logo_geo
eng_logo
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას მზია თოდუა შეასრულებს
- +

2 აგვისტო. 2018. 15:31

 

იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საბჭოში გამართულ ბრიფინგზე სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა.

 

„დღეს დილიდან გავრცელდა განცხადება, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ჩემთვის ეს განცხადება იყო სამწუხარო და მოულოდნელი. მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო ქალბატონ ნინოს“, - განაცხადა მიქაუტაძემ.

 

კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ნინო გვენეტაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს მხრიდან ზეწოლის საკითხს, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ მიმდინარე მოვლენები და პოლიტიკით დაიტვირთოს სასამართლოს სისტემა.

 

„ეს ნამდვილად არ არის ასე. იცით, საბჭოს სხდომებიდანაც, რომ გარკვეულ თემებზე გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა ბოლო პერიოდში ჩვენი ხედვები მაქსიმალურად დაახლოებული იყო. ჩვენ გადასული ვიყავით საქმიანობის კონსტრუქციულ რეჟიმში. ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებებიც ამაზე მეტყველებს, რომ თითქმის ერთსულოვნად იყო საბჭო ყველა საკითხის მიმართ განწყობილი. ეს აგრეთვე დადასტურდა სტრატეგიის შესრულების წლიური ანგარიშის მიხედვით და თუ არ ვცდები, თავმჯდომარემაც გააკეთა ამაზე კომენტარი", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

 

რაც შეეხება პროცედურებს, გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს ნინო გვენეტაძის მოადგილე მზია თოდუა. მისი თქმით, ის არის სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე და ამავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არყოფნისას ის ასრულებს მოვალეობას.

 

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას, ამ ფუნქციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი მდივანი, გიორგი მიქაუტაძე შეასრულებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner