logo_geo
eng_logo
ნოდარ ბროლაძე: დამცირებული ქვეყანა
- +

30 ივლისი. 2018. 19:46

 

 

დამცირებული ქვეყანა - ანუ ქაოსი რომელიც გრძელდება მოჩვენებითი სამყაროს დეკორაციების ფონზე.

 

დემოკრატია რომელიც მოუმზადებელ საყრდენზე შენდება, ვერ იქნება წარმატებული. ის იშლება ვითარც ბანქოს სახლი.

 

ყველგან სიბინძურე, წესიერების და სიკეთის გაქრობა, მდაბიოთა შემოტევა, ხელისუფლების წყურვილი, ძვირფასეულობის დაგროვების ვნებები, სტომაქზე ზრუნვა, უბადრუკი სიცრუე, კანონმდებლების და სხვა ჩინოვნიკების შეუმჩნეველი დანაშაულების სიჭარბე; გარშემო - ვალები, სიღარიბე, დამამშვიდებელი და თვალთმაქცური წივილი ნატოში შესვლის თაობაზე; სხვისი იდეალების მიმართ ბაცილით დაავადებული ახალი დროის გმირების ეგოიზმი, სასულიერო პირების გაუმაძღრობა, უიღბლო მმართველთა ხრიკები და ქველმოქმედების იდეების ქრონიკული არარსებობა.

 

უცნაური ექზალტირების მიღმა დამალულია უკმაყოფილება შერეული თვითკმაყოფილებასთან ერთად. წარმატებაზე უსაფუძვლო გათვლების გააზრება სახელმწიფო საქმიანობის იმიტაციის მცდელობასთან ერთად.

 

ამ ხალხის ცხოვრება განიცდის განახლებას ნებისმიერი არჩევნების წინ, როცა ხელისუფლების დაკარგვის საკითხი დგება ან არის საშიშროება უნაყოფო ფაციფუცის გაგრძელებისათვის ახალი შანსის დაკარგვის.

 

შეუძლიათ დაკლან დღისით-მზისით სკოლის მოსწავლე და მთელი წელი მოანდომონ დამნაშავეების გამოსავლენად. უაზროთ იმოგზაურონ ევროპაში და იქ იბრძოლონ „სტრატეგიული სამართლიანობისათვის“. შეუძლიათ მოკლან ამერიკელების ოჯახი და არც გაიგონ როგორ შეფასდება ეს ოკეანის მიღმა. ბანკებს შეუძლიათ უმწეო ხალხის სიამოვნებით ძარცვა.

 

ამას ხელისუფალნი ზოგჯერ იხსენებენ, განსაკუთრებით არჩევნების წინ. ეხლაც ეძებენ დამნაშავეებს. ახალი პრეზიდენტი არის ასარჩევი. ნებისმიერ პარტიაში ოხრად არიან უტვინოები, გაიძვერები და უსაქმურები. და შესაბამისად ბევრი კანდიდატია.

 

საქართველოში 28 წლის მანძილზე ქაოსი მეფობს - ჯერ აშკარა, მოგვიანებით „რეფორმებით“ შენიღბული. კონფლიქტები და შიდა მტრობა - ქვეყანა უმართავი გახადეს.

 

წარუმატებელმა და პრობლემურმა ეკონომიკამ შექმნა საყოველთაო დაბნეულობა და ტოტალური ნიჰილიზმის ატმოსფერო.

 

ოჯახები ვერ ქმნიან მისაღებ ზნეობრივ კლიმატს და მცირედაც ვერ ახერხებენ მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

მტრობა პარტიათა შორის და პიროვნული მტრობა სუფევს. სხვადასხვა დონის უნიჭო ლიდერები ზრუნავენ საკუთარ კარიერაზე ინიღბებიან რა „ცივილიზებულ ერების ოჯახში“ ვითომდა შესვლით.

 

ყველგან სუფევს ქურდობა და ცინიკური ცხოვრების წესის პროპაგანდა. მოჩვენებითი ფასეულობის დამკვიდრება ხდება საზღვარგარეთიდან დამამცირებლად გადმოგდებული ახალი გრანტების მისაღებად.

 

ვინც ასწავლის ბავშვებს და მოზარდებს თავად არის აღსაზრდელი. მყარი ზნეობრივი იდეების აშკარა დეფიციტია.

 

ზნეობის დაცემის და ცოდნის და წინაპართა გამოცდილების უარყოფის პირობებში აგრესიულობის ხარისხი მატულობს.

 

დემოკრატიული უფლებები შეიძლება გამოიხატოს პარლამენტის მიერ მარიხუანის მოწევის დაშვებაში. დაბოლილი ცნობიერება მოჩვენებით იმედებს შობს. შეხედულებები ახალი თაობის აღზრდაზე უშვებენ სოციალური განმუხტვის შესაძლებლობას ( თავად, სცემენ რა პატივს თავიანთ მოჩვენებით განათლებას, ამას რელაქსაციას უწოდებენ), მაგრამ რის ხარჯზე? ბნელი რეალობიდან დროებით თავის დაღწევით.

 

განათლება მიშვებულია - განათლების თანამედროვე სისტემაში ახალგაზრდობა ვერ ხედავს რაიმე საჭიროს და მიმზიდველს, განათლების მიზნები აზრს მოკლებულია.

 

ამ მიუღებელ ვითარებაში ადამიანები გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ სასტიკი ცხოვრება არ უტოვებს გადარჩენის შანსს.

 

ყველგან არარსებული მოჩვენებითი სამყაროს დეკორაციებია, რომლებიც ახალი ცხოვრების წარმატებად არიან წარმოდგენილი.

 

მატულობს გაღიზიანება ყველა პროფესიის და ასაკის ადამიანებში. ეს მდგომარეობა ყველას გადაედო. ადამიანი ცხოვრობს ზნეობის და ჰუმანური წარმოდგენების გარეშე. მიდრეკილება აღვირახსნილობისაკენ წახალისებულია გარეშე გავლენით.

 

ყოვლისდაშვებულობა, რომელიც თავს იჩენს ყველანაირი გადახრის პროპაგანდაში, დამღუპველია.

 

არათვითმყოფადი სახელმწიფო, რომელიც სულს ღაფავს, ცხოვრობს უცხოეთიდან ბიძგების ხარჯზე და ვერ უმკლავდება მათ, თვალთმაქცობს, გვაჯერებს,, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ის შეუძლებელია იყოს წარმატებული.

 

ტრადიციების და სულიერი მიღწევების ღალატის გამო, საზოგადოება აღმოჩნდა თვითმოტყუების ტყვეობაში!

 

როცა კრიმინალური გარჩევა და „ქურდული რომანტიკა“ უფრო იზიდავს ახალგაზრდებს, ვიდრე საკუთარი მომავალი, ეს სახელმწიფოს დაქცევაა.

 

ჩვენამდე ბრძენნი ამბობდნენ: ვინც წარმატებულია მეცნიერებაში, მაგრამ წარუმატებელია კეთილ საქმეებში, ის უფრო წარუმატებელია ვიდრე წარმატებული. ჩვენ არც მეცნიერება გვაქვს, არც კეთილი აზრები და არც განვითარების შანსი.

 

ბავშვების გახშირებული სიკვდილიანობა, მშობელთა დაუოკებელი უბედურება - პირდაპირი შედეგია ცნობიერების დეფორმირების, გამრუდებული გზის, შეცდომების ჩიხში ყოფნის. საზოგადოება თავად იქცა აგრესიულობის და უკიდურესი ცინიზმის გენერატორად. იქ, სადაც ადამიანის კეთილდღეობა არ გახდა კანონისათვის მთავარი, სიკეთეს ნუ დაველოდებით.

 

თავიდან დავსვათ კითხვა: თავისუფალია საქართველო თუ დამოკიდებული? ის თავისუფალია წამყვანის არჩევაში. ვინც მას წინ წაიყვანს. სად და რისთვის? ამაზე არ არის სჯა-ბაასი. მისი აწმყო და მომავალი განისაზღვრება ახალი მძღოლით. სადაც გაუხვევს ეს მძღოლი, იქით გაყვებიან მასზე მიბმული ქვეყნები.

 

საქართველო არის მისაბმელი, რომელიც ხმაურით მიყვება ტვირთმზიდს. მაგრამ შარა-გზაზე საქართველო არ დადის - ის დახეტიალობს გვერდით, სოფლის გზით. ასეთია მისაბმელის ბედი. მაგრამ ხომ არ შეიძლება პრეზიდენტის გარეშე. ის გვახსენებს, რომ სახელმწიფო არსებობს. როცა ჩამოვლენ საპატიო სტუმრები, ვინმემ ხომ უნდა ჩამოართვას მათ ხელი.

 

 

 

ნოდარ ბროლაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner