რუსთავში, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავი აღინიშნა. რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძემ, ქვემო ქართლის გუბერნტორის მოადგილე კახაბერ გუგეშაშვილმა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა სოფიკო ჯიქიამ, საკრებულოს წევრებმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გვირგვინებით შეამკეს დიდების ხეივანში არსებული გმირთა მემორიალი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალთან შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, ფაშიზმზე გამარჯვების დღე პირადად მიულოცეს და თავდადებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. ვეტერანებისთვის მემორიალთან 9 მაისისადმი მიძღვნილი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „ალავერდი" კონცერტიც გაიმართა.
9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებს პირად ანგარიშებზე მუნიციპალიტეტისგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო დაერიცხებათ. ვეტერანებს საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და ქალაქის მერის დავით ჯიქიას პერსონალური მისალოცი ბარათებიც გადაეცათ. ამ დროისთავის, რუსთავში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და მათთან გათანაბრებული სულ 120 ვეტერანი ცხოვრობს.
1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში 700.000-მდე ქართველი იბრძოდა.