logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა კომისიის დაწყების შემდგომ, არ შეესაბამება სიმართლეს
- +

3 აგვისტო. 2018. 13:54

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა კომისიის დაწყების შემდგომ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს.

 

კომისიის წევრი ოთარ კახიძე დაინტერესდა, არის თუ არა დასაწყები გამოძიება იმის დასადგენად, მირზა სუბელიანი იყენებდა თუ არა პირად ნაცნობობას და სამსახურებრივ მდგომარეობას გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით. „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ასევე ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ საქმის მთავარმა გამომძიებელმა ირაკლი ფიფიამ კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ არ იცნობდა მირზა სუბელიანს, მაშინ როდესაც, აღმოჩნდა, იმ დროისთვის 12 სატელეფონო საუბარი ჰქონდათ განხორციელებული სუბელიანთან.

 

გიორგი გახარია არ თვლის, რომ შს სამინისტროს გამომძიებელმა კომისია მოატყუა.

 

„ეს არის თქვენი ამოცანა და ჩვენ ველოდებით თქვენი კომისიის რეკომენდაციას და დასკვნას. თქვენ შეიქმენით იმისთვის, რომ დაადგინოთ, ჰქონდა თუ არა მსგავს ფაქტებს ადგილი - ეს ერთი. მეორე, თქვენი ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენ უნდა ავიღოთ ახლა ფიფიას მიერ ყველა მშობელთან განხორციელებული ზარი და ყველგან დავიწყოთ გამოძიება. ამიტომ ხართ თქვენ შექმნილები და ნება იბოძეთ, დაასრულეთ ეს კომისია, გააკეთეთ სათანადო რეკომენდაციები ან დასკვნები და მერე გავაგრძელოთ ამაზე მსჯელობა. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, ის დაკავებულია და მასთან მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. გამოძიება გრძელდება, თუ გამოვლინდა გამოძიების პროცესში ის ფაქტები, რომელზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაწყებულია და თქვენ არ დაგიწყიათ ეს და ნუ ბრძანებთ იმას, რომ მირზა სუბელიანის დაკავება მოხდა თქვენი კომისიის დაწყების შემდგომ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირი მანდ არ ყოფილა. თქვენს ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ნუ ანაწილებთ სხვაზე. თქვენ ხომ გინდოდათ ეს კომისია, ამიტომ შეიქმენით, ეს არის თქვენი მანდატი.

როდესაც უსვამთ შეკითხვას იცნობდით თუ არა, იმ დღეს შეეძლო გაეცნო ყველა სხვა მშობელიც. რაც შეეხება მირზა სუბელიანის გავლენას, მე სხვა მშობლებში იქ ბევრად უფრო გავლენიანი ხალხი ვიცი, თქვენ თუ არ იცით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner