შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გრძელდება ასევე ინციდენტში ჩართული პირების გამოკითხვაც.
„საქმეზე გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტით. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირებაში ჩართული ორივე მხარის გამოკითხვა ამ დრომდე გრძელდება“, - განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ადიგენის ორგანიზაციის თავმჯდომარის სიმონ პარუნაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ დეპუტატს ზურაბ შაინიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც სიმონ პარუნაშვილმა განაცხადა, ზურაბ შაინიძეს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ და მომხდარი შემთხვევითობას არ უკავშირდება.
საპირისპიროს ამტკიცებს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე. მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადება, თითქოს დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა, პროვოკაციაა.