დაბნელების მონაკვეთი, როცა მთვარე მთლიანად არის მოქცეული დედამიწის ჩრდილში) 1 საათსა და 43 წუთს გასტანს. როგორც წესი, მსგავსი დაბნელებები ერთ საათზე მეტხანს არ გრძელდება. დაბნელება პიკს 28 ივლისის 00:21 საათზე მიაღწევს და 03:28 საათზე დასრულდება.
შემდეგი ხანგრძლივი დაბნელება 2025 წელს მოხდება, მაგრამ მხოლოდ 1 საათსა და 22 წუთს გაგრძელდება.
მთვარის დაბნელება ხილული იქნება აფრიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ ამერიკიდან, აზიიდან, ევროპიდან, მათ შორის საქართველოდანაც.
გარდა მთვარის მოწითალო დაბნელებისა, საოცრად კაშკაშად გამოჩნდება მარსიც. წითელი პლანეტა ოპოზიციაში მოექცევა, ანუ მარსი და მზე ზუსტად დედამიწის აქეთ-იქით, საპირისპირო მხარეებზე მოექცევიან.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მარსი ძალიან კაშკაშა იქნება, იუპიტერზე მეტადაც კი. სიკაშკაშით სამჯერ გადააჭარბებს სირიუსს, ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს. მარსს ცაში სიკაშკაშით მხოლოდ მზე, მთვარე და ვენერა გადაასწრებენ.
მთვარის დაბნელების ასეთ ტიპს „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ, საინტერესოა, რას ნიშნავს?
დაბნელებისას მთვარე გარკვეულწილად მოწითალო ფერს მიიღებს, რაც მთვარის დაბნელებისთვის ზოგადად დამახასიათებელია, განსაკუთრებით ნაწილობრივი დაბნელებებისას. გამომდინარე იქიდან, რომ 27 ივლისის დაბნელება სრული იქნება, მთვარე პრაქტიკულად მთლიანად წითლად შეიფერება.
დაბნელების დროს, მთვარე დედამიწის ჩრდილქვეშ გაივლის და შესაბამისად, მზის შუქის უმეტეს ნაწილს ჩვენი პლანეტა დაბლოკავს. თუმცა, სინათლის მცირე ნაწილი მაინც გაივლის დედამიწის ატმოსფეროს გარე ნაწილებში, რასაც მთვარე აირეკლავს.
ატმოსფეროში კი მხოლოდ წითელი შუქი გაივლის. სწორედ ამიტომ გამოჩნდება დაბნელებისას მთვარე წითელი, რასაც ხანდახან „სისხლიან მთვარესაც“ უწოდებენ.
ამინდის პროგნოზის მიხედვით, მთვარის დაბნელების დროს საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე ცა მოწმენდილი იქნება. შეგიძლიათ უბრალოდ დატკბეთ უჩვეულო ასტრონომიული მოვლენის ცქერით და საოცარი ფოტოებიც გადაიღოთ.