ქართველ კინორეჟისორს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს და საქართველოს სახალხო არტისტს გიორგი შენგელაიას 11 მაისს 79 წელი უსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივითა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით, კინოთეატრ ,,რუსთაველი''-ს წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნება.
გიორგი შენგელაია 1937 წლის 11 მაისს თბილისში, ლეგენდარული ქართველი მსახიობის ნატო ვაჩნაძის და კინორეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას ოჯახში დაიბადა. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. არის რეჟისორი ფილმების: ,,ალავერდობა'', ,,ფიროსმანი'', ,,სიყვარული ყველას უნდა'', ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა'', ,,მიდიოდა მატარებელი"და სხვ. იყო კინოსტუდია ,,ქართული ფილმის" მსახიობი.
მან ქართული კინო ეროვნულ მასალაზე შექმნილი პოპულარული ჟანრებითაც გაამდიდრა. მას ეკუთვნის ვესტერნი „მაცი ხვიტია" მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები" და სათავგადასავლო ფილმი „ხარება და გოგია". გიორგი შენგელაიას მიღებული აქვს ამიერკავკასიისა და უკრაინის რესპუბლიკის კინოფესტივალის დიპლომი, ბერგამოს (იტალია) მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "დრაკონი" და ფიპრეისის დიპლომი, ჩიკაგოს მე-10 საერთაშორისო კინოფესტივალის დიდი პრიზი „ოქროს იუგო", დიდი ბრიტანეთის კინოსტუდიის პრემია, აზოლას საერთაშორისო კინოფესტივალის პირველი პრემია , ფინეთის ხელოვნების აკადემიის პრიზი, კინოხელოვნების საშუალებებით ესთეტიკური აღზრდის პრობლემებისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმის საპატიო დიპლომი , სახალხო მეურნეობის მიღწევათა საკავშირო გამოფენის ბრინჯაოს მედალი . შოთა რუსთაველის სახელობის პრემია და სხვა.