თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის ბრალდებული ზ. თ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით.
გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ ზ. თ. ბრალდებულ ტ. მ.-ს ძმას გაეცნო, როგორც პროკურატურის თანამშრომელი, დაარწმუნა თითქოს ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და დაპირდა, რომ 10 000 აშშ დოლარის და 10 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ ტ. მ.-ს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდებოდა პატიმრობიდან. დაზარალებული მოქალაქე ტ. მ. დათანხმდა მოთხოვნას და სრულად გადაუხადა ზ. თ.-ს მოთხოვნილი თანხა, რასაც ზ. თ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ზ. თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი უკანონო ფაქტების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციას.