ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელ „facebook"-გვერდის მეშვეობით, NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულ განსხვავებულ მოსაზრებებს ეხმაურება.
„NATO ჩვენი მიზანია, მაგრამ ამ თემით სპეკულირება პრევალირებს პრაგმატულ პოლიტიკურ სტრატეგიაზე. ერთი მხრივ, „ჩხავანა კატების" პოზიცია - გვინდა NATO და არიქა, შევედით (შემოგვიშვით) და ვაჩვენებთ რუსეთს სეირსო. არადა NATO-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არავისთან ომის მიზანი არ გვამოძრავებსო, არაო! მეორე მხრივ „ვითომ გულწრფელების" დაჩემება - არ გვიღებენ და აღარც რომ ვეშვებითო! მაშ საითაო აღარ ამბობენ, მინიშნებით - ჩვენი თავი ჩვენვე უნდა გვეყუდნოდესო და იქვე რუსეთისკენ იხედებიან. ამასაც ბოლომდე ვერ ამბობენ, ოკუპანტია მაინც! მესამე მხრივ, „პრაგმატები" და მათთან ერთად თავად NATO - ვთანამშრომლობთ უსაფრთხოებისათვის და სტანდარტების დაახლოებისათვის, უკეთესი გარემოების მოლოდინში, სტრატეგიულ რეჟიმში, ქვეყანაში სტაბილურობისათვის, მათაც ესმით რომ ტერიტორიები ოკუპირებულია, იქ რუსული ბაზებია, საომარი მოქმედებები დაუშვებელია, NATO-ს წევრობა „დღეს და ახლავე" დამაზიანებელია, მოლაპარაკებები აუცილებელი და მიზანიც მიღწევადია, ფაციფუცის გარეშე! ყველაზე რთული, მაგრამ სახელმწიფოებრივი მესამე პოზიციის რეალიზებაა, პირველი ორი უპერსპექტივო პოპულიზმია, ვფიქრობ, უკიდურესად დამაზიანებელიც", - წერს გიორგი ვოლსკი.