ავტორი თამაზ ჩიქვანაია
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა და როგორც გვჩვევია, საზოგადოება ორად გაიყო: - ერთნი ვაშას ძახილით ზეიმობენ, მეორენი თავში ხელებს იშენენ, არიქა დავიღუპეთო. რომ დავუკვირდი, ორივე მხარე მართალი უნდა იყოს. ნამდვილად არასწორად მიმაჩნია „პლანის“ მოწევისთვის ადამიანს შვიდი წელი მიუსაჯო, მაგრამ ვერც ამ დეკრიმინალიზაციამ აღმაფრთოვანა. თუ რატომ, ახლავე მოგახსენებთ. თამბაქოსთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია, ვიცით სად შეიძლება მოწევა და სად არა, პროპაგანდა აკრძალულია, მწეველთა ასაკობრივი ზღვარიც დადგენილია. თუმცა, არსად არ არის ნათქვამი, რომ თამბაქო და კანაფის ნაწარმი ერთმანეთთან გაიგივებულია და ეს რეგულაციები ორივესთვის საერთოა. მარიხუანასთან დაკავშირებით ჩვენში არანაირი კანონი არ მოქმედებს. სად წერია, რომ საჯარო და დახურულ სივრცეებში „პლანის“ გაბოლება არ შეიძლება? უფრო ის მაინტერესებს აქვთ თუ არა უფლება ნებიერად აფუილონ საბავშვო ბაგა-ბაღების აღმრზდელებს? ან სკოლის პედაგოგებს? ან ექიმებს? ან მატარებლის მემანქანეებს? ან მაშველებს? ან პატრულის თანამშრომლებს?
მინდა ვკითხო მოზეიმეებს, თქვენს შვილებს „დაბოლილმა“ პედაგოგებმა რომ ასწავლონ გინდათ? ან (ჯვარი გწერიათ) უბედური შემთხვევის გამო საავადმყოფოში მოხვედრილებს „ჩაკაიფებული“ ექიმები უკეთ მოგხედავენ? თუ ავტობუსის მძღოლი უკეთ ატარებს ტრანსპორტს ერთი „მასტირკის“ მერე? ქვეყანაში, სადაც არანაირი საკანონმდებლო ნორმები არ არსებობს, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციის ტოლფასი გამოდის. როგორ დავიჯერო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამას ვერ ხვდებიან! თუ საკითხს ასე მივუდგებით, ხომ შეიძლება ცხოველთა დაცვის რომელიმე არასამთავრობომ შეიტანოს საჩივარი ამავე ორგანიზაციაში და გარეული ცხოველების გალიიდან გამოშვება მოითხოვოს, რა, რუსთაველზე სეირნობის უფლება უნდა მივცეთ ლომებსა და ვეფხვებს?(ისე, გამოცდილება კი აქვთ წყალდიდობის მერე).
ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჯერ მარიხუანის მოხმარების რეგლამენტაცია ხდება და მხოლოდ ამის მერე დეკრიმინილიზაცია. ეს დალოცვილი მზე ყველგან თანაბრად ანათებსო და რატომ ბნელა ამ ჩვენს ქვეყანაში ასე დაუსრულებლად?!, რატომ ხდება, რომ მთელს მსოფლიოში წვიმა მოხნულ-დათესილ მიწებს ანაყოფიერებს, ჩვენთან კი უბრალოდ - ვსველდებით და ვილუმპებით?!
ეჰ, ჩემო დიდო ბატონო ილია - როგორც ვატყობ, კიდევ დიდხანს არ ეღირსება შენს ერს გაღვიძება!!!