logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სვანეთის სტიქიის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა
- +

28 ივლისი. 2018. 20:55

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის თქმით, სვანეთში მომხდარი სტიქიის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის ჭრა არ ყოფილა. მისი განმარტებით, ეს ფაქტორი ამწვავებს იმ შედეგს, რასაც კატაკლიზმები იწვევს, თუმცა, სვანეთის შემთხვევაში, ეს არაა სტიქიის უპირველესი გამომწვევი. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„სვანეთში სტიქიის გამომწვევი პირდაპირი მიზეზი ხე-ტყის კანონიერი ან უკანონო ჭრა არ ყოფილა. ასეთი მასშტაბის სტიქიები პერიოდულად, ხდება ხოლმე. ცხადია, ადამიანის ჩარევა ბუნებაში, გარემოში, ყოველთვის აძლიერებს იმ შედეგებს, რომელსაც ბუნებრივი კატაკლიზმები იწვევს.

 

ზუსტად ასეთი ფორმულირება ჰქონდა პრემიერმინისტრს, მამუკა ბახტაძესაც. მას არ უთქვამს, რომ ეს ხე-ტყის ჭრამ გამოიწვია. ვერტმფრენით ერთი გადაფრენითაც კი, ადგილზე ნათლად ჩანს, რამდენი სახერხი ქარხანაა ამ ხეობებში. მათი უმრავლესობა არაა ლიცენზირებული, არაა კანონიერი. გარკვეულ შემთხვევებში, ესაა მოსახლეობის რაღაც ნაწილის ბრალი, გარკვეულ შემთხვევებში - ესაა სახელწიფოს მიერ გამოწვეული. თუნდაც იმის გამო, რომ რაღაც რეგულაციები ვერ შევიმუშავეთ თავის დროზე. ხაიშის ტერიტორიაზე თითქმის შეუძლებელია, კანონიერად აწარმოო რაიმე საქმიანობა იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად მიჰყიდა ინდურ კომპანიას, Trans Electrica-ს.

 

თვითნებურად ჩვენ ამას ვერ შევცვლიდით. ეს საქმე ახლა საერთაშორისო არბიტრაჟშია და ჩვენ ნამდვილად არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც კანონის გვერდის ავლით იმოქმედებდა. ვიცით, რომ წინა ხელისუფლებისას ვიღაცას დაიჭერდნენ და პირიქით, აქეთ ახვეწნინებდნენ ხელისუფლებისთვის, - იჩუქეთ თქვენგან ნაყიდი მიწაო. ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით. დარწმუნებული ვარ, ეს სამართლებრივი ბრძოლა საქართველოს და სრულიად მოსახლეობის გამარჯვებით დასრულდება.

 

რა თქმა უნდა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯებიც გადაიდგა. ესაა თემა, რომლის რეგულირება, მოგვარება, კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა შეიძლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ეს ჩემი მიმართულება არ იყო, მე ამ საკითხში ყოველთვის ღრმად ვიყავი ჩახედილი. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საქმე იმ კუთხეს ეხებოდა, საიდანაც მე ვარ. აქ არაა მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. საქმე გვაქვს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პასუხისმგებლობის საკითხთანაც.

 

არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც ყოველთვის ურჩევნია, კანონის გვერდის ავლით იმოქმედოს. თუმცა, სრული თავდადებით ვამბობ, რომ იქ აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მატ თავი აქვთ გადადებული, რადგან ისეთ ადგილებში უხდებათ ხე-ტყის ჭრა, სადაც სიცოცხლის საფრთხეს შეიცავს ყოველი მათი გადაადგილება. როგორც ტყიბულის შახტში ყოველი ჩასვლა სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული, ისეა მათი საქმეც და შეიძლება, უფრო მეტადაც.

 

როცა ამას ემატება ის, რომ მათ აქვთ კანონის შიში, რომ ვინმემ არ შეამოწმოთ, ცხადია, მათ ძალიან უნდათ, რომ ეს ყველაფერი ლეგალურ ჩარჩოებში მოექცეს. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

26 ივლისს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტების შესასწავლად სოფელ ჭუბერსა და ხაიშში შევიდა. სამართალდამცველებს ადგილობრივებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს და ქვები და ჯოხები ესროლეს.

 

5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

 

სტიქიის ზონაში ჩასულმა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მაშინ თქვა, რომ ხე-ტყის ჭრის საკითხზე მთავრობის სხდომაზე იმსჯელებდნენ და რეგულაციების გამკაცრება დააანონსა.

 

ამასთან, ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობა შეურიგებელი იქნება ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში. ბახტაძემ ასევე თქვა, რომ ხე-ტყის ჭრა დღგ-სგან თავისუფლდება, რაც მისი თქმით ამ მიმართულებით დაინტერესებას შეამცირებს.

 

გუშინ საგამოძიებო სამსახურმა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner