8-9 მაისს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა 28-ე ტურის შეხვედრებს შემოგვთავაზებს. ტურის 6 შეხვედრა უკვე გაიმართა და ევროთასების საგზურები გაინაღდეს „სამტრედიამ" და გორის „დილამ". სამტრედიელებმა გასვლით მატჩში ფოთის „კოლხეთი" გაანადგურეს (3:0), გორელებმა კი სახლში „საბურთალოს" სძლიეს - 2:1.
თბილისის „დინამომ" ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაინაღდა ჩემპიონობა და ახლა ერთადერთი ინტრიგა ქართულ ფეხბურთს ისღა შემორჩა, თუ რომელი იქნება მეოთხე გუნდი, რომელიც საქართველოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმოადგენს. ამ უფლების მოსაპოვებლად ბოლნისის „სიონი" და საჩხერის „ჩიხურა" იბრძვიან. „ჩიხურა" სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ბოლნისელებს 4 ქულით უსწრებს, თუმცა იმისათვის, რომ საგზური მოიპოვოს, ცხრილში ადგილის შენარჩუნება და დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის „დინამოსა" და ბოლნისის „სიონს" შორის მატჩში დედაქალაქელთა გამარჯვება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ „ჩიხურა" „სიონს" საკუთარ მოედანზე დღეს, 17:00 საათზე უმასპინძლებს, თბილისის „დინამო" კი „გურიას" მიიღებს. ტურის სხვა შეხვედრები ამგვარად დასრულდა:
„დილა" (გორი) - „საბურთალო" 2:1
„დინამო" (ბათუმი) - „ლოკომოტივი" (თბილისი) 1:0
„ცხინვალი" - „შუქურა" (ქობულეთი) 5:0
„ზუგდიდი" - „მერანი" (მარტვილი) 3:0
„კოლხეთი" (ფოთი) - „სამტრედია" 0:3
„ტორპედო" (ქუთაისი) - „საპოვნელა" 4:1