logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: 2018 წლის რეიტინგში საქართველოს მაღალი პოზიცია ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია
- +

3 აგვისტო. 2018. 16:18

 

„ევროპის სავაჭრო პალატის შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე EFTA-ს წევრ ქვეყნებთან. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის რეიტინგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე“, - განაცხადა საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ „ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ წლის რეიტინგის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპის 46 ქვეყანას შორის. ამასთან, საქართველოს რეიტინგი წინა წელთან შედარებით 2 ადგილით გაუმჯობესდა.

 

ევროპის სავაჭრო პალატა შეფასების წყაროდ  მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთებისა“ და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ რეიტინგის მონაცემებს იყენებს. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ ორი პარამეტრის ერთობლიობით გაკეთებული რეიტინგში კარგ პოზიციაზეა.

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ისეთი ქვეყნების ჩამონათვალშია, რომლებიც ევროპის კარგი ბიზნესგარემოს ქვეყნებად ითვლება. ასე რომ, ვფიქრობ, აღნიშნული შეფასება ევროპელი ინვესტორებისთვის საკმაოდ კარგი სიგნალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები როგორც ევროკავშირთან, ასევე EFTA-ს წევრ ქვეყნებთან“, - აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა.

 

ამასთან, ირაკლი ლექვინაძის აზრით, მსგავსი ტიპის რეიტინგები პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე:

 

„როგორც წესი, ინვესტორებისთვის მსგავსი რეიტინგები საინტერესოა და  ისინი ამ ტიპის შეფასებებს ეყრდნობიან. განსაკუთრებით ეს ეხება იმ ბიზნესკომპანიებს, რომლებიც ევროპის სავაჭრო პალატასთან არიან დაკავშირებულები“.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner