საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა-ფშაველას სამკითხველო და ახალი სარეგისტრაციო სივრცე გაიხსნა. სამკითხველოში წარმოდგენილი იქნება ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებების უიშვიათესი, ავტორის სიცოცხლეშივე გამოცემული წიგნები და მისი ხელნაწერები, რაც დარბაზს მუზეუმის ფუნქციასაც მიანიჭებს.
მემორანდუმი ვაჟა-ფშაველას სამკითხველოს შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას „m2 უძრავი ქონება“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გასული წლის 7 პრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სარეგისტრაციო სივრცეც, სადაც ბიბლიოთეკის ვიზიტორები საშვების მიღებას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში შეძლებენ.
„ვაჟა-ფშაველას დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში აუცილებელი ამბავი მგონია. ამ აზროვნებისა და გაქანების ადამიანი ჩვენ ორი-სამი თუ გვყავდა და მისი სახელის ქვეყნის უპირველეს წიგნსაცავში შესაბამისი წარმოჩენა ძალიან მახარებს. მით უფრო მნიშვნელოვანი და სიმბოლურია ამ დარბაზის დამოუკიდებლობის დარბაზ-მუზეუმის სივრცეში გაჩენა - ვაჟა თავისუფლების უმთავრესი ქომაგია. სასიამოვნოა, რომ ამ ყველაფერს განახლებული რეგისტრატურაც ემატება და ეს ყველაფერი კერძო ბიზნესის ხელშეწყობით ხდება“, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.