ავტორი ალა გრიგალაშვილი
„მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმ გადაწყვეტილების სისწორეში, რაც გუშინ მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ „რეპორტიორს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მერაბ გაბინაშვილმა მოსამართლეების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. გაბინაშვილის თქმით, მამუკა ახველდიანის გათავისუფლება პირდაპირ დაკავშირებული იყო მენეჯმენტის არაეფექტურ განხორციელებასთან.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო არაეფექტური მენეჯმენტი. ნიშანდობლივია, რომ შეხვედაზე 100 მოსამართლიდან არ გამოჩნდა არცერთი, რომელიც იტყოდა, რომ მამუკა ახვლედიანის მენეჯერულმა სვლამ, ან რაიმე გადაწყვეტილებამ შვება მოჰგვარა მას, როგორც მოსამართლეს, რთული მუშაობის პროცესში.
ყველა მოსმართლემ დაადასტურა, რომ მამუკა ახვლედიანთან ურთიერთობა იყო ძალიან პრობლემური, გამომდინარე იქიდან, რომ ის პრაქტიკულად, არ იყო სამსახურში. ის არ წყვეტდა საკითხებს, რომლებიც აუცილებელი იყო მოსამართლეებისთვის. მოსამართლეებს არ ჰქონდათ მასთან კომუნიკაციის საშუალებაც კი. ამიტომაც მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ გადაწყვეტილებამდე", - განაცხადა გაბინაშვილმა.