„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე X ს-ის ჯვარპატიოსანის ეკლესიას 2018 წლის 8 მაისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
„ტაძარი დარბაზული ტიპის ნაგებობაა სამხრეთის მინაშენით (11,7×6,4 მ). აშენებულია ქვიშაქვის და ნიჩბისის ქვით კირ-დუღაბზე, თაღების და სხვა არქიტექტურული დეტალებისთვის გამოყენებულია შირიმი. ქვედა რიგებში გამოყენებულია დიდი ზომის ქვიშაქის ქვები, ზემოთ კი უფრო მცირე ზომის. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ქონდა. ჩრდილოეთის კარი მოგვიანებითაა ამოშენებული. ორივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან თაღოვანი. ტაძარი განათებული იყო აღმოსავლეთის და დასავლეთის თითო და სამხრეთის ორი სარკმლით. სარკმლები თაღოვანია, განიერი და შიგნითკენ ოდნავ გაფართოვებული. აღმოსავლეთის კედლის თავსართი შემკულია რელიეფით: გორაზე აღმართული სამი ჯვრის გამოსახულებით.
ტაძრის სიმაღლისკენ სწრაფვა უფრო საგრძნობი ხდება ინტერიერში. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდაა, რომლის ღერძზე ერთი სარკმელია გაჭრილი. მის ქვეშ ქვის ტრაპეზია. სარკმლის ორივე მხარეს მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აბსიდა დარბაზისგან ორმაგი მხრითაა გამოყოფილი, რომლის კაპიტელები და კონქის საბჯენი თაღის საწყისები შირიმის ქვაშია გამოკვეთილი. გრძივი კედლები თითო წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა გაყოფილი, რომლის კაპიტელებზე კამარის საბჯენი თაღი გადადის. ასეთივე ნახევარპილასტრებია დასავლეთი კედლის კუთხეებში. პილასტრების ქვედა საფეხურებიდან გრძივი კედლების დეკორატიული თაღები იშლება.
ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, მხატვრობა მხოლოდ საკურთხევლის სარკმლის წირთხლშია შემორჩენილი.
ეკლესიის სამხრეთი მინაშენიდან მხოლოდ საძირკვლის პირველი წყებაა შემორჩენილი. მინაშენი მთელ სიგრძეზე ეკვროდა ტაძარს, მასაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა.
ტაძრის სამხრეთით და აღმოსავლეთით 8-10 მეტრში გალავნის ნაშთი იკითხება.
ტაძარი გარდამავალი ხანის ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია, რომელსაც მრავლად აქვს ძეგლისთვის საჭირო მახასიათებლები: 1. პროპორციები, 2. არქიტექტურული დეტალების ფორმები და სიფაქიზე - ორსაფეხურიანი პილასტრები, კაპიტელები და თაღები, 3. მხატვრობის ფრაგმენტი, 4. რელიეფი, 5. სიძველე (ისტორიულობა)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.