– თუ მიშა მიხეილია, მაშინ რატომ არ არის გრიშა გრიხეილი? – დიდი ხანია, ისმის ეს საჭირბოროტო კითხვა ჩვენს ცნობისმოყვარე დროში, თუმცა კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.
სხვა გრიშებისა არ ვიცი, მაგრამ ეს გრიშა (ვაშაძე) გრიხეილი არა, მაგრამ მიხეილი (სააკაშვილი) ნამდვილად არის.
სწორედ მიხეილში უდგას მას სული, იქიდან არის ამობიბინებულ-ამოულვაშებული და გრიშა-გრიხეილი რასაც ამიერიდან გააკეთებს, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, ყველაფერი მიშა-მიხეილთან იქნება შეთანხმებულ-შეწონასწორებული.
არ მოხდება ეს ამბავი, მაგრამ ერთი წუთით დავუშვათ, რომ ბატონი გრიშა მართლაც გახდა საქართველოს პრეზიდენტი.
იცით, რას გააკეთებს ის პირველ რიგში?
რას გააკეთებს და მიხეილ სააკაშვილს ყველა დანაშაულს ჩამოაწერს, საქართველოს მოქალაქეობას დაუბრუნებს და ზარ-ზეიმით ჩამოაბრძანებს მისგან გაუპატიურებულ-გაბახებულ ქვეყანაში.
ეს არის ის უმთავრესი ამოცანა, რაც ვაშაძის გაპრეზიდენტების მიღმა იმალება.
რამდენიც არ უნდა ითვალთმაქცონ, რამდენიც არ უნდა იბრაგუნონ მკერდში მუშტები – პატრიოტები ვართ ჩვენ და მხოლოდ ქვეყნის ბედზე ვწუხვართო, ყველანი, ვინც 17 ივლისს ბაგრატის ტაძართან იმ სამარცხვინო აქციაზე იყვნენ შეკრებილნი, ნაცმოძრაობის და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებას უჭერდნენ მხარს, რაც ავტომატურად ნიშნავს ქვეყნის არევ-დარევის, უმართავი პროცესების და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებას.
თუმცა ამ ადამიანებს ეს ამბავი ნაკლებად აღელვებთ.
მათთვის მთავარია, როგორც პოეტის ქალიშვილმა ბრძანა, როგორმე დაითრიონ პრეზიდენტის პოსტი, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს იმ შავბნელი ზრახვების განხორციელებას, რაც სააკაშვილს და მის ბანდას დიდი ხანია, ჩაფიქრებული აქვთ.
აქციის წამყვანმა პოეტის ქალიშვილმა რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისე, როგორც მისთვის, ასევე იქ შეკრებილი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთთან რაიმეთი დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური პერსონა.
კი, მაგრამ, ვინ არის გრიგოლ ვაშაძე, თუ არა მთელი თავისი ცხოვრებით და პოლიტიკური საქმიანობით რუსეთთან პირდაპირ ჭიპით მიერთებული სუბიექტი?
ვნახოთ მცირე ამონარიდი ვაშაძის ბიოგრაფიიდან.
გრიგოლ ვაშაძე:
ლ სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО, КГБ-სა და ГРУ-ს საკურატორო);
ლ ხსენებული ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში წამყვან თანამდებობაზე;
ლ მოგვიანებით მუშაობა განაგრძო სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატომური შეიარაღებისა და კოსმოსის განყოფილებაში (КГБ-სა და ГРУ-ს საკურატორო);
ლ 1988–1990 წლებში, მუშაობის პარალელურად, გრიგოლ ვაშაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის მსმენელია (КГБ-სა და ГРУ-ს საკურატორო);
ლ 90-იანი წლების პირველ ნახევარში გრიგოლ ვაშაძე საბჭოთა კავშირის დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა შვეიცარიაში, მრჩევლის სტატუსით, ამ სტატუსით კი მოღვაწეობდნენ მხოლოდ სპეცსამსახურებიდან წასული დიპლომატები.
ლ 2008 წელს (რუსეთის საომარი აგრესიიდან მალევე) მან წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის მაშინდელ კულტურის მინისტრს და სთხოვა საქართველოს დღეების ჩატარება მოსკოვში, რაც თავისთავად უცნაური ფაქტი იყო:
მიუხედავად იმისა, მექნება თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი, ჩემი რუსეთი მუდამ ჩემთან დარჩება და მე მას ვერავინ წამართმევს.
გრიგოლ ვაშაძე დიდხანს ცდილობდა, როგორმე შეენარჩუნებინა რუსეთის მოქალაქეობა.
მხოლოდ მაშინ, როცა მიხვდა, რომ რუსები მოქალაქეობას წაართმევდნენ, დაასწრო და თვითონ დაწერა განცხადება რუსეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ, თუმცა ამ გმირულ აქტს იქვე მოაყოლა შემდეგი კომენტარი: მე რუსეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა კი საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით მივიღე. რუსეთის მოქალაქე ვარ და არა რუსეთის ხელისუფლების, – ასეთი პასუხი გასცა ვაშაძემ გაზეთ კომერსანტს.
– ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია! გრიგოლ ვაშაძე უკვე გამარჯვებულია – მოდი და ჩაიბარე პრეზიდენტის პოსტი! – აღტაცებულ-აფოფინებულნი გაჰკიოდნენ აქციის მონაწილეები და სიმშვიდეს უფრთხობდნენ მრავლისმომსწრე და მრავლისმნახველ ბაგრატის ტაძარს.
– რაის გამარჯვებული ეგ არის?! მაგან ვისზე უნდა გაიმარჯვოს? ეს საერთაშორისო დონის დიპლომატი ქუთეისის მერის არჩევნებზე პირწმინდად დაამარცხა ჭიღვარიამ, რომელსაც პოლიტიკური განათლება ბაღისკიდის მიდამოებში აქვს მიღებული. ქუთეისში ვერ გაიმარჯვა და საქართველოში გაიმარჯვებს ეგ საბრალო? – დააკომენტარა ვიღაცამ სოციალურ ქსელებში.
თქმით კი ამბობენ, მაგრამ გამარჯვების იმედი გულის სიღრმეში ალბათ არც გრიგოლ ვაშაძეს აქვს და არც მის მომხრეებს.
მაშინ რა უნდათ და რას იფხორებიან?
რა უნდათ და საპრეზიდენტო არჩევნების გამოყენება უნდათ არეულობის და დესტაბილიზაციის გამოსაწვევად, რომ ამ ქაოსის და დაპირისპირების ფონზე მხოლოდ პრეზიდენტის პოსტი კი არა, ქვეყანა დაითრიონ.
ერთხელ ხომ დაითრიეს 2003 წელს, ახლა მეორედაც უნდათ დაითრიონ, აწ უკვე სამუდამოდ და სამარადისოდ.
ეს არის ის გენერალური გეგმა, რომლის ავტორიც, დიდი ალბათობით, მიხეილ სააკაშვილია, რომელსაც, როგორც ჩანს, მტკიცედ სჯერა, რომ ის, რაც ერთხელ უკვე გაკეთდა 2003 წელს, მეორედაც არის შესაძლებელი.
რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად, კაცი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ქარიზმა, არ გააჩნია პოლიტიკური ლიდერისთვის აუცილებელი და სავალდებულო არც ერთი შტრიხი, არ აქვს პოპულარობა ამომრჩევლებში, არ აქვს მაღალი კი არა თუნდაც საშუალო რეიტინგი, სამაგირეოდ, ნაცმოძრაობის და მისი ბელადის მიერ შემუშავებული გეგმის განსახორციელებლად აუცილებელი ისეთი მძლავრი იარაღი, როგორიც არის ძალიან მჭიდრო კავშირები ერთი მეზობელი სახელმწიფოს იმ სტრუქტურებთან, რომლებსაც თუნდაც საქართველოს მაგალითზე არაერთხელ დაუმტკიცებიათ, თუ რა სახიფათო და ყოვლისშემძლე ძალას წარმოადგენენ.
საქართველოს ჰყავს ერთი მოუშორებელი ჭირი, რომელიც ბედისწერასავით აედევნა ჩვენი ქვეყნის არსებობას და მის წინსვლას და განვითარებას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნის.
ამ ჭირს თავის დროზე წითელი ინტელიგენცია უწოდეს, თუმცა ეს სახელწოდება მთლად ზუსტი არ არის – უფრო მართებული იქნებოდა, ადამიანთა ამ კატეგორიისთვის წითელი ინტელიგენცია კი არა, წითელი ელიტა გვეწოდებინა.
კომუნისტებს ჰაერივით სჭირდებოდათ ასეთი ელიტარული საზოგადოების არსებობა, რადგან სწორედ ეს ელიტა იყო მათი ზურგის გამმაგრებელი, მათი იდეოლოგიის მთავარი ფარი და მეხამრიდი.
კომუნისტები, რომლებსაც ეხერხებოდათ არაფრისა და არარაობისგან რაღაც ფსევდოღირებულების შეთითხვნა და შეკოწიება, ხშირად ხელოვნურად ქმნიდნენ ავტორიტეტებს მეცნიერებისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგებში.
ჩემს თაობას კარგად ახსოვს, როგორ ძერწავდნენ კომუნისტები რომელიმე საშუალო ან საშუალოზე დაბალი ნიჭის ადამიანებისგან ბრწყინვალე პოეტებს, მწერლებს, რეჟისორებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმისადმი ლოიალური და მაამებლური დამოკიდებულების სანაცვლოდ განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდნენ და სასათბურე პირობებში ცხოვრობდნენ.
კომუნისტური ეპოქის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარ საქართველოს სულ რაღაც ერთ წელიწადში სწორედ ამ ელიტამ ჩასცა ზურგში ლახვარი.
კრიმინალებთან, ბანდიტებთან, კაცისმკვლელებთან შეკრულმა ამ ელიტამ შეუწყო ხელი სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას და ქართველთა შიდა ომს, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მათ მოძმეთა სისხლით აქვთ ხელები მოსვრილი…
მათ სინდისზეა ქართული სახელმწიფოს დანგრევა და ისიც, ამ ნანგრევებიდან დღემდე რომ ვერ გამოვსულვართ.
აი, ამ გმირულ საქმეებსაა საკუთარ თავს დიდ დამსახურებად რომ უთვლიან და ამ დამსახურებათა გამოა დღემდე რომ ითხოვენ განსაკუთრებულ პატივს და დიდებას, განსაკუთრებულ სტიპენდიებს, კომფორტულ ყოფას, ვარსკვლავების გახსნას, მათი სახელების უკვდავყოფას და ა. შ.
სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს მარაზმი, ეს ცინიზმი?
რატომ გამახსენდა ეს ამბავი მაინცდამაინც ახლა, ბაგრატის ტაძართან გამართული ამ უმსგავსო და უტიფარ აქციაზე საუბრისას?
რატომ გამახსენდა და იმიტომ, რომ ამ აქციამ, თავისი პათოსით, თავისი სინტაქსით, თავისი სულისკვეთებით თვითონვე გამახსენა 90-იანი წლები, როცა ელიტის ფარისევლობით და ზუსტად ასეთი ფარისევლობით და დემაგოგიით ითხოვდნენ დიქტატურის (!) დამხობას, იმაზე კი არ ფიქრობდნენ, ქვეყნისთვის რა კატასტროფული შედეგებით შეიძლებოდა ყოველივე ეს დამთავრებულიყო.
როგორც 17 ივლისს გაირკვა, ელიტას ზნე და ხასიათი არ შეუცვლია.
ის ახლაც მზად არის, იგივე გააკეთოს, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში გააკეთა და მიზნის მისაღწევად ყველაფერი იკადროს – მოიტყუოს, იცრუოს, ცილი დასწამოს, ხალხს თვალში ნაცარი შეაყაროს, შავი თეთრად გაასაღოს და პირიქით.
ისინი 17 ივლისსაც ხშირად ახსენებდნენ სიტყვა სამშობლოს, თუმცა მათ სამშობლო არც არასდროს ყვარებიათ და არც ახლა უყვართ – სამშობლო მათთვის აღებ-მიცემობის საგანია მხოლოდ, ის ასპარეზია, სადაც მათი პატივმოყვარეობა, მათი ნარცისულ-ეგოისტური ინსტინქტები, მათი კონფორმისტულ-მეშჩანური სურვილები ბოლომდე უნდა კმაყოფილდებოდეს.
კომუნისტური ეპოქიდან მოყოლებული, დღემდე ისინი თვლიან, რომ საქართველო მათი პირადი ტერიტორიაა, სადაც მათ გარეშე, მათი ნება-სურვილის და მათი თანხმობის გარეშე არაფერი არ უნდა ხდებოდეს, არაფერი არ უნდა იცვლებოდეს.
დაბოლოს, არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეექმნას ვინმეს, თითქოს გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურას მხოლოდ იმიტომ ვიწუნებდე, რომ ის წლების განმავლობაში რუსეთში მუშაობდა და რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი იყო.
რუსეთში მუშაობა და რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან სიახლოვე კი არ არის მიუღებელი, არამედ ის, როცა თითქოს რუსეთის დაუძინებელი მტერი ხარ და ამ დროს, არ არის გამორიცხული, მის დავალებას ასრულებდე.
გრიგოლ ვაშაძეზეც ეს ეჭვი მაქვს, მით უმეტეს, როცა კარგად მახსოვს ცნობილი გამოთქმა ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ.
ვახტანგ ხარჩილავა