ნათია დუმბაძემ მცირე ხნის წინ აშშ-ში იმშობიარა, სადაც მისი მეუღლე, ბაჩო ბატატუნაშვილი ცხოვრობს. წყვილს მეორე შვილი შეეძინა, პირველი ბიჭი, დუდუ ჰყავთ.
როგორც ნათია აღნიშნავს, გოგონას დედობამ ძალია გამოასწორა და ყველა მავნე ჩვევაზე უარი ათქმევინა.
როგორი შეგრძნებაა გოგოს დედობა?
ნათია დუმბაძე:
უფრო სხვანაირი შეგრძნებაა, პირველი სხვა იყო, ახლა სხვაა. ათი წლის წინ შემეძინა პირველი შვილი, 19 წლის ვიყავი, პატარა და უფრო ვერ ვგრძნობდი. ამ ჯერზე მარტო ვიყავი, ერთი თვე სულ მარტო გავატარე ელეისთან ერთად და უფრო შევიგრძენი მასთან ერთად ყოფნის სიტკბო.
სახელი ვინ შეურჩია?
ეს არის ქალაქის სახელი, სადაც დაიბადა, ლოს ანჯელესი. ეს მეუღლემ მოიფიქრა, მე არა. ელენესთან ასოცირებული სახელია და დავარქვით ელეი. მეც ძალიან მომეწონა ეს სახელი.
რატომ დაიბადა ლოს ანჯელესში?
იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე ცხოვრობს და მუშაობს იქ და გადავწყვიტეთ, მეორე შვილი იქ გაგვეჩინა და ბავშვი ყოფილიყო ამერიკელი (იღიმის).
როდის გაემგზავრე?
როცა შვიდი თვის ფეხმძიმე ვიყავი, იქამდე ვმუშაობდი, არ მქონდა დეკრეტული და როგორც კი ავიღე, გავფრინდი. იქ ვიმშობიარე, ერთი თვე გავჩერდი და მერე ჩამოვიყვანე.
როგორი სამედიცინო მომსახურება მიიღე?
ქართველი ექიმებიც არ ჩამორჩებიან, მინდა გითხრა. განსხვავება უფრო ჰოსპიტალებშია, ექიმებით აქაც კმაყოფილი ვარ, როგორც ეს შვიდი თვე გამატარებინეს. აშშ-ში ჩემს მშობიარობაზე ექვსი მთავარი ექიმი ერთად შემოცვივდა, ეს იყო განსხვავება, ბუნებრივად ვიმშობიარე.
მეუღლე დაესწრო მშობიარობას?
კი, დაესწრო, რა თქმა უნდა, თავისი სურვილით. ისედაც მარტო ვიყავით და არ დამტოვებდა, ჭიპლარიც გადაჭრა.
აღნიშნე, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა გოგოს დედობა…
ძალიან მაგარია. რაც ჩამოვედი, სიმართლე გითხრა, დრო არ მქონია, რომ რაიმე ვიყიდო მისთვის (იცინის), ძირითადად, დედაჩემია ამ კუთხით დასაქმებული. პირველი გოგო შვილიშვილი ჰყავს და გიჟს ჰგავს, ის ყიდულობს ყველაფერს. აშშ-ში რაც მოვასწარი, შევუძინე.
სამსახურში უკვე გახვედი?
ეგრევე, როგორც კი ჩამოვედი. მეორე ფეხმძიმობის შემდეგ უფრო მალე ჩავდექი ფორმაში. ახლა საერთოდ არ მქონდა მომატებული, პირიქით, დავიკელი. ზოგადად, რეჟიმში ჩავდექი, ეგრევე სამსახური, სიმღერა, ბენდი… ამისთვის ორი კვირა დამჭირდა. მეხმარება ძიძაც და ჩემი დედამთილიც. მხოლოდ ძიძა არ მეყოფოდა.
დეფიციტი არ გაქვს ბავშვებთან ურთიერთობის?
სულ მაქვს. სამსახურში ვარ თუ საზღვარგარეთ, სულ ტელეფონში ვიყურები, ფოტოებსა და ვიდეოებს ვათვალიერებ. მაგრამ ზოგადად, როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ბავშვებთან ვატარებ. ვსეირნობთ ეზოში, ვაკის პარკში, დუდუსთან ერთად ხშირად დავდივარ სტუმრად, უყვარს კაფე-კაფე სიარული, კინოში…
როცა დისტანციაა ცოლ-ქმარს შორის, ალბათ, მონატრებაც დიდია…
მე ჩავდივარ ხოლმე, წელიწადში ორჯერ. ვითვლით, რამდენი დარჩა შეხვედრამდე, არის ხოლმე დიდი ამბები. ის სულ მუშაობს, მეც და ეს უფრო გვიადვილებს, ორი შვილი მყავს, ვინ მოაგვარებს პრობლემებს ჩემ გარდა? მეუღლე აქ არ არის, მის გარდა ოჯახურ საკითხებს ვინ მოაგვარებს? ასე რომ, თბილისში ყველაფერი მე ვარ. ჩემი ქმარი ჩემპიონს მეძახის. მამხნევებს, რომ არ მოვდუნდე.
წასვლაზე არ გიფიქრია?
კი, როგორც კი საბუთებს მოვაგვარებთ. წავალთ და ჩამოვალთ ხოლმე, ცხოვრებაც არ იქნება მოსაბეზრებელი, თუმცა სულ იქით ყოფნას არ ვაპირებ. თვითონაც არ უნდა სულ იქ. ახლა იძლებულია, როგორც კი საქმეებს დაალაგებს, მერე უკვე აქეთ-იქით ვივლით. ძირითადი სამსახური იქ ექნება და როგორც კი საშუალება ექნება დატოვების, მერე შეიძლება, ნახევარი წელი აქ ვიყოთ, ნახევარი – იქ.
კარიერის იქ მოწყობას ხომ არ ფიქრობ?
არა. ჩემი ბენდი აქ მყავს და არ ვაპირებ ბენდიდან წამოსვლას.
მეუღლეს მოსწონს შენი აქტიური ცხოვრება?
ძალიან. ასე რომ არ ვიყო, ალბათ, მისთვისაც არ იქნებოდა საინტერესო. თუ მოვდუნდები, არ მოსწონს. იქაც უნდოდა, რომ რაღაც მეკეთებინა, რადგან შეჩვეულია.
სახლის საქმეებს შენ აგვარებ?
არა, ჩემი დედამთილი.
შენს სასიმღერო კარიერიაში რა ხდება?
ვმუშაობ ბენდთან ერთად. უკვე მესამე წელია, არც ერთი კვირა არ ჩაგვიგდია, გამოვდივართ კორპორატიულ თუ სხვა სახის საღამოებზე. ბენდს ჰქვია „გრუვერსი“, რადგან რამდენიმე ახალი მუსიკოსი დაგვემატა. ასე ვთქვათ, რებრენდინგი განვიცადეთ (იცინის). სერიოზულად ვაპირებ მუსიკალური კარიერის განვითარებას.
შენი უფრო შვილი მღერის?
დუდუ მღერის და მინდა, რომ ამ მხრივ ჰქონდეს ნიჭი. პატარა არ ვიცი, რას იზამს. ისე ჰგავს მამას, თავიდან ბოლომდე, რომ არ ვიცი, რამდენად ექნება მუსიკალური მონაცემები.
კიდევ აპირებ გაჩენას?
ძალიან მინდა მესამე და გოგო ისევ. ოთხ-ხუთ წელიწადში გავაჩენ. პირველზე სქესი არ მაინტერესებდა, მეორე გოგო მინდოდა და ახლაც გოგო მინდა.
ახლა შენი ცხოვრების რა ეტაპია?
რთული, მაგრამ საინტერესო და ბედნიერი. გულით გეუბნები, რადიკალურად შემცვალა მეორე შვილმა. უფრო ბედნიერი გავხდი და უფრო ბევრ რამეს ვაკეთებ. მავნე ჩვევებს დავემშვიდობე. ძალიან გამომასწორა ამ ბავშვმა და არ ვიცი, რა მჭირს (იცინის). ორი რომ მყავს, უფრო მობილიზებული გავხდი. ყველგან შემოსავლის წყაროს ვეძებ. მეორეს მერე ასეთ განწყობაზე ვარ. ყველაფერი თავზე დამეცა, უცებ ისე შევვარდი და დავიქოქე…
ვწუწუნებდი მთელი ცხრა თვე ამ ორსულობაში, მაგრამ ვერაფერს ვჭამდი. მშობიარობის მეორე დღეს ვჭამე იოგურტი, არ უნდოდა ბავშვს, რომ მეჭამა და გავსუქებულიყავი. ახლა ვარჯიში დავიწყე…
ანუ არაფერი გაკლია ბედნიერებისთვის…
ალბათ, ჩემს მეუღლესთან ერთად ყოფნა. სანატრელი ეს მაქვს და ჯანმრთელობა. კიდევ ბევრი რამ მინდა, მაგრამ ეს ორი მთავარია. მაქვს ოცნებები, დუდუს ხატვის დიდი ნიჭი აქვს და მინდა, ისწავლოს აშშ-ში, იქ გააკეთოს ყველაფერი. აქ რომ დავტოვო, გავაფუჭებ და იქ მგონია, დიდ წარმატებას მიაღწევს.
ამ ყველაფერთან ერთად მოგზაურობასაც რომ ასწრებ?
ახლახან ჩამოვედი ბარსელონადან. ერთი თვე ჯანსაღ კვებაზე ვიყავი, დილით დარეკავდა თაკო დოლაბერიძე, ჯაბა ქარსელაძესთან გვეპატიჟებოდა და ის გემრიელ კერძებს ამზადებდა. ჩემმა გოგოებმა მთელი ბარსელონა დაათვალიერეს, მე კი ყოველ საღამოს ჯაბასთან ვიჯექი. სამდღიანი მოგზაურობა იყო, მაგრამ ძალიან კარგი. ერთი წელი ყველაფერს ჩამოვრჩი და ვაპირებ, ამ ზაფხულს ავინაზღაურო.