სვანეთში 28 ივლისს, წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, რელიგიურ დღესასწაულს-კვირიკობას აღნიშნავენ, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და ბავშვების განკურნებას.
წმინდანების სახელობის ტაძარი, ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია XI-XII საუკუნეებით დათარიღებული, წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი, მათ შორის შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჯვარიცხოვლის ნაწილია ჩატანებული.
გადმოცემის თანახმად, წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს, კვირიკეს ზრდიდა. როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმინდა ივლიტა შვილთან ერთად გაიხიზნა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. თუმცა, წმინდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა, მმართველ ალექსანდრესთან დაასმინეს, მან კი დედა-შვილი აწამა.